გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თბილისის მერობის საერთო კანდიდატის გარშემო, ჯერაც უცნობია. თუმცა დედაქალაქის მერობის კანდიდატობაზე მსურველთა რიცხვი თანდათან მატულობს. ეს კი, იმის დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ ოპოზიციის ერთიანობა გამორიცხულია და ყველა პარტია საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.
აძლევს თუ არა ეს ხელისუფლებას ხელს და შეძლებს თუ არა მთავარი ამოცანის შესრულებას, რომ ამომრჩევლის ხმების 43%-ის აღება შეძლოს?
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ თუკი ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია იქნება და ის „ოცნების“ კანდიდატთან მით უმეტეს კახი კალაძესთან მარტო დარჩება, გამარჯვების შანსი ნაკლებად აქვს, ხოლო თუ ყველა პარტია საკუთარ კანდიდატურას წარადგენს, ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ სახელისუფლო და ოპოზიციური კანდიდატები ერთმანეთს მეორე ტურში შეხვდნენ. ასევე ოპოზიციის მთავარი სამიზნე ხელისუფლება უნდა იყოს, რომელმაც 43%-ის აიღება ვერ უნდა შეძლოს. ოპოზიცია კი იმაზე დავობს, ვინ იქნება დედაქალაქის მერობის კანდიდატი, რაც ბრძოლის მთავარი ტაქტიკიდან გადახვევაა. ეს კი, ხელისუფლებას იმის საშუალებას აძლევს, რომ ოპოზიცია ისევ დაამარცხოს.
თუმცა კარგ დღეში არც „ქართული ოცნებაა“, რადგან როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, თუკი გიორგი გახარიამ და ლევან ვასაძემ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ისინი მათი ელექტორატის ნაწილს გადაიბირებენ. „ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან დისტანცირების შემდეგ, ელექტორალური დაყოფა ხდება, ამიტომ გახარია და ვასაძე სწორედ ის ფიგურები არიან, რომლებიც ივანიშვილის ფაქტორის გამო გამოთავისუფლებულ ამომრჩეველს გადაიბირებენ.
ოპოზიციურ ფლანგზე კი ასეთი სიტუაციაა, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მას სურს თბილისის მერობის კანდიდატად კენჭი იყაროს.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ის ოპოზიციის საერთო კანდიდატად წარადგინონ, ამას მიესალმება. ამასთან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ საკითხზე პარტიებს შორის კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისთვის გამარჯვების ფორმულა მესამე მიზიდულობის ცენტრის შექმნა და მერობის ერთიანი კანდიდატის დაყენებაა.
„მე ვემხრობი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების ფორმულას. გამარჯვების ფორმულა არის მესამე მძლავრი მიზიდულობის ცენტრის შექმნა და იქ საერთო კანდიდატი. თუ შეთანხმება იქნება, უნდა იყოს ყველაფერზე - სადღაც ვთანხმდებით, სადღაც - არა - ნაკლული შეთანხმება იქნება. გულწრფელად გეუბნებით, რომ ჯერ ადრეა ამაზე მსჯელობა“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
„ლელოს“ წარმომადგენლების თქმით, პარტია ამ საკითხზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა აცხადებენ, რომ მათი პარტიის მთავარი მიზანი არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხებაა.
„ამ ეტაპისთვის, ჩვენი პოზიცია იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება „ლელოს“ მიერ მხარდაჭერილი მერობის კანდიდატი, ცნობილი არ არის და გარკვეული ხნის განმავლობაში არ იქნება. ჩვენთვის მთავარია, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე დამარცხდეს და „ლელოს“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ამყარებდეს იმ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ველს, რაც „ლელოსთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია კი ფიქრობს, რომ თბილისის მერს დღეს ისეთი ფუნქციები აქვს, რომელიც არ სჭირდება და საჭიროა ისეთი კანდიდატი, ვინც ამ ფუნქციებს ჩამოიცილებს.
