ქართველი სპორტსმენები, მწვრთნელები და მსაჯები უცხოეთის ქვეეყნებს ხშირად სტუმრობენ. ჩვენებური განსაკუთრებული მენტალიტეტის გამო სხვადასხვა სახის „გაუგებრობებში“ ხშირად ეხვევიან.
ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ქართველები რუსულ ენასთან ცოტა არ იყოს მწყრალად იყვნენ. ეს დღეს არის ჩვენმა ახალგაზრდებმა საყველპურო ინგლისური რუსულზე გააცილებით კარგად რომ იციან.
ცნობილი ქართელი ფეხბურთის სპეციალისტი ელგუჯა გუგუშვილი ერთხელ დიდი ილიჩის ენის უცოდინარობის გამო დიდ შარში გაეხვა. ამ „სახალისო ისტორიას“ ბატონი ელგუჯა ხშირად იხსენებს და დღვანდელი „სპორტული მოგონებების“ პირველი სტუმარი ის გახლავთ.
„90-იანი წლებია. სტუდენტურ შრომით სემესტრში ტაშკენტში გავემგზავრე ბამბის საკრეფად. აულიდან მოშორებით დავბანაკდით სახელდახელო საცხოვრებელში.
ერთი იქაური აულელი ბიჭი დამიახლოვდა და დამიძმაკაცდა - იბატ ალაფადევი. მართლაც კარგი ბუნების ადამიანი აღმოჩნდა. გვერდიდან არ მშორდებოდა და ისე შემეჩვია, სულ მეუბნებოდა, ძალიან მინდა დაგინათესავდე და ჩემს დას გაგატან ცოლადო.
ერთ დღეს არ გამოცხადდა იბატა, არც მეორე დღეს მოვიდა და შეშფოთებული, მესამე დღეს აულისკენ წავედი. მაინტერესებს კაცო, იქნებ რა მოუვიდა! მივედი იმათ დასახლებაში. სიჩუმეა, სიჩუმე და სიცხე. გარეთ არავინ ჩანს. ყველა საცხოვრებელი ქოხი ერთნაირია. კიდევაც რომ იყო ნამყოფი, მაინც აგერევა.
ერთი ქოხიდან სანდომიანი გარეგნობის რუსული ყაიდის ქალი გამოვიდა და ინტერესით შემხედა.
-ვი კტო? - მეკითხება.
- ია, გრუზინ... უ ვას ვკამანდიროვკე... „ბამბუ“ საბირაემ.
- ჩტო? ჩტო საბირაეწე?
- ბამბუ - ვუმეორებ.
- ჩტო ხოშეშ? - ვერაფერი გაიგო ქალმა.
- ია იბატ ხაჩუ - იბატ - ავუხსენი მორიდებით.
- დურაკ! - შეიცხადა შეშინებულმა ქალმა და ქმარიც გამოვარდა. ტუალეტში ყოფილა. გამიქანა ფიცრის ნატეხი ყბაში და ერთი თვე ფაფის მეტს ვერაფერს ვჭამდი“.
ქართველებს რუსის დიაცების მიმართ ისტორიულად განსაკუთრებული „სიყვარული“ ახასიათებთ. ახლო წარსულში პოპულარული საფეხბურთო არბიტრი მევლუდ მიმინოშვილი რუსულ ენას კარგად ფლობდა, მაგრამ იქაურ „სუსტი სქესის“ არსებებთან ურთიერთობაში ერთხელ „სერიოზული მარცხი“ განიცადა.
„1976 წელია. მსაჯების შეკრებაზე გახლდით სოჭში. ერთი დღეა და რეკავს ტელეფონი.
- მევლუდ ვი, და? - მესმის უნაზესი ხმა - მიმინოშვილი... მოკლედ, ქალი მირეკავს, შორიდან გიცნობ, ძალიან მომწონხარ და სამ საათზე ცირკთან გელოდები. სხვაში რომ არ აგერიო - წითელი კაბა მაცვიაო.
