ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი იდეოლოგი კახა ბენდუქიძე იყო და სწორედ იგი იღებდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს. მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის მთავარ მიზნად ეკონომიკის ლიბერალიზაცია სახელდებოდა. სწორედ ამ მიზნით მოხდა ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება. მაშინ, როცა ბაზრის მონოპოლიზაციას მთელ მსოფლიოში ებრძვიან, 2005 წლიდან მოყოლებული საქართველოში არ არსებობს არც ანტიმონოპოლიური სამსახური და არც შესაბამისი კანონმდებლობა. ეს ფაქტი მაშინ თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების სურვილით აიხსნა, თუმცა მას შემდეგ 4 წელი გავიდა და ჯერჯერობით ვერ მივიღეთ კონკურენტული ბაზრები.
ნოემბერში ლარის გაუფასურების შემდეგ ქართულმა კომპანიებმა მნიშვნელოვნად გააძვირეს საქონელი. აქ ჩნდება კითხვა, თუ ლარის კურსის გაუფასურებამ იმპორტიორებს პროდუქტის გაძვირება აიძულათ, მაშინ ორი წლის მანძილზე, როდესაც ლარი პერმანენტულად და დიდი სისწრაფით მყარდებოდა, რატომ არ იკლებდა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები? ამის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ამ პერიოდში არსებული მაღალი ინფლაციაა, მაგრამ მაღალი ფასების არსებობაში ბაზრის თითქმის ყველა სეგმენტში არსებულ მონოპოლიებსაც მიუძღვით, ეს კი იმას იწვევს, რომ რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ფასს მთელ ბაზარზე ერთი კომპანია აწესებს, რომელიც, რა თქმა უნდა, რეალურ ფასზე გაცილებით მაღალ ფასს ადებს პროდუქტს, მეტი მოგების მისაღებად.
ბოლო პერიოდში, ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა ისევ აქტუალური გახდა. თუმცა, ამ საკითხზე ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ, როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, ისე ექსპერტებს.
არსებულ ვითარებაში მონოპოლიებთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ ხედავს და ამ მიმართულებით სპეციალური ღონისძიებების გატარებას საჭიროდ არ მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მისი განცხადებით, ახლა ქვეყანაში "ქამრების შემოჭერაზეა" საუბარი და დამატებითი ბიუროკრატიული უწყებების შექმნა მიზანშეუწონელია.
თუმცა პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიცია გააჩნია ეკონომიკის მინისტრს ლაშა ჟვანიას. იგი ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენისა და ამ სფეროს საკანონმდებლო მოწესრიგების პრინციპული მომხრეა.
"მონოპოლიებს ბევრ შემთხვევაში ბაზარი წარმოშობს. კომპანიას, რომელიც აწარმოებს შედარებით იაფ პროდუქციას და ეს პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომია ხალხისთვის როგორც ხარისხის, ისე ფასის თვალსაზრისით, თავად ბაზარი აქცევს მონოპოლისტად.
უნდა გამოვიყენოთ მექანიზმები, რათა არ მოხდეს მონოპოლიების წარმოქმნა, თორემ კომპანიას ვერ აუკრძალავ, რომ მის პროდუქტს 1%-იანი მოგება დაადოს, როცა სხვისთვის 10%-იანი მოგებაა მისაღები. პრინციპული პოზიცია მაქვს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აღდგეს. იმ ფორმით არა, როგორც ადრე იყო, მაგრამ უნდა შევქმნათ სწორი და ზუსტი მექანიზმები, რომ ეს სამსახური ჩარჩოებს არ გასცდეს. ვეთანხმები აზრს - კორუფციული სამსახური იყო და ამიტომ აღარ უნდა არსებობდესო, მაშინ საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს სახელმწიფო სამსახურები, რადგან კორუფცია ნებისმიერ სახელმწიფოშია", - აღნიშნავს ჟვანია. საკმაოდ საინტერესო ფაქტია, როცა ეკონომიკის მინისტრი და პრეზიდენტი ვერ თანხმდებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა-არშექმნის საკითხია.
