თავის გადარჩენის მცდელობა „სკოტლანდ იარდის“ მეშვეობით

თავის გადარჩენის მცდელობა „სკოტლანდ იარდის“ მეშვეობით

შს სამინისტროს პრესსმსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალის „სკოტლანდ იარდისთვის“ გაგზავნას აპირებს. ამ მიზნით მან დიდი ბრიტანეთის საელჩოს უკვე მიმართა. იგი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე „სკოტლანდ იარდის“ საექსპერტო ბიუროები ადეკვატურ პასუხს გასცემენ. ამასთან, ენდობა მათ შენიშვნებს და დასკვნას, იარაღის გასროლიდან იარაღის პოვნამდე და ბუტა რობაქიძის გარდაცვალებამდე არის თუ არა მასალა უწყვეტი.

მისი თქმით, საქართველოში ამ მასალის შემსწავლელი უკვე იმდენი ექსპერტი და სპეციალისტი გამოჩნდა, რომ არ ენდობა მათ კვლევებს, რადგან ყველა მათგანი სათავისოდ ირგებს ტრაგედიას.

ბუტა რობაქიძის შემთხვევაში კი საეჭვო დეტალები აშკარაა. ამაში ქართველი სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან და არც გურამ დონაძის მცდელობას აფასებენ წარმატებულად, რადგან, როგორც წესი, „სკოტლანდ იარდი“ კერძო პირისგან დაკვეთებს არ ღებულობს, რაც, სავარაუდოდ, ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა გურამ დონაძეს. ამდენად, ექსპერტებისთვის გაუგებარია, რას ემსახურება გურამ დონაძის მიმართვა „სკოტლანდ იარდისადმი“.

რისი იმედი უნდა ჰქონდეს გურამ დონაძეს და რა ახალ დასკვნას დადებენ უცხოელი ექსპერტები, ამის შესახებ For.ge ქართველ სპეციალისტებს ესაუბრა.

უფლებადამცველი ლია მუხაშავრია დონაძის გადაწყვეტილებას არადამაჯერებელად აფასებს, რადგან “სკოტლანდ იარდი” ასე მარტივად კერძო პირისგან არ მიიღებს მასალას და არ ჩაუტარებს ექსპერტიზას.

„ჩემთვის დამაჯერებელი არაა, რომ გურამ დონაძემ, როგორც ფიზიკურმა პირმა, თურმე გადაუგზავნა „სკოტლანდ-იარდს“ და სთხოვა ექსპერტიზის ჩატარება ვიდეო ფირზე. ეს უნდა გაკეთდეს ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც კერძო კლიენტის დავალება, რაც, ჩემი აზრით, არ იქნება მიღწევადი. ამ ორგანიზაციას ან სასამართლომ, ან გამოძიებამ უნდა დაავალოს ასეთი სახის ექსპერტიზის ჩატარება. ეს ხდება იუსტიციის სასამართლებს შორის ურთიერთობის შედეგად, რადგან საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის ფონზე უნდა მოხდეს შეთანხმება და ჩვენი იუსტიციის სამინისტროს მიერ უნდა ეთხოვოს „სკოტლანდ იარდს“, გაგვეწიოს დახმარება“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

მისივე განმარტებით, „სკოტლანდ იარდი“ თავს არ შეირცხვენს და თეთრზე არ იტყვის, შავიაო, ისე, როგორც საქართველოში ვართ მიჩვეულნი. თუმცა საეჭვოა, მათ კერძო პირისგან დაკვეთა მიიღონ და გასცენ ასეთი დასკვნა. ადვოკატის თქმით, უნდა დაველოდოთ, რა დასკვნას წარმოადგენს დონაძე და ამის შემდეგ გაირკვევა სიმართლე. მით უფრო, რომ რთული არ იქნება იმის გადამოწმება, ნამდვილად „სკოტლანდ იარდის“ მიერ იქნება თუ არა ეს დასკვნა გაცემული.

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი აცხადებს, რომ „სკოტლანდ იარდს“ კი არა, ვისაც უნდა იმას გაუგზავნოს ვიდეომასალა „ნაძირალა დონაძემ, რომელიც კიდევ ამდენს ბედავს და ამდენს ლაპარაკობს“. ამის მიზეზად კი ია მეტრეველს მათი დაუსჯელობა მიაჩნია, რაც დიდხანს არ გაგრძელდება და ყველანი დასჯილ იქნებიან.

