უკვე გადაწყვეტილია, რომ დედაქალაქში საბავშვო ბაღები უფასო იქნება და ამით ათასობით ოჯახი მნიშვნელოვან შეღავათს იგრძნობს. საქართველოს პარლამენტმა საბავშვო ბაღების გადასახადისაგან გათავისუფლებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
უმრავლესობის დეპუტატის, თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ხმა მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა მისცეს. საბოლოოდ, კანონპროექტი 89 დეპუტატმა მოიწონა, ერთი კი წინააღმდეგი წავიდა.
უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათ იგივე პოზიცია აქვთ დოკუმენტთან დაკავშირებით, რასაც საკითხის საკომიტეტო მოსმენების დროს აფიქსირებდნენ. ისინი მიიჩნევეს, რომ სახელმწიფომ საბავშვო ბაღებში მხოლოდ გაჭირვებული ოჯახების ბავშვების სწავლა უნდა დააფინანსოს, ხოლო შეძლებულმა ოჯახებმა შვილების სწავლა თავად უზრუნველყონ. ჯაფარიძე თვლის, რომ კანონპროექტის ამოქმედება სახელმწიფოს მხრიდან თანხების არაეფექტურ ხარჯვას გამოიწვევს.
კანონპროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღების საქმიანობის ორგანიზება, დაფინანსების საკითხი, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველობების უფლებამოსილებად განისაზღვრება. კანონპროექტის ამოქმედება მომავალი სასწავლო წლიდან, ანუ სექტემბრიდან იგეგმება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონებში პირდაპირ იწერება, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ძირითად სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახურებისთვის გადასახადის, ტარიფის, ან რამე სხვა საფასურის შემოღება, აკრძალულია.
ამ კანონებითვე განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები: ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იქმნება და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით; მომსახურების ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს 9, 10 ან 12-საათიანი, ორი დღის დასვენებით 5-დღიან სამუშაო კვირაში; უნდა ახორცილებდნენ საგანმანათლებლო და ფიზიკური აღზრდის სპეციალურ პროგრამებს.
ასევე, კანონში ჩაიწერება, რომ ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალხარისხიანი სასმელი წყლითა და ცხელი წყლით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, ასევე ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით და ექიმის მომსახურებით.
ექსპერტი ნოდარ კაპანაძე იზიარებს უმრავლესობის წევრის მოსაზრებას და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტს საკრებულოს ფუნქციებში ჩარევის სრული უფლება აქვს, რამდენადაც ის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა.
„საბავშვო ბაღებში გადასახადების გაუქმება არ არის ურიგო. გასაგებია, რომ არსად არაფერი არ არის უფასო და სწავლის საფასური ვიღაცამ უნდა გადაიხადოს, მაგრამ საქმე ცოტა სხვაგვარადაა, როცა საქმე საბავშვო ბაღს ეხება. მშობლების 60 პროცენტი გადასახადს ვერ იხდიდა. ამიტომ ინიციატივა ასეთი გადასახადის გაუქმებაზე, სრულიად გააზრებული და მისაღებია.
ზოგადად ცუდი ფაქტია ისიც, რომ დედაქალაქისა და რეგიონების საბავშვო ბაღებში სხვადასხვა ტარიფებია. განსხვავებულია ისთბილისის ტერიტორიაზეც, სადაც გადასახადი გეოგრაფიული ნიშნით დახარისხდა. საერთოდ, თუკი საქმე უსამართლობას და მოსახლეობის კეთილდღეობას ეხება, ხელისუფლების მხრიდან ჩარევა ნორმალურ მოვლენად მიმაჩნია“, - განმარტავს ნოდარ კაპანაძე.