უმუშევრობა საგრძნობლად გაიზარდა, პანდემია ვითარებას წელსაც გააუარესებს

უმუშევრობა საგრძნობლად გაიზარდა, პანდემია ვითარებას წელსაც გააუარესებს

2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5 პროცენტი შეადგინა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 4 წლის წინათ იყო. საქმე ისაა, რომ არც მიმდინარე წელი იქნება ამ თვალსაზრისით უკეთესი, რადგან პოსტპანდემიურ პერიოდში კერძო სექტორს არანაკლებ გაუჭირდა, ვიდრე შარშან. შემოსავლებისა და მსყიდველუნარიანობის დაცემა ნეგატიურ გავლენას წლის ბოლომდე მოახდენს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წელს სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით.

დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.8 პროცენტული პუნქტით. 2020 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 2.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით.

წინა წელთან შედარებით 2020 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისის, ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონებში, შესაბამისად 3.8, 2.8 და 1.1 პროცენტული პუნქტით, აღნიშნული მაჩვენებელი უცვლელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში უმუშევრობის დონის კლება ფიქსირდება.

უმუშევრობის ზრდაზე დიდი ხანია საუბრობენ კერძო სექტორში. როგორც მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძე რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, ეპიდემიური პრობლემა ყველაზე მეტად სწორედ კერძო ბიზნესს შეეხო და მათ განვითარებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

„პანდემიის გამო ბიზნესს ძალების აღდგენა ძალიან უჭირს. იკლო დასაქმების დონემაც, დაახლოებით 18%-ით, საიდანაც ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორი დაზარალდა. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გამოიკვეთა, ფულია საჭირო, რომ სწრაფად მოხდეს აღდგენა. მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით არასაკმარისია.

შეზღუდვები თითქმის მოიხსნა, მაგრამ არ ვიცით, რა გველის მომავალში, ისევ როდის დავიკეტებით. 100 ათასი აქტიური საწარმოდან 30 000 უკვე დაიხურა, ძალიან მძიმე რეალობაა, წინა ხაზზე მომუშავე ბიზნესი პრაქტიკულად ყველა განადგურდა. დასაქმების მინიმუმ 18%-იანი შემცირებაა ჩვენს სექტორში“, - განაცხადა ჭელიძემ.

მაშინ, როდესაც კერძო სექტორს ძალიან უჭირს და უამრავი ბიზნესი უბრალოდ სულს ღაფავს, სახელმწიფო ბიუროკრატიას კიდევ საერთოდ არ უგრძვნია პანდემიით გამოწვეული კრიზისი. ამან კი შეიძლება დიდი პრობლემა შეუქმნას ეკონომიკას.

ეკონომისტი რამაზ გერლიანი ხაზს უსვამს, რომ ბიუროკრატია არანაირ ოპტიმიზაციას არ მიმართავს არც ხარჯების და არც კადრების ნაწილში.

„კერძო სექტორი მძიმე მდგომარეობაშია. მთავრობა ვერ აღიქვამს ამ რეალობას ან არ სურს დაინახოს. როგორც კი ბიზნესი აღმოჩნდება გაუსაძლის სიტუაციაში, დიდი დრო არ დასჭირდება, რომ მისი კრიზისი ბიუროკრატიისთვისაც აღმოჩნდეს გადამდები. ამდენი სიდუხჭირე მთლიანად საზოგადოების განწყობაზეც იმოქმედებს ნეგატიურად. ამან შეიძლება ძალიან დაგვაზარალოს. ბიუროკრატია ისევ გალაღებულია და საერთოდ არავინ ფიქრობს ოპტიმიზაციაზე“, განაცხადა გერლიანმა.

აღნიშნავია, რომ 2020 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (43.9 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (7.3 პროცენტი), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის დაბალი მაჩვენებელი.