ია მეტრეველის აზრით, გურამ დონაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ამით თავისი უდანაშაულობის დამტკიცება სურს, თუმცა ტრაგიკული კადრების ნახვით მთელი საზოგადოება აღშფოთებულია.

„იმ კადრების შემდეგ მაგათ როგორ უნდა გაიხარონ და როგორ არსებობენ, რაც დაშავებული აქვთ. მათი მიზანი დროის გაწელვა და თვალის ახვევაა, თუმცა ეს მათი ბოლო გაფართხალებაა“, - აცხადებს ბუტა რობაქიძის დედა.

ბუტა რობაქიძის თანმხლები პირის, გიორგი ქურდაძის ინტერესების დამცველი არჩილ ჩოფიკაშვილი ინტერესდება, გურამ დონაძე რატომ უგზავნის ამ ვიდეომასალას „სკოტლანდ იარდს“?! მათ ხომ არ წაუყენებიათ ბრალი დონაძისთვის? მეტიც, „სკოტლანდ იარდს“ არანაირი შეხება არ აქვს ჩვენს მართლმსაჯულებასთან. როგორც ქართული პოლიცია ვერ გამოიძიებს ინგლისში განხორციელებულ დანაშაულს, ისე ვერ განახორციელებს ინგლისის პოლიცია საქართველოში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას. ასე რომ, ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის.

„ბარემ ნასაში გააგზავნოს ვიდეომასალა. აკრძალული არ არის, გაუგზავნოს ფირები, ვისაც უნდა, მაგრამ საქმესთან შემხებლობას ვერ ვხედავ. დონაძეს ედავება ქართული პოლიცია, ქართული პროკურატურა და რა შუაშია „სკოტლანდ იარდია?!“ „სკოტლანდ იარდის“ კვლევებს არ ვიცნობ და არც ის ვიცი, ფიზიკური პირის მიმართვის საფუძველზე იკვლევენ თუ არა ყველაფერს. რამდენი ვიღაც გაგიჟდება და რაღაცას გაუგზავნის, მათ თუ ეს ყველაფერი იკვლიეს, სხვა საქმე არ აქვთ? თვითონაც ამბობენ, ნაწყვეტებიაო, პოლიციის უფროსი ირაკლი ფირცხალავა ფოსტალიონად რომ გამოიყენეს და მიატანინეს ვიდეოფირები, იგი თვითონვე ამბობს, რომ ვიდეომასალაში წყვეტები არისო“, - გვითხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე წინასწარ ვერ ამბობს, სავარაუდოდ, რა დასკვნის დადება შეუძლია „სკოტლანდ იარდს“. თუმცა ადასტურებს, რომ ბუტა რობაქიძის საქმეში მართლაც არის კითხვის ნიშნები, გასარკვევი საკითხები, გასარკვევი პოზიციები დროში, ხმაში, ხმის დაშორებაში. პრაქტიკულად, ასეთი შემთხვევები სახელმწიფო სექტორშიც იშვიათია, რომ პარალელურად სხვადასხვა სახელმწიფოში გაგზავნილიყო ეს მასალა შესასწავლად. ამდენად, მისი თქმით, მთავარი პროკურატურა ადეკვატურად იქცევა, რომ მაღალი ინტერესის გამო ორ სახელმწიფოში აგზავნის ამ მასალას. გარდა ამისა, საქმეში ქართველი სპეციალისტებიც ერთვებიან, რათა ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას. ამიტომ უნდა დაველოდოთ, რა დასკვნას დადებს თითოეული სახელმწიფო საექსპერტო სექტორი.

სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" ექსპერტ-ფონოსკოპისტი მარიკა ტოკლიკიშვილი დონაძის ქმედების შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ "მე-9 არხის" თხოვნით, მართლაც ნახა აღნიშნული ვიდეომასალა, თუმცა იგი დაწვრილებით არ შეუსწავლია და, უბრალოდ, ვარაუდი გამოთქვა, რომ პირველსავე წუთში ჩანს წყვეტა. ასეთი წყვეტა ჩანს კიდევ სხვა ადგილზეც. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი წუთის მეთერთმეტე წამის წყვეტაა, რაც ნამდვილად შეინიშნება.

