ვინ იქნება დედაქალაქის მერობის კანდიდატი – „ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციები გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს ჯერ არ მიუღია, მმართველი გუნდის არჩევანი ცოტა ხანში ცნობილი იქნება. „ქართული ოცნების“ წევრი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, მმართველი გუნდი არჩევანს მოქმედ მერზე, კახა კალაძეზე გააკეთებს. მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე სხვა კანდიდატურა არც განხილულა.
თავად კახა კალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორედ თბილისის მერად. დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამის თქმის დრო ჯერ არ მოსულა, ამიტომ საზოგადოება პარტიის და მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.
„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები არის შემოდგომაზე, ამიტომ დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, როცა ამის დრო მოვა, გულწრფელად გეუბნებით, პირველები იქნებით, ვინც გაიგებთ პარტიის თავმჯდომარისგან და ჩემგან ამ ინფორმაციას.
„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ამ პოლიტიკურ გუნდს და დარწმუნებული ვარ, ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება. მმართველმა გუნდმა არჩევნებამდე 2–3 თვით ადრე დაიწყო იმ გეგმის განხილვა, რაც „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება. გარდა ამისა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალურად განიხილეს საკითხი კანდიდატების ასარჩევად, მათ შორის, რაიონებში რა წესით უნდა ჩატარდეს საკრებულოს მაჟორიტარული თუ პროპორციული სიის წარმომადგენლების შერჩევა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელება განიხილება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, კახა კალაძე არის „ქართული ოცნების“ გამორჩეული ლიდერი და თბილისის წარმატებული მერი და მას თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა.
„როგორც წესი, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2–3 თვით ადრე წარვადგენთ ხოლმე ჩვენი გუნდის კანდიდატს არჩევნებში, ასე მოხდება ახლაც. გთხოვთ, რომ დაველოდოთ მოვლენებს. როგორც იცით, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე იმართება და ჩვენ აუცილებლად საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს კანდიდატებს. კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ის არის ძალიან წარმატებული მერი და, რა თქმა უნდა, აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე. კონსულტაციები ნამდვილად დაწყებულია, პარტიის თავმჯდომარე ამაზე კიდევ უფრო მეტს გეტყვით. ჩვენ სამზადისი დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც შეეხება მერობის კანდიდატურას, ჩვენი სურვილი არის და ჩვენი სრული მხარდაჭერა თბილისის მერის არჩევნებში აქვს კახა კალაძეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი, მაგრამ დასახელდება თუ არა მეორედ მერობის კანდიდატად, მხოლოდ მის პოზიციაზეა დამოკიდებული.
„თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ვითარდება და ლამაზდება ქალაქი. კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი. მე მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ 36 ათასივე წევრში არის ერთსულოვნება. რაც შეეხება კახა კალაძის კანდიდატობას, ეს მხოლოდ მასზე და მის პოზიციაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება კანდიდატების დასახელებას, ეს ხდება ხოლმე ორი–სამი თვით ადრე არჩევნებამდე. ჯერ არის დრო და ყველა კანდიდატი ერთად დასახელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.