ქართული ხილ-ბოსტნეული ღვინის გზაზე

ქართული ხილ-ბოსტნეული ღვინის გზაზე

მეღვინეების ჩრდილოეთისაკენ გაკვალულ გზას მალე ადგილობრივი ხილ-ბოსტნეულიც დაადგება. სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ქართული აგრარული პროდუქცია რუსეთის დახლებზე გაჩნდება. მართალია, ადგილობრივი ხილ-ბოსტნეული რუსთში აქამდეც ხვდებოდა, მაგრამ შეფარულად და შეზღუდული რაოდენობით.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს 7-კაციანი დელეგაცია რუსეთში გასამგზავრებლად ემზადება. ქართველ და რუს კოლეგებს შორის, რუსეთის სამომხმარებლო ბაზარზე ქართული წარმოების ცხოველური და მცენარეული პროდუქტების შეტანის საკითხი განიხილება. მოლაპარაკების შემდეგ, შესაძლოა, რუსეთში საქართველოდან ხილი, ბოსტნეული, ყველი, თევზი და სხვა პროდუქცია გავიდეს.

ქართული დელეგაცია მოსკოვში 18 მარტს გაემგზავრება. სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის თქმით, ქართული დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან “როსპოტრებნადზორის” წარმომადგენლებს. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს 25მარტს, ღვინისა და მინერალურ წყლებთან დაკავშირებით, რუსი ექსპერტების მეორე ჯგუფი ეწვევა, რომელიც დარჩენილ ქარხნებს შეამოწმებს და ამით დაასრულებს თავის ინსპექტირებას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელიც ქართული ბოსტნეულის საექსპორტო შესაძლებლობებს ასახავს, მიმზიდველი ნამდვილად არ არის. წინა წლების ოფიციალური სტატისტიკისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია იმის დასტურად, რომ სოფლის მეურნეობის ამ დარგს საექსპორტო ბაზრის მოძიება ძალიან უჭირს.

“საქსტატის” ინფორმაციით, ქართული კიტრის (ახალი ან შეყინული ნაწარმის) ექსპორტმა 2012 წელს 9,6 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო ამ მიმართულებით 2009-11 წლებში ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. სტაფილოს, თალგამის, ჭარხლისა და სხვა ანალოგიური ბოსტნეულის ექსპორტი 2009 წელს 1,1 ათასი აშშ დოლარით განისაზღვრა, მომდევნო 2010 წელს - 94,8 ათასი აშშ დოლარით, 2011 წელს აღნიშნული ნაწარმი უცხოურ ბაზარზე არ გატანილა, ხოლო შარშან ექსპორტმა ამ მიმართულებით 20,2 ათასი დოლარი შეადგინა.

2009 წელს გაყინული ბოსტნეული ქვეყნიდან არ გასულა, 2010 წელს კი მან 5,1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 2011 წელს - 10,6 ათასი, ხოლო 2012 წელს 15,4 ათასი აშშ დოლარი დაფიქსირდა. დამუშავების გარეშე, გამხმარი ბოსტნეულის საექსპორტო მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში 5,5 ათასი აშშ დოლარია, ხოლო 2009-10 წლებში ექსპორტი ამ მხრივ არ ფიქსირდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მწვანილისა და ბოსტნეულის ექსპორტი ჯერჯერობით ვერ ხორციელდება. ცვლილებები მას შემდეგ არის მოსალოდნელი, როცა ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის კარი ოფიციალურად გაიხსნება.

არსებული პრობლემების მიუხედავად, ქართული მწავანილი უცხოურ ბაზრებზე მაინც ხვდებოდა, მათ შორის, რუსეთშიც. წლეულს კი მწარმოებლები რატომღაც არ ჩქარობენ. თითო-ოროლა კომპანია, რომელიც პროდუქტს ექსპორტისთვის ამზადებდა, ამ ეტაპზე, ძირითადად, შიდა ბაზარზე აკეთებს აქცენტს.

აჭარაში მოყვანილი მწვანილი შარაშან უკრაინისა და სომხეთის ბაზრებზე გაიყიდა, თუმცა ამ მიმართულებით წელს სასურველი მდგომარეობა არც ამ ქვეყნებშია.