„ქართული ოცნების“ ლიდერშიპის მხრიდან პოლიტიკაში ჯერ არ შემოსული გიორგი გახარიას მიმართ ტონი უფრო მკაცრდება. გახარიას არაპრინციპულობას უწუნებენ. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში მერყევი ადამიანის ადგილი არ არის და გახარიას გუნდი არანაირი „ქართული ოცნება 2“ არ არის.
სოზარ სუბარი კი აცხადებს, რომ გახარიას გუნდმა თავიდან სხვა რიხით დაიწყო, ბოლო პერიოდში კი რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ ვარიანტი „ბ“, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა.
ყოფილი თანაგუნდელების უარყოფითი შეფასებების მიუხედავად, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გიორგი გახარიას მიმართ მიზიდულობა შეიძლება გააღვივოს ლევან ვასაძის ექსტრემისტულმა ლოზუნგებმა და გახარია შეიძლება გადაიქცეს რადიკალიზმისგან შეშინებული ამომრჩევლის თავშესაფრად. ამდენად, პოლიტიკაში შემოსული გიორგი გახარია მასტაბილიზებელი როლის მორგებას უნდა შეეცადოს.
რამდენად მომგებიანია გიორგი გახარიასთვის ბიძინა ივანიშვილთან აფილირება და, სოზარ სუბარის სიტყვებით თუ ვიტყვით, „ქართული ოცნების“ ვარიანტ „ბ“-დ თავის წარმოჩენა?
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, გახარიას გუნდმა რეგიონებში გასვლისას ადგილობრივი მოსახლეობა მართლაც დააჯეროს, რომ ისინი არიან „ქართული ოცნება 2“, ანუ ივანიშვილის „ბ“ ვარიანტი. გახარია არავითარ შემთხვევაში არ დაარტყამს ივანიშვილს, ის არ მოიქცევა, როგორც სააკაშვილი, რომელიც, მართალია, შევარდნაძის ბუდიდან გამოფრინდა, მაგრამ მერე დაარტყა შევარდნაძეს და მისი ჩაძირვა დაიწყო. ასევე მოიქცა ბურჯანაძე, ჟვანია.
„გიორგი გახარია ამას არ გააკეთებს. პრაქტიკულად, ყველა, ვინც კი წამოვიდა „ქართული ოცნების“ არა კოალიციიდან, არამედ „ქართული ოცნების“ პარტიიდან (ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი), თითქმის არავინ არ ურტყამს ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილის წინააღმდეგ მხოლოდ „ქართული ოცნების“ კოალიციიდან გამოდიან, აქ ვგულისხმობ „რესპუბლიკური პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატების“ ნარჩენებს, სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან და აკრიტიკებენ ივანიშვილს, მაგრამ საკუთრივ „ქართული ოცნების“ პარტიიდან წამოსული ხალხი ივანიშვილის კრიტიკაში არანაირად არ მონაწილეობს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილისთვის რთული სათქმელია, რამდენად მომგებიანია გახარიასთვის ივანიშვილის ალტერნატიულ გეგმად საკუთარი თავის წარმოჩენა. ამას მომავალი დაგვანახებს, თუმცა ფაქტია, გახარიას რაიმე განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმა, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, არ გააჩნია.
„გახარიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება იყო წმინდა ტაქტიკური. რით დაიწყო განხეთქილება? გახარია არ დაეთანხმა, მელიას დაკავების ოპერაცია წარმართულიყო იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მოხდა და, რამაც კრიზისი გაამწვავა. გიორგი გახარიამ თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ მიმართ თქვა, „მე თქვენ დაგამთავრებთ“. როგორც მახსოვს, ის თავიდან იყო მკაცრი ზომების მომხრე, მას სურდა, 20-21 ივნისის მოვლენები ბოლომდე მისულიყო, ეს საქმე გამოძიებულიყო და სახელმწიფო როგორც უნდა იქცეოდეს, ისე მოქცეულიყო. აქამდე კი არ გაჭიანურებულიყო მელიას დანაშაულის ძიება, არამედ სწრაფად ემოქმედა სახელმწიფოს და მელია დროულად წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. ამის ნაცვლად „ოცნებამ“ რა გააკეთა? ჯერ ივანიშვილი გამოვიდა და პროპორციული არჩევნების თემა შემოაგდო, ვითომ ეს პოლიტიკურად განმუხტავდა სიტუაციას, შეიძლება, ეს ასეც მომხდარიყო, მაგრამ პარალელურად 20-21 ივნისის ამბოხი დაუსჯელად არ უნდა დარჩენილიყო“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.
მისი აზრით, ეს ტიპური ამბოხი იყო, დაახლოებით ისეთივე, კაპიტოლიუმში რომ შეიჭრნენ, მაგრამ იქ სწრაფი რეაგირება მოხდა. ამასთან დაკავშირებით დავით ზარდიაშვილს ჯაბა იოსელიანის ნათქვამი ახსენდება, დემოკრატია ლობიოობა არ არისო. მისი თქმით, 2019 წლიდან, ანუ ამ ამბოხების შემდეგ ორი წელი გავიდა და საქმე ბოლომდე არ გამოძიებულა. ამერიკაში ორი წლის განმავლობაში რომ ყოფილიყო დავა, კამათი იმის შესახებ, სწორი იყო თუ არა კაპიტოლიუმში შეჭრა, იქაც უარესი მოხდებოდა.
„საქართველოში ეს პროცესი გაიწელა, ამას ობიექტური მოცემულობა აქვს, ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნია საკმარისი შესაძლებლობა და, როგორც ამერიკაში მოხდა, ისე ვერ გავაკეთებდით. საბოლოოდ კი გიორგი გახარიას მოსთხოვეს მელიას დაპატიმრებაზე პასუხისმგებლობის აღება, რაზეც მან უარი თქვა. თორემ გახარიას იდეოლოგიური პროგრამა, პლატფორმა ეს არის მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულება, სწორედ ასეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის გახარია, შეიძლება ცოტა უფრო მემარჯვენეც იყოს. ამიტომ ჯერჯერობით იმის თქმის საფუძველი, რომ უკეთეს გუნდს შემოიკრებს გახარია, არ გვაქვს. მე რასაც ვუყურებ, ირაკლი კობახიძის გარშემო ახალგაზრდების ჯგუფს, შალვა პაპუაშვილს, ნიკა სამხარაძეს, ისინი საკმაოდ სოლიდურები არიან. ხოჯევანიშვილებთან და ძველ გუბერნატორებთან მათი შედარება არ შეიძლება. ქართული პოლიტიკური პარტიების ისტორია რომ წარმოვიდგინოთ, „ქართულ ოცნებას“ აქვს გიგანტური წინსვლა ამ თვალსაზრისით. აქამდე არც ერთ პარტიას ეს არ გაუკეთებია, რომ კლიენტელიზმიდან გადაქცეულიყო სერიოზულ პარტიად. ეს პროცესი არ არის დასრულებული. უბრალოდ, ირაკლი კობახიძეს ლიდერობას უწუნებენ, რადგან ის არ არის ქარიზმატული ფიგურა, როგორც წარმოგვიდგენია პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ის გერმანულად რაციონალურია, რადგან გერმანიაში აქვს ნასწავლი და მისი სადოქტორო ეხება პარტიების სამართალს, მან კარგად იცის, როგორ უნდა შექმნას დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტია და ამას აკეთებს. თუ შევადარებთ დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობას წინა პარლამენტს, აშკარაა, რომ აქცენტი გაკეთებულია ინსტიტუციონალურ გაძლიერებასა და პარტიის რაციონალურ პოლიტიკაზე“,-მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.