სომხეთმა თურქეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა. ერევანი ანკარას სირიიდან მთიან ყარაბაღში დაქირავებული მეომრების გადაყვანაში ადანაშაულებს.
სომხეთის სახალხო დამცველი არმან თათოიანი აცხადებს, რომ ანკარამ სომხეთისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოსახლეობის სიცოცხლის უფლება დაარღვია.
მისივე თქმით, თურქეთმა ასევე დაარღვია საკუთრების, არაადამიანური მოპყრობის დაცვის და სხვა ფუნდამენტური უფლებები. არმან თათოიანის განცხადებით, სომხეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სირიელი დაქირავებული მებრძოლების დაქირავებისა და გაგზავნის მტკიცებულებები წარუდგინა.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო. ოფიციალური სომხეთი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის მხარეს ომობდნენ სირიელი დაქირავებული მებრძოლები, რომელთა ტრანსპორტირებასაც თურქეთი უზრუნველყოფდა. 2020 წლის 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.