"საქართველოში ფასების ზრდას, 3 ძირითადი ფაქტორი – ინფლაცია, მონოპოლიები და არარეგულირებადი ბაზარი განაპირობებს. არარეგულირებად ბაზარში არ ვგულისხმობ, რომ თავისუფალ ვაჭრობას რაიმე საფრთხე შეექმნას. რეგულირებაში ვგულისხმობ, რომ ბაზარზე მოქმედი ყველა კომპანიისთვის ერთნაირი თამაშის წესები მოქმედებდეს. რაკი ჩვენს ქვეყანაში ეს არ არსებობს, ძლიერის გავლენა მყარდება და ამან მოგვცა ის, რომ საქართველოს ბაზრის დიდი ნაწილი მონოპოლიზებულია", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას აუცილებლად მიიჩნევს ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არმაზ თავაძე, - "ის, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა არსებობდეს დღეს და გუშინ არ მოუფიქრებიათ. ანტიმონოპოლიური სამსახურის ისტორია მოდის ამერიკიდან, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ამიტომ დისკუსია იმასთან დაკავშირებით, უნდა აღდგეს თუ არა ანტიმონოპოლიური სამსახური, გარკვეულ პარადოქსად მეჩვენება. იმიტომ, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს აღიარებს, ანტიმონოპოლიური სამსახური ეს არის აუცილებელი ატრიბუტი. შეგვიძლია, ამ მხრივ განვიხილოთ განვითარებული ქვეყნების გამოცდილება. ევროპაში ყველაზე ცნობილი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და სამსახური გერმანელებს აქვთ. ხშირად მოაქვთ არგუმენტი, რომ ეს სამსახური ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, რაც მე მცდარად მიმაჩნია. არცერთ თავისუფალი ბაზრის მქონე ქვეყანაში, ანტიმონოპოლიური სამსახური არ არის თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული ან მისი განვითარების რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს, იგი ნამდვილად ვერ გასწევს ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის მაგივრობას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არ გააჩნია არანაირი სერიოზული ბერკეტი. საქართველოში მოქმედი ანტიმონოპოლიური რეგულირების დღევანდელი მოდელი, ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში დეპარტამენტის სახით არსებობა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მხოლოდ ტაჯიკეთში, ბელორუსიასა და აზერბაიჯანში ფუნქციონირებდა. ყველა სხვა ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახური არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული. აქედან გამომდინარე, დღეს საქართველოში აუცილებელია, რომ დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახური აღდგეს."
"ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს~ პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ბაზრების უმეტესობის მონოპოლიზების მიზეზი ხელისუფლების არასწორ პოლიტიკაშია და არა ანტიმონოპოლიური სამსახურის არ არსებობაში. `თავისუფალი ბაზრის პირობებში ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობის აუცილებლობა არ არსებობს. მას ორი მიზეზი გააჩნია. პირველი გულისხმობს, რომ თავისუფალ ბაზარზე მთავარია კომპანიებს ჰქონდეთ თავისუფალი შესვლის უფლება ამა თუ იმ ბიზნესში. თუ ეს უზრუნველყოფილია, მომხმარებლის გადაწყვეტილება უკვე შემდგომი პროცესია. ის თუ მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ერთი რომელიმე კომპანიის პროდუქციას და იგი ხდება დომინანტი ბაზარზე, ეს არის ბაზრის გადაწყვეტილება და ფიზიკურად ამის კორექტირება შეუძლებელია. რაც შეეხება მეორე მიზეზს, დღევანდელ სიტუაციაში, სინამდვილეში ყველა ის კომპანია, რომელიც არის გარკვეულ სექტორში მონოპოლისტი, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საგანგებო პირობები სახელმწიფომ შეუქმნა. შეიძლება ითქვას, რომ სინამდვილეში მონოპოლიის შექმნა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია და არა ბაზარს. შესაბამისად, არანაირი ანტიმონოპოლიური სამსახური არ არის საჭირო".
იმ დროს, როდესაც მიმდინარეობს დავა იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა ანტიმონპოლიური სამსახური, დაზარალებული მხოლოდ მომხმარებელი რჩება, რომელსაც სულ უფრო და უფრო მაღალი ფასების გადახდა უწევს, რაზეც პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არავინ იღებს.