პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ - დეცენტრალიზაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი ეწირება. კერძოდ, ქუთაისში პარლამენტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა მხოლოდ ბინებით უზრუნველყოფისთვის ყოველწლიურად - 4 მილიონ 573 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) პარლამენტის წევრების სამივლინებო ხარჯებზე, ქუთაისში დეპუტატთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ბინებით უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხებზე, საწვავის ხარჯებსა და პარლამენტის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.
IDFI-ის მონაცემებით, ქუთაისში პარლამენტის წევრთა ბინებით უზრუნველყოფისთვის ყოველწლიურად - 1 500 000 ლარი უნდა დაიხარჯოს, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე - 3 073 000 ლარი.
ამას გარდა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ კანონმდებელთა სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროვა და ირკვევა, რომ 2012 წლის 22 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე, დავით უსუფაშვილის მივლინებაზე - 4 642 ლარი დაიხარჯა, ვიქტორ დოლიძის მივლინება - 4 423 ლარი დაჯდა, თედო ჯაფარიძის - 3 779 ლარი, ირაკლი სესიაშვილის - 2 671 ლარი, ეკა ბესელიას - 2 605 ლარი, ირინე იმერლიშვილის - 797 ლარი, გიგლა აგულაშვილის - 495 ლარი, ხოლო ვახტანგ ხმალაძის - 349 ლარი.
ამასთან, IDFI პარლამენტის აპარატის მიერ საწვავის მოხმარებაზე გაწეულ ფაქტობრივ ხარჯის შესახებაც აქვეყნებს მონაცემებს და ცნობილი ხდება, რომ საწვავის ხარჯი 2012 წლის პირველი იანვარიდან 2012 წლის 20 ოქტომბრამდე, - 733 697 ლარს შეადგენს, ხოლო 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე - 219 793 ლარს.
გარდა ამისა, IDFI პარლამენტის წევრთა ხელფასის ოდენობასაც ასაჯაროვებს და ირკვევა, რომ პარლამენტის ჩვეულებრივ წევრთა თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) - 2865 ლარს შეადგენს, პარლამენტის თავმჯდომარის - 4450 ლარს, პირველი მოადგილის - 4400 ლარს, ხოლო საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის - 3500 ლარს.
რაც შეეხება კანონმდებელთა პრემიებს, IDFI-ს ცნობით, პარლამენტის წევრებმა 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით, პრემიის სახით - 2 687 752 ლარი მიიღეს.
კერძოდ, ინსტიტუტის მონაცემებით, პარლამენტის წევრები ყოველთვიურად საშუალოდ პრემიის სახით - 280 ლარს იღებენ, თუმცა დამატებითი წახალისების სახით ორმაგი და სამმაგი ხელფასის ოდენობის თანხები აპრილში - 421 825 ლარი გაიცემა, ივლისში – 948 332 ლარი, ნოემბერში – 439 565 ლარი, დეკემბერში – 451 535 ლარი.
2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით კი, ახალი მოწვევის პარლამენტში, ყველაზე დიდი ოდენობის პრემიები მიიღეს დეპუტატებმა - დავით უსუფაშვილი - 9 162 ლარი, მურმანი დუმბაძე - 8 831, მანანა კობახიძე - 8 662, ზურაბ აბაშიძე - 8 589, ზვიად ძიძიგური - 8 562, გიორგი ბარამიძე - 8 562, ირაკლი ჩიქოვანი - 8 495, დავით ონოფრიშვილი - 7 631, გიგლა აგულაშვილი - 7 604, ირინე იმერლიშვილი - 7 577, დავით ბერძენიშვილი - 7 531, ზაქარია ქუცნაშვილი - 7 504, ვახტანგ ხმალაძე - 7 502, ვიქტორ დოლიძე - 7 389, ეკა ბესელია - 7 362, ერეკლე ტრიპოლსკი - 7 362, ზურაბ ტყემალაძე - 7 362, გუბაზ სანიკიძე - 7 362, თედო ჯაფარიძე - 7 362.
უნდა აღინიშნოს, რომ ინსტიტუტის მონაცემებში, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრთა პრემიების შესახებაც არის ინფორმაცია მოცემული. კერძოდ, 2012 წელს, ყველაზე დიდი ოდენობის პრემიები შემდეგ დეპუტატებზე გაიცა - დავით ბაქრაძე - 31 650 ლარი, გიორგი წერეთელი - 27 450 ლარი, მიხეილ მაჭავარიანი - 27 280 ლარი, გიორგი გაბაშვილი - 26 050 ლარი, დავით დარჩიაშვილი - 25 500 ლარი, ხათუნა გოგორიშვილი - 25 355 ლარი, გიორგი მელაძე - 25 246 ლარი, პავლე კუბლაშვილი - 24 950 ლარი, აკაკი მინაშვილი - 24 950 ლარი, ნუგზარ წიკლაური - 24 950 ლარი, ზურაბ მელიქიშვილი - 24 780 ლარი, პეტრე ცისკარიშვილი - 24 780 ლარი, ჩიორა თაქთაქიშვილი - 22 575 ლარი, გიორგი კანდელაკი - 22 450 ლარი, აკაკი ბობოხიძე - 20 757 ლარი, გიორგი თარგამაძე - 19 194 ლარი, ხოლო შოთა მალაშხია - 18 137 ლარი.
აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის პარლამენტში პრემიების სახით წაახალისეს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებიც, რომლებიც სხდომებს ბოიკოტის გამოცხადების გამო, არც ერთხელ არ დასწრებიან. კერძოდ, შალვა ნათელაშვილს პრემიის სახით - 8595 ლარი ჩაერიცხა, კახაბერ ძაგანიას - 8595 ლარი, იოსებ შატბერაშვილს - 8595 ლარი, ხოლო გიორგი გუგავას - 8595 ლარი.
ლეიბორისტების მაგალითიდან გამომდინარე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების“ ინსტიტუტს მიაჩნია, რომ პარლამენტში, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებებში, პრემიების გაცემა ხდება - არა გაწეული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, განსაკუთრებული დამსახურების, ან საქმიანობის წახალისების მიზნით, არამედ როგორც მხოლოდ სახელფასო დანამატი.
IDFI-ს მიერ გამქვეყნებულ მონაცემებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა.
სპიკერის მტკიცებით, 2012 წლის ბოლომდე იძულებულნი იყვნენ ემოქმედათ უკვე დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრებითა და პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დამკვიდრებული პრაქტიკით.
მისი შეფასებით, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის სფეროში გამოსასწორებელი მართლაც ბევრია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტშიც.
„2012 წლის ბოლომდე ჩვენ იძულებული ვიყავით გვემოქმედა უკვე დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრებით და პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დამკვიდრებული პრაქტიკით. კერძოდ, პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები წლების განმავლობაში, ყოველ ივნისში და დეკემბერში, დამატებით ორ-ორი თვის გასამრჯელოს იღებდნენ, რომელსაც ერქვა „პრემია“. სინამდვილეში ეს არ იყო „პრემია“, ვინაიდან ყველას, მიუხედავად დამსახურებისა, წელიწადში 12 ხელფასის ნაცვლად, 16 ხელფასი ეძლეოდა. ამ მექანიზმით ის ფაქტი იმალებოდა, რომ პარლამენტის წევრების ყოველთვიური შემოსავალი წლის განმავლობაში 25%-ით აღემატებოდა მათ ოფიციალურ ყოველთვიურ ხელფასს. მეტიც, 2008 წელს, პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების შემდეგ, ბიუჯეტში შემცირებული 75 დეპუტატის თანამდებობრივი სარგო ისევ იდებოდა და ეს თანახა ყოველთვიურად 260 ლარი პრემიის სახით, 4 წლის განმავლობაში, დარჩენილ 150 დეპუტატზე ნაწილდებოდა“, - განმარტავს დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე, ეს მახინჯი სისტემა შეიცვალა.
„2013 წლის იანვრიდან, პარლამენტის წევრებისთვის არ არის გათვალისწინებული არანაირი პრემია არანაირი „შეფუთვით“. პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ყოველკვარტალური პრემირებისთვის, ყველა თანამშრომლის ერთი თვის ჯამური თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ცალკე ფონდი შეიქმნა. აპარატის თანამშრომლებზე პრემია გაიცემა არა გათანაბრებითი პრინციპით, არამედ დამსახურების მიხედვით. დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, პარლამენტის აპარატის ყოველი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი თითოეული თანამშრომლისთვის კვარტლის ბოლოს გასაცემი პრემიის დასაბუთებას წარმოადგენს, რასაც პარლამენტის აპარატის უფროსი ამტკიცებს“, - აცხადებს სპიკერი.
დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც სამთავრობო უწყებებთან და ექსპერტებთან ერთად კონკრეტულ წინადადებებს შეიმუშავებს.
მართალია, პარლამენტის თავმჯდომარის წინადადება - „აპარატის თანამშრომლებზე პრემია გაიცემა არა გათანაბრებითი პრინციპით, არამედ დამსახურების მიხედვით“ კარგად ჟღერს, თუმცა, სპიკერის ეს ინიციატივა პრაქტიკაში გაამართლებს თუ არა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან პარლამენტის ზოგიერთ აპარატებში მანკიერი ტრადიცია არსებობს - არიან პირები, რომლებიც ხელმძღვანელთა სიმპატიას არა საკუთარი შრომით, არამედ პირადი კონტაქტებით იმსახურებენ. კერძოდ, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში, ზოგიერთ დეპარტამენტსა თუ აპარატში, ხელმძღვანელები პრემიებით იმ პირებს ახალისებდნენ, რომლებიც „ან მათთან მეგობრობდნენ, ან მათ ნაციონალებში კარგი ნაცნობები ჰყავდათ, ან ისინი შიკრიკის კარგი უნარებით გამოირჩეოდნენ“.