ლარი ბოლო დღეებია მყარდება და დიდი ხნის შემდეგ, პირველად 30 მარტის შემდეგ კურსი ორშაბათს 3.40-ს ჩამოსცდა. ლარის გამყარება დროში კომენდანტის საათის გადაწევას დაემთხვა. ეკონომიკის სრულფასოვნად ამუშავების მოლოდინმა დადებითი ეფექტი იქონია.
ის, რომ უკეთესის მოლოდინი გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს, ამას მთავრობის წევრებიც ადასტურებენ. მინისტრების განცხადედებში უკვე იგრძნობა, რომ ისინი არათუ ლარის დასტაბილურებას, არამედ გამყარებასაც ელიან. ეს პროცესი დაწყებულიცაა. ბოლო 10 დღეში კურსი 3,45-დან 3,39-მდე ჩამოვიდა და ტენდენცია გრძელდება.
„მგონია, რომ ლარზე ეკონომიკაში გაჩენილი დადებითი მოლოდინი პოზიტიურად აისახება“, - ასეთი პროგნოზი აქვს ფინანსთა მინისტრს ლარის კურსთან დაკავშირებით. დადებით მოლოდინად კი ლაშა ხუციშვილმა დაასახელა რეგულაციების შემსუბუქება, ტურიზმის აღდგენა და ეკონომიკური ზრდის ტემპი.
„შეზღუდვების ნებისმიერი შემსუბუქება და ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშირებული, პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე. ეკონომიკასთან მიმართებით ყოველდღიურად ხდება შემსუბუქება. გადაწყდა, რომ კომენდანტის პერიოდი შემცირდა.
თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკური აღდგენის ტემპს, რომელიც ბოლო პერიოდში იმაზე უკეთესია, ვიდრე მოლოდინი იყო წლის დასაწყისში და იმ ვითარებას, რაც ტურიზმის გახსნის პერსპექტივასთან გვაქვს, დადებითი ტენდენცია აშკარაა“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი კვლავ ტურიზმის იმედზეა. მისი აზრით, რაც უფრო სწრაფად აღდგება ეს დარგი, მით უფრო მეტად გამყარდება ეროვნული ვალუტაც. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებაც, რომელიც შეზღუდვების შემსუბუქებას ეხება, სწორედ ამ ჭრილშია განსახილველი.
„ქართული ლარის დასტაბილურება დამოკიდებულია უცხოური ვალუტის შეუფერხებელ შემოდინებაზე ქვეყანაში. ყველაზე მეტი ვალუტა შემოაქვს ტურიზმს, ასე იყო ტრადიციულად და ისტორიულად. 2019 წელს 3,3 მლრდ დოლარი შემოვიდა ამ გზით. რაც უფრო სწრაფად აღვადგენთ ტურიზმს, მით უფრო მეტად გამყარდება ჩვენი ვალუტა. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
იგივე მოსაზრებას იზიარებენ საქართველოს ეროვნული ბანკში. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ადასტურებს, რომ ამჟამად ლარის კურსზე მოქმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტურიზმის აღდგენაა.
„ტურიზმის აღდგენა ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ლარის კურსზე ახდენს გავლენას. ქვეყანაში გაცვლითი კურსის ჩამოყალიბება დიდწილად შემომავალი და გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობაზეა დამოკიდებული.
2020 წელს ტურისტული შემოდინებები თითქმის ნულამდე დავიდა და ქვეყანამ დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. რა თქმა უნდა, თუ ამის ნაწილობრივი აღდგენა მაინც მოხდება წელს, ეს დადებითი იქნება. ჯამურად ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას ლარის გაცვლით კურსზე და ჩვენ კურსის პროგნოზებს არ ვაკეთებთ“, - განაცხადა ლეჟავამ.
აღსანიშნავია, რომ აპრილში საქართველოში ტურიზმი 140%-ით გაიზარდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 82 500 შეადგინა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული რაოდენობაა.