ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე დასავლეთის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ძირითადი ნაწილის გაუქმებაზე შეთანხმდნენ.
„ძირითად პუნქტებზე შეთანხმება მიღწეულია. დასავლეთის წარმომადგენლებმა ძირითადი სანქციების გაუქმების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. საუბარია სანქციებზე, რომლებიც ეხება ნავთობს, ნავთობქიმიურ პროდუქციას, გადაზიდვებსა და დაზღვევას, ასევე ირანის ცენტრალურ ბანკს. ახლა მოლაპარაკებები ზოგიერთ უმნიშვნელო საკითხზე მიმდინარეობს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
19 მაისს ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები ირანის გამარჯვებით დასრულდება.
19 მაისს ვენაში ირანის ბირთვული შეთანხმების სრულად აღდგენის საკითხზე ირანისა და „ხუთეულის“ (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი და საფრანგეთი) ერთობლივი კომისიის სხდომა დასრულდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მხარეებმა კარგ პროგრესს მიაღწიეს.