დაუჯერებელი რა და რატომ უნდა ყოფილიყო? დათქმულ დროს ცირკთან ვიდექი. სოჭში წითელკაბიან ქალებს ვინ გამოლევს! მაგრამ არც ერთი ახლოს არ მოდის. გადის 10-15-20 წუთი... არა და არა, არც ერთი წითელკაბიანი ჩემკენ არ იხედება.
მოვბრუნდი გულდაწყვეტილი სასტუმროში და ჩვენი ბიჭების ფხუკუნზე მივხვდი, რაც „ჩამიტარეს“. ისიც ამოვიცანი, ვინ იკისრა ეს, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. სამაგიეროს გადახდა - ეჭვი რომ არ აეღო, სამომავლოდ გადავდე. ათი დღის შემდეგ ჩემს ნაცნობ ოფიციანტ ქალს დავარეკინე იმ ტიპთან ანალოგიურ ამბავში... „წამოეგო“, სულ არ ახსოვდა ჩემი ინციდენტი. „დაიტანჯე ისე, როგორც მე იმ დღეს“, - იყო ჩემი ჩანაფიქრის დევიზი.
გავიდა „სვიდანიაზე“ ეს ჩემი კოლეგა და დგას. რა თქმა უნდა არავინ მიდის. დაეღალა ტრიალით თავი და კისერი. მე შორიდან ვუთვალთვალებ და წასვლას რომ აპირებდა, ჩემი „გეგმის“ მეორე პუნქტი ავამოქმედე.
მიუახლოვდა „ნაცნობობით დაქირავებული“, საკმაოდ მთვრალი, ლოყაღაჟღაჟა აჯაჯულ-დაჯაჯული რუსი ქალი:
- ვი, პარენ, მენია ჟდიოწე და? - მიადგა „პრიმას“ ქაჩვით.
კაცმა ერთი კი ახედ-დახედა ამ ბომჟ ქალს, ფუუ!-ო - და მოუსვა დიდი სიჩქარით. გგონიათ ვერ მიხვდა, ვინც „გაუჩალიჩა“? მაგრამ სიტყვა არ დასცდენია.“
ცნობილი ქართველი ფალავანი რამაზ ნოზაძე საერთაშორისო ასპარეზზე კომუნისტური დროის გადავარდნის შემდეგ გამოვიდა. წესითა და რიგით, ახალი თაობის ჩვენებურ სპორტსმენებს უცხოეთში ცხოვრებისას პრობლემები არ უნდა შექმოდათ, მაგრამ ყბადაღებული ქართული მენტალიტეტის გამო სასაცილო სიტუაციებში არაერთხელ ხვდებოდნენ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას რამაზ ნოზაძე შემდეგნაირად იხსენებს:
„2003 წელია. ფინეთში ვართ ასპარეზობაზე მოჭიდავეები. მართალია, კომუნისტური რეჟიმი დიდი ხნის გასული იყო, მაგრამ კაპიტალისტურ ქვეყნებში მაინც გოიმებად ვგრძნობდით თავს და იქაური წესები ნაკლებად ვიცოდით საქართველოში გაზრდილმა ბიჭებმა.
კვების საკითხი ფინეთში „თავისებური“ იყო. აგიხსნით. დიდი მაგიდა („შვედურ მაგიდას“ ეძახდნენ), რაზეც ეწყო სპორტსმენებისთვის განკუთვნილი საკვები, რძის და ხორცის პროდუქტები, ნაირგვარი ბოსტნეული და ნუგბარი-ტკბილეული. თურმე წესია, რომ რიგში ჩამდგარმა სპორტსმენებმა ამ მაგიდიდან უნდა აიღონ თავიანთთვის სასურველი ულუფა და მიირთვან მერე სხვა მაგიდებთან.
