მელიას სააკაშვილის სექტა არ ემორჩილება, ენმ გაყოფის საფრთხის წინაშე დგას

მელიას სააკაშვილის სექტა არ ემორჩილება, ენმ გაყოფის საფრთხის წინაშე დგას

რა ხდება რეალურად „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რატომ წელავს პარტია პარლამენტში შესვლის ან არშესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას? ახლა ყველა ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილის კიევში შეხვედრის საბოლოო გადაწყვეტილებას ელის, საიდანაც ბოლოს და ბოლოს უნდა გაირკვეს, პარტია შევა თუ არა პარლამენტში.

ერთი შეხედვით, მელიასა და სააკაშვილის შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა, ეს - ერთი შეხედვით... სინამდვილეში ციხიდან გამოსულ მელიას პარტიის შიგნით სრული ქაოსი და არეულობა დახვდა. ე.წ. სექტის მიმდევრები, რომლებიც მხოლოდ სააკაშვილს ემორჩიელებიან, კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ პარტია პარლამენტში შევიდეს. სანდო წყარო for.ge-ს უყვება, რომ მელიას პარტიის შიგნით ის ფლანგი, რომელიც სააკაშვილს ბელადად აღიარებს, მელიას მომხრეების ჯგუფს უპირისპირდება. ასე რომ, პარტია ორად გაყოფის საფრთხის წინაშე დგას. არსებობს მხოლოდ ორი სცენარი, პარტია შედის პარლამენტში, ან არ შედის და ვინ ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, პარტიიდან სალომე სამადაშვილის მსგავსად მოიკვეთება. ცალკე პრობლემას კი ე.წ. პარტიის ბობოლები ანუ პარტიისთვის ფულის შემწირველი ბიზნესმენი დეპუტატები წარმოადგენენ - კახა ოქრიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი და სხვ. დამფინანსებლები იმუქრებიან, რომ თუ ენმ პარლამენტში არ შევა, ისინი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

მელიას მომხრეები კი თვლიან, რომ სანამ სააკაშვილი თავის კარიერას კიევში ანადგურებდა, მელიას რეიტინგი პარტიაში იზრდებოდა და საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის ციხეშიც ჩაჯდა. სააკაშვილი კი მელიაზე ეჭვიანობს და შიდაპარტიულ აჯანყებებს უწყობს. როგორც წყარო გვიყვება, სწორედ არჩევნების მეორე დღეს სააკაშვილმა მელიას პირდაპირ ეთერში გუბაზ სანიკიძეც კი მიუგზავნა და მისი შემოწმება სცადა, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდა. ახლა მელიას კიევში ჩასვლის რეალური მიზეზი ისაა, რომ სააკაშვილის ე.წ. სექტის მიმდევრები დაარწმუნოს, რომ მათ შორის დაძაბულობა არ არსებობს და გადაწყვეტილებებსაც ერთნაირად იღებენ. მელიას არ შესწევს იმის ძალა, რომ სააკაშვილს შეეწინააღმდეგოს, რადგან ენმ-ის ძირითადი ელექტორატი მხოლოდ სააკაშვილის რესურსია. თავის მხრივ, სააკაშვილს მელია სჭირდება, რომელიც დამყოლია, თუმცა სააკაშვილისგან განსხვავებით მშიშარა არ არის. ნებისმიერ დროს, როცა მელია სჭირდება, კარგადაც იყენებს და თან, მის მოსათოკად ე.წ. სექტის მიმდევრებს იყენებს.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ის რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, სრული პარადოქსია, რადგან პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც პარტიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა იყოს, პარტიის წევრები არ ემორჩილებიან და არ შესწევს იმის უნარი, რომ წარუძღვეს. ამისთვის მას კიევში ჩასვლა და პარტიის დეფაქტო მმართველისგან ნებართვის აღება სჭირდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, შევიდეს ენმ პარლამენტში თუ არა.

„პარტიის თავმჯდომარე არის ფიგურა, რომელიც პარტიაში ლიდერი უნდა იყოს, ახორციელებდეს მენეჯმენტს და იღებდეს კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. შესაძლოა, მას მრჩეველი ჰყავდეს, მაგრამ პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ ლიდერია, მაგრამ მასზე წინ ვიღაცაა, საკუთარ თავს ხარაკირს უკეთებს, ეს კატასტროფაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა სულელი არაა და კარგად მიხვდნენ, რომ ქუჩა მათთვის სარგებელი ვერ იქნება და გაცილებით უკეთესია პარლამენტში შევიდნენ, ამიტომაც ქუჩის ოპოზიციად დარჩენა პარტიის ამ ნაწილს აღარ სურს.

თუმცა იქ არის მეორე ნაწილი, რომლებიც ე.წ. მონური სინდრომიდან ვერ გამოდიან და მზად არიან სააკაშვილს საფლავამდე ჩაჰყვნენ. ეს დაპირისპირება შესაძლოა, პარტიას დაშლადაც კი დაუჯდეს. მეორე საკითხია ფინანსებთან დაკავშირებული დაპირისპირება. პარტია საკმაოდ მდიდარია, დიდი დაფინანსება აქვს, ხოლო ხალხი, რომლებსაც ქუჩა აღარ აინტერესებს და 6 თვე წარმოუდგენელ კრახს ადევნებდნენ თვალს, გაბრაზებულები არიან და სააკაშვილმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, პარლამენტში მაინც შევლენ. ამიტომ ენმ დიდი პრობლემების წინაშე დგას“, - ამბობს ნიკოლეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება საკმაოდ გამწვავდა. ეს კი საგრძნობია, როგორც საჯარო სივრციდან, ასევე შიგნიდან გამოსული ინფორმაციითაც. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს რეალურმა ბელადმა სააკაშვილმა, პარტიის ნაწილი პარლამენტში მაინც შევა. ის ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი პოლიტიკური მომავალი სასწორზე დგას და ქუჩაში დარჩენა განადგურების მეტს არაფერს უქადის, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მით უმეტეს - ის ადამიანები, რომლებიც პარტიას სოლიდური თანხებით აფინანსებენ.

„ველი, რომ ენმ-ის სიიდან ნაწილი შევა და არ არის გამორიცხული ეს დეპუტატები, როგორც სალომე სამადაშვილი გამოეყო, ასე გამოეყონ და თავიანთი პოლიტიკური მომავალი სხვა ფრაქციებში ჰპოვონ. ველი რომ ენმ-ში ცვლილებები იქნება და აქაც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - თუ სააკაშვილს ის ჯგუფი ჩამოშორდება, რომელსაც მისი კარნახის ქვეშ მოქმედება აღარ სურს, ვის გარშემო გაერთიანდებიან? - იქნება კი ეს მელია, რომელიც თავისი უპრინციპობით გამოირჩევა, თუ ახალი მიზიდულობის ძალა გაჩნდება? ეჭვი მეპარება, მელიამ შეძლოს და სააკაშვილს წინააღმდეგობა გაუწიოს. ის პარტიის რეალურ რეორგანიზაციას ვერ შეძლებს. ამის უფლებას ჯერ არც სააკაშვილი მისცემს და არც ის ხალხი, რომლებიც პარტიაში მხოლოდ სააკაშვილს ემორჩილებიან და მისი დაარსების დღიდან იქ არიან. სრული პროგნოზის დადება ძალიან რთულია, რადგანაც სააკაშვილის პროგნოზირება წარმოუდგენელია. ის არის არაადეკვატური ადამიანი, რომლის თავში რა შეიძლება მოიხარშოს, არავინ იცის“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.