„მთავარი პრობლემა ისაა, რომ დედაქალაქის მერს აქვს ისეთი ფუნქციები, რომელიც მას არ სჭირდება. ჩვენ დედაქალაქის მერად გვჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ფუნქციებს კარგად კი არ შეასრულებს და კიდევ უფრო მეტს კი არ მოითხოვს, არამედ ამ ფუნქციების ჩამოცილებაზე დაიწყებს მუშაობას და ნელ-ნელა გავა ადამიანის ცხოვრებიდან, სადაც ეს შესაძლებელია“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის დედაქალაქის მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატით წარდგენა მხოლოდ ილუზიაა და ამაზე საუბარი უკვე უსაფუძვლოა. ძაბირაძე ამბობს, რომ ჯობია ისევ ყველამ ცალ-ცალკე დამოუკიდებლად იმოქმედოს და თუკი მეორე ტური იქნება და იქ ოპოზიციური კანდიდატი გადავა, მხარი მაშინ დაუჭირონ. თუმცა ანალიტიკოსს ეჭვი აქვს, რომ თუკი მელია გადავა მეორე ტურში, მას, მაგალითად, ალეკო ელისაშვილის ან გიორგი გახარიას ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს.
იგივე მოხდება, თუკი პირიქით, ელისაშვილი ან გახარია მეორე ტურში გადავლენ. ეს პირობითად, თუკი არჩევნებში ასეთი კონფიგურაცია გვექნება. ამიტომაც ანალიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატით წარდგენა მით უმეტეს თუ ეს ნიკა მელია იქნება, დამარცხების შანსებს კიდევ უფრო გაზრდის. ასპარეზზე თუ გამოვა გახარია და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ლევან ვასაძე, ორივე მათგანი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ამომრჩევლის ნაწილს წაიყვანს.
„ვფიქრობ, რომ დედაქალაქის არჩევნებში მეორე ტური გარანტირებულია, ხოლო მეორე ტურში, რომ სახელისუფლო კანდიდატი იქნება, აქ ორი აზრი არაა. დანარჩენი ოპოზიცია ხმების გარკვეულ რაოდენობას მიიღებს, ხოლო ოპოზიციიდან მეორე ტურში ვინც გავა, შესაძლოა, შემდეგ მხარი მას დაუჭირონ - ოპოზიციის შეთანხმება ამაზე მოხდეს. თუმცა ასეთი შეთანხმებები ადრეც გვინახავს, მაგრამ ეს არ შესრულებულა. რაც შეეხება ერთიან კანდიდატებს, ოპოზიცია ამაზე ვერაფრით შეთანხმდება.
ელისაშვიოლმა კენჭისყრა რომ გადაწყვიტოს და მელიამაც, რა თქმა უნდა, ელისაშვილის ამომრჩეველი მელიას მეორე ტურში მხარს არ დაუჭერს. იგივე იქნება ელისაშვილის, ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის და გახარიას მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაშიც. მათ ენმ-ის ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს. ამიტომაც ოპოზიციის საუბარი, რომ ხელისუფლებას დაამარცხებენ ამ არჩევნებში ძალიან დიდი ილუზია მგონია, მით უმეტეს მათ ხელისუფლების დამარცხება ერთიანი კანდიდატის შემთხვევაში გაუჭირდებათ, განსაკუთრებით თუ ეს კანდიდატი მელია იქნება“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
თუმცა თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი გახარია მერობის კანდიდატობაზე საბრძოლველად გამოვა, მაშინ მელიას, როგორც ოპოზიციურ ლიდერს რამდენად აქვს შანსი, რომ სახელისუფლო კანდიდატთან მარტო დარჩეს? ძაბირაძე გვპასუხობს, რომ გახარია უკვე ძალიან აგვიანებს და თუკი ის ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, მაშინ ამ თვეში უკვე უნდა გამოჩნდეს. მისი აზრით, ძალიან რთული იქნება დაგვიანების შემთხვევაში პარტიის წარდგენა, შემდეგ ამ ყველაფრის საარჩევნოდ მობილიზება. ამიტომ ის, რაც უფრო იგვიანებს, შანსები მით უფრო იკლებს. მას აქვს გარკვეული რეიტინგი და კაპიტალი, რომელიც დროზე თუ არ გამოიყენა, გაეფლანგება.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიცია თუ ჭკვიანად არ იქნა, ეს არჩევნებიც რესურსების არჩევნებად იქცევა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებიდან, რა თქმა უნდა, ექნება მნიშვნელობა, იქნება თუ არა მერობის კანდიდატი კახი კალაძე, მაგრამ მაინც „ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიულ ამომრჩეველს მოიზიდავს და ყველა ადმინისტრაციულ რესურს გამოიყენებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ოპოზიციის პრიორიტეტი არ უნდა იყოს მერობის კანდიდატები ვინ იქნებიან და უნდა იყოს თუ არა ერთიანი კანდიდატი. კი ბატონო, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ მთავარი სტრატეგიაა, რომელიც თუ ოპოზიციამ სწორად არ გათვალა, არჩევნებს ისევ წააგებს.