ექსპერტის თქმით, ძალიან რთულია ექსპერტიზის ჩატარება, რადგან რამდენიმე სახის ანალიზი ტარდება, მათ შორის, აუდიტორული, ლინგვისტური, ინსტრუმენტული და სხვა, რათა წყვეტის სურათი დასაბუთდეს. ასეთი კვლევა კი მისთვის არავის დაუკვეთია. მეტიც, მთავარმა პროკურორმა გამოაცხადა, რომ ექსპერტიზა უკვე დანიშნეს და, ალბათ, ამ საქმეში სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს თანამშრომლები ჩაერთვებოდნენ.

„გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ იყო სპეციალურად მომზადებული სიუჟეტი. იქ თითიც კი დამადებინეს, თუ რა ადგილას იყო წყვეტა და ვაჩვენე კიდეც, სადაც მეპარებოდა ეჭვი და სადაც იყო საეჭვო გადასვლა, რომლის შემდეგაც კადრში უკვე იარაღები ჩნდება. თავდაპირველად კადრში ჩანს დაკავება, აწვენენ ბიჭებს, ერთ-ერთ მათგანს თავზე ტყავის ნაჭერი აქვს გადაფარებული, მიათრევენ, რომ დააწვინონ. ტელევიზიის ოპერატორებმა ეს კარგად იციან, რომ, როდესაც ჭრა ხდება, სადაც შავი სტატიკური ფონია, იქ იჭრება კადრი“.

ამდენად, მარიკა ტოკლიკიშვილის თქმით, ვიდეომასალის მიხედვით, გაწელილია პოლიციელის მოძრაობა, შეტრიალებული, დახრილია პოლიციელი, ჩანს მისი უკანა მხარე, შავი ქურთუკი, შარვალი, მისი გაწელილი მოქმედება, შემობრუნება და უკვე სხვა კადრია. მარიკა ტოკლიკიშვილს სწორედ ამ ადგილზე ეპარება ეჭვი, რადგან უკვე გადასვლა ხდება იმაზე, რომ დაწვენილია ბუტა რობაქიძე. სხვადასხვა ჩანაწერში კი ეს სხვადასხვა წამზე ფიქსირდება, ზოგან მე-11 წამია, ზოგან - მე-13.

„ხელებიც ჩანს, საეჭვო ვითარებაა, ორი ხელი აქვს ორივე მკლავზე მოკიდებული და ერთი ხელით აბრუნებენ. არ ჩანს ის ერთი ხელი ერთი პოლიციელისაა, თუ ორი პოლიციელი აწვენს. სავარაუდოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ დროს აწვენენ ამ ადამიანს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ დაწვენისას მაშინვე ცხვირზე გადმოდის წვეთი სისხლი. მანამდე ის ძალიან დასისხლიანებული იყო, ბევრი სისხლი ჰქონდა მარჯვენა მხარეს. ეს არის ყველაზე საეჭვო მომენტი. წყვეტის შემდეგ სულ სხვა კადრია და პირდაპირ ჩანს, რომ ბუტა რობაქიძე პირქვეა დამხობილი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მანდ შესაძლოა, არის წყვეტა, მაგრამ ამას სჭირდება ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც მე არ ჩამიტარებია, ჩემთვის ეს არავის უთხოვია“.   

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ გურამ დონაძეს უფლება აქვს, თავი დაიცვას, მიმართოს საზღვარგარეთის საექსპერტო დაწესებულებას და მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები. თუმცა საბოლოოდ ამ საკითხის გაზიარება-არგაზიარებას სასამართლო გადაწყვეტს. ქართული კანონმდებლობის თანახმად კი, „სკოტლანდ იარდის“ დასკვნა არ ნიშნავს, რომ ეს მტკიცებულება უპირობოდ უნდა იქნას გაზიარებული. თუმცა „სკოტლანდ იარდის“ სანდოობის ხარისხი, ცხადია, მაღალია. მათი დასკვნა ბევრს ნიშნავს და იქ ამ დარგის მაღალი პროფესიონალები არიან.

კახა კოჟორიძის თქმით, კანონში გვიწერია, რომ სასამართლოსთვის არანაირ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა არ აქვს და სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს, მიიღოს თუ არა მტკიცებულება. იმის თქმა, რომ, რადგან „სკოტლანდ იარდი“ ამას ამბობს და ყველა ვარიანტში, სასამართლო ვალდებულია გაიზიაროს, სწორი არ არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო თავად იმოქმედებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.