პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია იქმნება, რომელსაც „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერქმევა. მასში „ლელოს“ სიით არჩეული დეპუტატების გარდა, დამოუკიდებელი დეპუტატებიც იქნებიან. ფრაქციაში ვიხილავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს, სალომე სამადაშვილს, „ევროპული საქართველოს“ სიით არჩეულ შალვა შავგულიძესა და არმაზ ახვლედიანს.
როგორც „ლელოს საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერმა და ახალი ფრაქციის წევრმა, მამუკა ხაზარაძემ 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფრაქცია იქნება გარანტი, რომ მოქალაქეების ხმა წარადგინოს საქართველოს პარლამენტში.
„ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭერილი იმ პერსპექტივით, რომ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი. და, რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენთაგანი იქნება იმის გარანტორი, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის, რომლის ცხოვრებაც ასე გაუარესდა ბოლო 9 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, ხმა ვიყოთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიების დეპუტატების დიდმა ნაწილმა მას შემდეგ დაიწყეს მუშაობა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სწორედ ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო საპარალამენტო საქმიანობის დაწყებაც.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ახალი ფრაქციის შექმნას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციაში გამოიკვეთა შედარებით კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, რაც მისასალემებელი.
„ალბათ, უფრო კონსტრუქციული სტილი ექნებათ სადავო თემებზე, დოკუმენტებით, საკანონმდებლო წინადადებით და ა.შ. ახალი ფრაქცია ეცდება გამოავლინოს თავისი პოტენციალი. იმ სულისკვეთებისთვის, რასაც კონსტრუქციულობა ჰქვია, საპარალმენტო მუშაობა დადებითი ფაქტია. არიან ძალები, რომელთაც დღეისთვის პარლამენტის გარეთ ვხედავთ და ბუნდოვანია, შემოვლენ თუ არა პარლამენტში. ასევე, არიან ძალები, რომლებიც საერთოდ ვერ შემოვლენ, რადგან არჩევნებში საკმარისი ხმები ვერც აიღეს და ამ მოძრაობებში აქტიურად იყვნენ ჩართული. ამათ ფონზე, მკაფიოდ გამოიკვეთება, რომ საქართველოში ოპოზიციაც ევროპაზეა ორიენტირებული და ამან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ პარლამენტში ოპოზიციონერი ლიდერების მიერ ახალი ფრაქციის შექმნა არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის. მისი თქმით, მთავარი საკითხი კვლავ ის არის, პარლამენტში შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა.“
„არ მგონია, რომ ახალმა ფრაქციამ რადიკალური ცვლილება მოახდინოს საპარლამენტო საქმიანობასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ფრაქცია შეიქმნა, თუმცა, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რამდენი ოპოზიციონერი დეპუტატი იჯდება პარლამენტში.
მთავარი საკითხი კვლავ რჩება, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, რომ ოპოზიცია იყოს უფრო სოლიდურად წარმოდგენილი. ფრაქციის შექმნა ამ შემთხვევაში რეალურად ვერ შეცვლის ფაქტს. ვინც არის დღეს წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში, ისევ ისინი იქნებიან.
საქართველო წინ შეიძლება წავიდეს ევროპისკენ, თუ ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, აღმოიფხვრება, რაც უკავშირდება არაფორმალურ მმართველობას და როდესაც მმართველი პარტია რეალურად გაატარებს პროდასავლურ კურსს. მხოლოდ განცხადება, რომ საქართველოს სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ კმარა, რადგან მეორე მხრივ, არის მცდელობები მოახდინოს ზეგავლენა პოლიტიკურ ოპონენტებზე. ყველაფერი დამოკიდებულებულია იმაზე, რამდენად იმუშავებს „ლელო“ იმ მიმართულებით, რომ მისი რეიტინგი ამაღლდეს და მან უფრო მეტი ხმა მოიპოვოს თვითმმართველობის არჩევნებში, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში“, - თქვა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.