„ოპოზიციის დომინანტური ამოცანა ისაა, რომ „ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნები შედგეს. სტრატეგია, ტაქტიკა და მერობის კანდიდატებიც კი ამ ამოცანაზე უნდა მუშაობდნენ. მათ მიზანი ახლა ის კი არაა დაჭამონ ერთმანეთი ვინ იქნება ან ვინ არა ერთიანი კანდიდატი, არამედ „ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს. ამას ფრონტის გაშლა სჭირდება. ძალიან მარტივი არითმეტიკაა, მაგალითად „ლელოს“ ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც ნაციონალების კანდიდატს ხმას არ მისცემს. ისევე როგორც ენმ-ის ელექტორატი „ლელოს“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. აქედან გამომდინარე, თუ ერთად გამოვლენ, ამით ამომრჩეველს კარგავენ, კი არ იძენენ“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ახლა ლევან ვასაძის და გიორგი გახარიას ოპოზიციურ ფლანგზე გამოსვლას ექნება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან დისტანცირდა, ყველა ის ამომრჩეველი, რომელსაც მისი ფიგურა იზიდავდა, ახლა სხვადასხვა მხარეს გადანაწილდება. ის იწოვდა, როგორც ულტრაკონსერვატორს ასევე ულტრალიბერალს. ამიტომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, „ოცნებაში“ ელექტორალური დაყოფა დაიწყო. აქ კი ბაზარზე ორ პოლუსზე და რადიკალურად განსხვავებულ ელექტორატზე განსაზღვრული ფიგურები გამოჩდნენ, ესაა გიორგი გახარია და ლევან ვასაძე.
„ულტრაკონსერვატორულ ფლანგზე, როგორც კი მოთხოვნა გაჩნდა, გამოჩნდა ლევან ვასაძე და ზომიერების ფლანგზე გიორგი გახარია. ეს ორი ფიგურა კი „ოცნების“ ამოცანას აიღოს 43% ართულებს. ოპოზიციას ვეუბნები, რომ მიუხედავად იმისა, გახარიაც და ვასაძეც მათთვის მიუღებელი ფიგურები არიან, თავიანთი ენერგია მათ ლანძღვაში და ბრძოლაში არ დახარჯონ. ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბრიყვე იქნება, რადგან ეს ორივე პოლუსი ოპოზიციის ინტერესებშია. მათ უნდა უხაროდეთ, რომ ისინი გამსხვილდნენ და წარმატებულები იყვნენ, რადგან „ოცნების“ ამომრჩეველს მიიტაცებენ. შესაბამისად, თუ ოპოზიცია ისევ დაიწყებს, რომ ვასაძე რუსეთის აგენტია და გახარია თვალთხარიაა, ეს იქნება პოლიტიკური სიბრიყვე და საკუთარ მუხლებში სროლა. ხელისუფლებაზე კონცენტრირდნენ თუ არ უნდათ ეს არჩევნებიც წააგონ“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.