როგორც მოსალოდნელი იყო, რეგიონებში პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლის სისტემის ამოქმედებას სერიოზული პრობლემები მოჰყვა. ამასთან დაკავშირებთ საპროტესტო აქციები ჯერ იმერეთში გაიმართა, ახლა კი სამეგრელოსა და აჭარაში.
გუშინ დილიდან ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ საქონელი უნდა დაკლან სპეციალურ სასაკლაოზე და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ ხორცის ბაზარში შეტანის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებიან. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოჰყავთ საქონელი და ტრანსპორტირება ძვირი უჯდებათ.
სასაკლაოზე საქონლის დაკვლა კი ხარჯებს 50% გააძვირებს და ხორცის ფასიც შესაბამისად გაძვირდება. მოვაჭრეები საქონლის დაკვლას ისევ ძველი წესით ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებენ.
კიდევ უფრო რთული ვითარებაა აჭარაში. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები გლეხები ერგეს სასაკლაოზე შექმნილ პირობებს აპროტესტებენ. როგორც ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომში მცხოვრებმა ბადრი ადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმის გამო, რომ მცირე სასაკლაოები რაიონებში არ არის მოწყობილი, გლეხებს ცოცხალი პირუტყვის ერგეს სასაკლაომდე ტრანსპორტირება ძვირი უჯდებათ. მისივე თქმით, სასაკლაოზე ანტისანიტარიაცაა.
„მოსახლეობას ხულოში პირუტყვის დაკვლის ნებართვას არ გვაძლევენ, იმიტომ, რომ სოფლებში მცირე სასაკლაოები არ არის გახსნილი, “ფორმა 2”-ის გარეშე კი ბაზარში ხორცს ვერ ჩააბარებ. 100 კილომეტრი უნდა გამოვიაროთ, ცუდი გზების პირობებში. საბოლოოდ, ცოცხალი პირუტყვის ტრანსპორტირება და დაკვლა-დანაწილება 250 ლარი გვიჯდება. ასევე, არის ანტისანიტარია, ნაწლავები აგერ ყრია. ჩვენთან სოფელში ასე არ ხდება. შინაგანი ნაწლავები იმარხებოდა ორმოებში“, - აღნიშნა ბადრი ადაძემ.
სასაკლაოზე მყოფი ხორცის მაღაზიის მფლობელების თქმით, სასაკლაოზე ელექტროხერხით დანაწევრებულ ხორცში ძვალიც შერეულია, რის გამოც მომხმარებლები უკმაყოფილონი არიან. ასევე, როგორც ბეჟან შავაძემ აღნიშნა, სოფლად პირუტყვის დაზიანების შემთხევაში გლეხი ვერ აიღებს “ფორმა 2-ს”:
„არის შემთხვევები, როცა პირუტყვი ზიანდება. მაგალითად, ბოსელში შესულ გლეხს შესაძლოა, ძროხა ფეხმოტეხილი დახვდეს. ასეთ შემთხვევაში, სასაკლაომდე ვერ ატარებს ფეხმოტეხილ პირუტყვს. თუ დაკლავს სახლის პირობებში ხორცს ვერ ჩააბარებს. ასეთ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ, პასუხს ვერავინ გვცემს“, - აღნიშნა ბეჟან შავაძემ.
ერგეს სასაკლაოს თურქმა მეპატრონემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. თურქულ-ქართული ინვესტიციით „თანამედროვე ტექნოლოგიების“ სასაკლაო ერგეში 18 იანვარს გაიხსნა.
გუშინ კი ღორის დაკვლასთან დაკავშირებით სასაკაოზე პრობლემები შეიქმნა. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქე ემზარ ბედინაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს დილით სასაკლაოზე ორი ღორი მიიყვანა, თუმცა სასაკლაოს თანამშრომლებმა ღორების დანახვისთანავე კარები ჩაკეტეს.
ბედინაძის თქმით, ხორცის გაყიდვის ნებართვის საბუთს „ფორმა 2“-ს, რომლითაც ბაზარში ხორცის რეალიზაციას შეძლებს, აღნიშნულ სასაკლაოზე გასცემენ.
„ფორმა 2-ს მთხოვენ, რომ ხორცი შევიტანო სავაჭრო ცენტრში. ვიცი, რომ ეს არის სასაკლაო, სადაც საქონელს კლავენ. ჩამოვიყვანე ცოცხლად ორი ღორი და მეუბნებიან, არ შეიძლება დაკვლა, თურქის სასაკლაოა და ღორს არ ვკლავთო. თურქებმა რომ დაინახეს ღორი, დაკეტეს კარები და გაიქცნენ“, - აღნიშნა ბედინაძემ.
მანვე სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ბიუროს წარმომადგენელს ილია სირაბიძეს მიმართა, გაუკეთოს ნებართვა ღორის დაკვლის და რეალიზაციის საკითხზე.