საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების მიმართ საზოგადოებაში უამრავი კითხვა დაგროვდა. მათ შორის, რატომ ვერ მოითმინა ბორდმა სულ რაღაც ორიოდე დღე და რატომ გადააყენა დაკავებული პოსტიდან უცხოეთში ვიზიტად მყოფი მაუწყებლის გენერალური დირექტორი?! რას შეცვლიდა ის ორი დღე, მაშინ, როცა გიორგი ბარათაშვილი 7 მარტს ისედაც უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში; იმოქმედებდა თუ ასე ოპერატიულად ბორდი სხვა დირექტორის შემთხვევაში?! რატომ გამოუცხადა ბორდმა უნდობლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს საბჭოს ცხრა წევრის მეშვეობით, მაშინ, როცა ამისთვის 10 წევრის თანხმობა იყო საჭირო?!
კერძოდ, იმ კონკრეტულ დღეს ბორდის 15 წევრიან შემადგენლობას აკლდა ორი პიროვნება - ბაკურ სულაკაური და ნინო დანელია. ამდენად, მათ გარეშე, 13 კაცის შემადგენლობით მოხდა საზმაუს გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება.
საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ არხის გენერალური დირექტორის 9 ხმით გადაყენების უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არ ჰქონდა.
მისი თქმით, ახალგაზრდა იურისტები რაც უფრო მეტად იკვლევენ ამ საქმეს, უფრო მეტი დეტალი იკვეთება და დასკვნაც ცალსახაა, რომ უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
For.ge კახა კოჟორიძეს ესაუბრა.
რის საფუძველზე აცხადებთ, რომ გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო საბჭოს წევრთა 2/3 ათი ადამიანი უნდა ყოფილიყო და არა - ცხრა ადამიანი?
- მაუწყებლის შესახებ კანონში ცალსახად წერია და აქ ორი აზრი არ შეიძლება იყოს, რომ სამეურვეო საბჭო ასეთი სახის გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 2/3-ით. სრული შემადგენლობა კი არის ბორდის 15 წევრი. 15-ის 2/3 კი გამოდის ათი. ამ შემთხვევაში კი, გიორგი ბარათაშვილის სამსახურიდან გადაყენების გადაწყვეტილება ცხრა ადამიანმა მიიღო. ამას ხელმოწერებიც ადასტურებს, რადგან ხელმომწერთა რიცხვი ზუსტად ცხრაა. გარდა ამისა, მედიით გავრცელებული ინფორმაციითაც ცალსახად დასტურდება, რომ ბორდის მხოლოდ ცხრა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, როგორი დარღვევაც არ უნდა ჰქონოდა ბარათაშვილს, ცხრა ადამიანს არანაირად არ შეეძლო ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, სასამართლოში ამ საქმეს ცალსახად პერსპექტივა აქვს და, შეიძლება ითქვას, მაღალი ალბათობით, გიორგი ბარათაშვილის სასარგებლოდ დამთავრდება.
თქვენ აცხადებთ, რომ ბორდის საქციელი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. რას გულისხმობთ?
- დანაშაულის ნიშნებს მართლაც შეიცავს, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ წერია, რომ სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება დანაშაულია. ეს კონკრეტული შემთხვევაც სწორედ გათავისუფლების ისეთი უხეში კანონდარღვევაა, რომელიც შესაძლებელია, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გავავრცელეთ განცხადება, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება განპირობებული იყოს პოლიტიკური მოტივაციით. ისევ ამავე აზრზე ვრჩებით და რაც უფრო მეტად ვიკვლევთ ამ საკითხს, სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით მათი გადაწყვეტილების უსაფუძვლობაში. შესაძლოა, აქ დანაშაულებრივ უკანონობასთანაც გვქონდეს საქმე. ამ დროს კი, იდეაში, საზოგადოებრივი საბჭოს წევრები უნდა იყვნენ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალულნი, რადგან ისინი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. სამართლებრივი თვალსაზრისით, სერიოზული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს თითოეული მათგანის სწორად მოქმედებას. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებების მხარდაჭერა გაუმართლებელია. სამეურვეო საბჭოს სანდოობის ხარისხი ისედაც ძალიან დაბალი იყო და ამით უფრო მეტად გაუსვეს ხაზი მათი სანდოობის დაბალ ხარისხს.
როგორ გგონიათ, ბორდმა არ იცოდა, რომ ცხრა ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო იქნებოდა და პოლიტიკური ელფერი დაკრავდა ამ ყველაფერს?
- როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ, რომ ამჟამად ბორდი შედგება 13 წევრისგან და, რადგან 13-ია, მაშინ 13-ის 2/3 ცხრა გამოდის. თუმცა კანონში ცალსახად წერია, რომ საბჭოს წევრები არა სიითი შემადგენლობის 2/3, არამედ - სრული შემადგენლობის 2/3 უნდა იყვნენ. ეს ორი ტერმინი კი ერთმანეთისგან განსხვავდება. სიითი შემადგენლობა სხვა ცნებაა, სრული შემადგენლობა - სულ სხვა. სრული შემადგენლობა 15 გამოდის, ხოლო სიითი შემადგენლობა - 13. მაგალითად, ახლა კონსტიტუციის ცვლილებაზეცაა საუბარი. კონსტიტუციაში წერია, რომ ცვლილებას სჭირდება სრული შემადგენლობის 2/3, რაც ას ხმას ნიშნავს. ამიტომ საუბრობენ, რომ კონსტიტუციის ცვლილებას, მინიმუმ, ასი ხმა სჭირდება და არა 99, ან 98 სიითი შემადგენლობის მიხედვით. ასე რომ, სიითი შემადგენლობა განსხვავდება სრული შემადგენლობისგან, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში სიითი შემადგენლობა ნაკლებია. კერძოდ, რამდენიმე დეპუტატი გახდა მინისტრი და, შესაბამისად, პარლამენტის სიითი შემადგენლობა აღარ განისაზღვრება 150 დეპუტატით, არამედ იგი არის 147. ზუსტად ანალოგიური მიდგომაა აქაც. ის, რომ ბორდმა იმოქმედა სიითი შემადგენლობის მიხედვით, ცალსახად არასწორი მიდგომაა.
როგორ შეაფასებთ ლევან გახელაძის განცხადებას, რომ სამეურვეო საბჭოს 4 მარტს უკვე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის უფლებას კანონმდებლობა არ აძლევს? მართალია, რომ სამეურვეო საბჭოს თავისი გადაწყვეტილების გადახედვა შეეძლო, თუკი სხდომაზე კვორუმი იქნებოდა?
- ამ შემთხვევაში, ეს საკითხი შეიძლება დარეგულირდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომელიც კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს ცალსახად აძლევს იმის უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს და გააუქმოს გადაწყვეტილება. ბორდის წევრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუკი საკმარისი კვორუმი არ იქნებოდა, მაგრამ მათ ამ მოტივით კი არ თქვეს უარი, არამედ განაცხადეს, საერთოდ, არ შეგვიძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღებაო. ეს კი ცალსახად მიანიშნებს, რომ მათ კანონის მარტივი მოთხოვნები ან არ იციან, ან არანაირ ყურადღებას არ აქცევენ, რაც, ორივე შემთხვევაში, დიდი პრობლემაა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბაკურ სულაკაური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 4 მარტს, როცა ბორდმა უნდობლობა გამოუცხადა გიორგი ბარათაშვილს, იგი საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა ბორდის წევრებს შორის არ ყოფილა და შესაბამისად, ტელევიზიის ყოფილი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საქმეში მონაწილეობა არ მიუღია.
რამდენად სამართლიანი იყო გიორგი ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადება, ამასთან დაკავშირებით ბაკურ სულაკაური აცხადებს, რომ მან არ იცის, რამდენი ხმით და რა ვითარებაში მოხდა გიორგი ბარათაშვილის გადაყენება. ვერც იმას აკონკრეტებს, ბორდის წევრებს შორის თავადაც რომ ყოფილიყო, დაუჭერდა თუ არა მხარს ბარათაშვილის გადაყენებას.
ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს გიორგი მელაძეს. მან აღნიშნა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, სადავო გახადონ ახალგაზრდა იურისტებმა, რადგან გიორგი ბარათაშვილიც მიუთითებდა, რომ მათი ჩართვა სურდა ამ საქმეში. ამდენად, გიორგი მელაძის აზრით, ახალგაზრდა იურისტები მხარეები იქნებიან ამ დავაში და მათი აზრი მიკერძოებული იქნება. ამასთან, გიორგი მელაძე დღესაც მიიჩნევს, რომ ბორდის წევრთა 2/3 ნიშნავს 9 ადამიანს (სამეურვეო საბჭოს 13 წევრს შორის) და არა - 10 ადამიანს (15 წევრს შორის). ამდენად, გიორგი მელაძეს ბორდის გადაწყვეტილება ტელევიზიის ყოფილი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საქმეში კანონიერად მიაჩნია.