საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს, ზუგდიდის მერი გიორგი (გეგა) შენგელია შეუერთდა. შენგელიამ თანამდებობა დატოვა და ამის შესახებ მან საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა. როგორც ზუგდიდის ექს-მერი საკუთარ განცხადებაში წერს, თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაა.
„ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში. შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა“, - დაწერა გიორგი შენგელიამ სოციალურ ქსელში.
ვინ აიძულებდა შენგელიას, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, ვინ გაჰყვება მას კიდევ და ვის ვიხილავთ გიორგი გახარიას გუნდში, ამ კითხვებზე, პარლამენტარი და გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ბექა ლილუაშვილი გვპასუხობს.
ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. მან წასვლის მიზეზად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება დაასახელა. ცნობილი ფაქტია, რომ შენგელია ექს-პრემიერის კადრი იყო. მასზე რა ტიპის ზეწოლა განხორციელდა და რა პოლიტიკურ ვითარებაზეა საუბარი?
- გიორგი შენგელიას პირადად ვიცნობ და სამწუხაროა, რომ ის გადადგა. მსგავსი ადამიანი, რომელიც არის ძალიან პატიოსანი, ტოვებს სამსახურს და მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობას, სწორედ ზეწოლის გამო. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მიმდინარეობს კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეების პოლიტიკური შევიწროვება. მმართველი გუნდიდან მერებთან პირდაპირ მიდის დავალებები, რომ მათ განახორციელონ საჯარო სამსახურიდან მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. როგორც ჩანს, გიორგი შენგელიასთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.
კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გვითხრათ, გიორგი შენგელიას რომელ საჯარო მოხელეების გათავისუფლებას სთხოვდნენ, ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ფლობთ?
- კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი „ქართული ოცნების“ მხრიდან გაგრძელდება. უკიდურესად იმედგაცრუებას იწვევს, რომ მმართველი გუნდი ასეთ მეთოდს იყენებს, მეთოდს, რომელსაც 2012 წლიდან თავად ებრძოდნენ. სამწუხაროდ, ეს პროცესები გაგრძელდება და გამოჩნდება ვისზე იყო საუბარი, როდესაც კონკრეტული საჯარო მოხელეების მიმართ იქნება მსგავსი შევიწროვების ფაქტები.
ანუ არ გამორიცხავთ, რომ გიორგი შენგელიას ზუგდიდის მერიის სხვა თანამშრომლებიც თან გაჰყვნენ?
- არ ვიცი, რადგან ეს ხომ არ არის პროცესი, რომელიც მხოლოდ ზუგდიდში მიმდინარეობდა. ეს პროცესი სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად ხდება. როგორც ინფორმაცია მაქვს, საჯარო მოხელეების სიები არსებობს, რომლის მიხედვითაც მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ისეთ მოხელეების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარ რეგიონსა თუ რაიონს ემსახურებიან.
გასაგებია, რომ კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს იკავებთ, მაგრამ იქნებ გვითხრათ კონკრეტულად რომელ რეგიონში ან მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საჯარო მოხელეების შევიწროვება?
- გარდა იმ ფაქტების, რომელიც უკვე ცნობილია (ბათუმი და გორი), როგორც ინფორმაცია მაქვს, მსგავსი შევიწროვების ფაქტები, პრაქტიკულად, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და სადაც ნახავენ, რომ ვინმე ჩვენს გუნდს მხარს უჭერს, შეიძლება იქაც შევიწროვება დაიწყოს.
თქვენი აზრით, ასეთი შევიწროვებები იმიტომ მიმდინარეობს, რომ მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიასი ეშინია?
- სამწუხაროა სწორედ ის, რომ ხდება ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელსაც ხელისუფლება თავის დროზე თავად ებრძოდა და შემდეგ კოჰაბიტაციის ერთ-ერთ მთავარ ფასეულობად ასაღებდა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ, როგორც ჩანს, მათ აქვთ გარკვეული ინფორმაცია, რამაც მსგავსი მეთოდების გამოყენების გადაწყვეტილება მიაღებინა.
როდესაც პარლამენტის ექვსმა წევრმა მმართველი გუნდის შემადგენლობა დატოვეთ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდს შეუერთდით, ელოდით, რომ სხვა საჯარო მოხელეების მიმართ შევიწროვება განხორციელდებოდა?
- აღნიშნული ფაქტი იმედგაცრუებას იწვევს - მათ შორის ვგულისხმობ როგორც საკუთარ თავს, ჩემს კოლეგებს, ასევე მოქალაქეებს. ჩვენმა მოქალაქეებმა დიდი ხნის წინ უთხრეს მსგავს მეთოდებს უარი. შესაბამისად, გარკვეული მოლოდინები იყო, რომ მმართველი გუნდი მოახდენდა ამაზე რეაგირებას, მაგრამ მსგავსი სისტემური შევიწროვება არასდროს ყოფილა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ზეწოლები ხორციელდება, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდს.
თქვენ კი ამბობთ, რომ მმართველი გუნდი სხვადასხვა საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახორციელებს, მაგრამ აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლებაში კატეგორიულად უარყოფენ...
- როდესაც პოლიტიკური ძალა იღებს გადაწყვეტილებას, რომ მსგავსი ქმედება ჩაიდინოს, აქ რაიმის ახსნაზე და მიზეზებზე საუბარი ზედმეტია. ზოგიერთ შემთხვევაში იყო განმარტებები, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური თანამდებობის პირები არ არიან, შემდეგ იყო მმართველი გუნდიდან განმარტებები, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა აგიტაციებს ეწეოდნენ - კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მიზეზებზე საუბარი ზედმეტია.
ბატონო ბექა ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, ექს-პრემიერის გუნდის წევრი, ნათია მეზვრიშვილი, რომელიც მისი პრემიერობის დროს, ადმინისტრაციის უფროსი იყო, იქნება თუ არა ახლა თქვენს გუნდში?
- წინასწარ რაღაცების თქმა სწორად არ მიმაჩნია. ყველაფერს თავისი დრო ექნება. მოსახლეობა მალე ნახავს გუნდის შემადგენლობას. გუნდში საზოგადოებისთვის ცნობადი და ახალი სახეებიც იქნებიან.