ვდგავართ რიგში, რომ ჩვენ-ჩვენი პროდუქტი ავითვისოთ და რას ხედავს ჩვენი თვალები. ერთ-ერთი ქართველი მოჭიდავე საიდანღაც მოტანილ სკამზე ზის ხონთქარივით ამ მაგიდის ზუსტად შუაგულში. თავადივით გაუშლია მხრები და ჩვენს დანახვაზე ფრიად გაიხარა:
- ბიჭებო, აქეთ, აქეთ! - გვიქნევს ხელს დიდი ამბით.
- მოშორდი, ბიჭო, მაქაურობას! - დაუძახა რომელიღაც ჩვენგანმა.
- რატომ მოვშორდე? - გაუკვირდა მას. კარგი სუფრაა, მშვენიერი პურმარილია და სად უნდა წავიდე?! იშოვეთ სკამები და შემომიერთდით, ვიქეიფოთ, მაგის დედა არ ვატირე?!
ძლივს „ავატყავეთ“ სკამიდან გულდაწყვეტილი და გაოცებული ჩვენი დარდიმანდი თბილისელი „ყარაჩოღელი“.
დღევანდელი „სახალისო ისტორიების“ ბოლო გმირი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე გახლავთ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბატონი მანუჩარი ალკოჰოლის დიდი მტერია და ამ ფაქტორის გამო თავის დროზე მწვანე მინდორზე დასამახსოვრებელ წარმატებებს მიაღწია.
ერთ მშვენიერ დღეს, თბილისში, მანუჩარ მაჩაიძეს „ტრადიციის“ დარღვევა მოუწია და ახლადშეძენილ მეგობრებთან ერთად კარგად მოულხინა. ალბათ უმჯობესია ამ შემთხვევის შესახებ თავად ფეხბურთელმა მოგვითხროს.
„მოარული აზრი, რომ „დინამოს“ ფეხბურთელებს სმა უყვარდათ - ძალიან გაზვიადებულია... არიან და იყვნენ ბიჭები, რომლებიც ისე სვამდნენ, რომ თვით განთქმულ კახელ თამადასაც კი „ჯიბეში ჩაისვამდნენ“, მაგრამ ეს „პროცედურა“ თუ პროცედურები წარსულს ჩაბარდა. თანაც, თავდადებით ვიტყვი, რომ ასეთი რამ ვარჯიშის და მითუმეტეს მატჩის წინ არასდროს მომხდარა. ისე კი - სასმელი იმიტომაა, უნდა დაილიოს. ქართველს ვერ გადააკეთებ - ვაზის ძირში დაბადებულს და გაზრდილს.
უნდა მოგახსენოთ, რომ სასმელისგან ძალიან შორს ვარ. იშვიათად თუ დავლევ, ისიც ხათრის და „ეტიკეტისთვის“. ყველა თანაგუნდელი დამემოწმება, რომ მთვრალი მანუჩარ მაჩაიძე არავის უნახავს.
ერთხელაც, გოგირდის აბანოდან გამოვედი. მიცნეს „მეიდნელმა“ ფანებმა.
- ბატონო მანუჩარ. - მოკრძალებით მომიახლოვდა და მომმართა ერთმა ღიპიანმა. ცივი შამპანური არ... ზედაც მწვად-ხინკალი-რა! გვიკადრე რაა!
ფეხბურთის გარდა ხომ შეიძლება ჩემს მომავალ თაობას სალაპარაკო ჰქონდეს - „მანუჩარი, ჩვენი ფეხბურთელი, თავის დროზე ღვინოსა და შამპანურს დიდი რაოდენობით სვამდაო“. წარმოვიდგინე ეს ყველაფერი, ყელი მოვიღერე, „ტრადიცია“ დავარღვიე და გაუპრანჭავად ვთქვი:
- აბა, მოიტანეთ შამპანური, შემივსეთ და მერე მე ვიცი!
ასეა... ჩათრევას ჩაყოლა ჯობია (იმ დღის გაგრძელება აღარ მახსოვს).