საქართველოში საწვავის ფასი რამდენიმე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე 3 ლარს გადასცდა. საუბარია „სუპერის“ ტიპის საწვავზე, რომელიც „ვისოლის“ სადგურებზე 3.02 ლარი ღირს, „ლუკოილის“ სადგურებზე - 3.10 ლარი. ქვეყანა მასშტაბური სიძვირის წინაშეა. საუბარია, არა მხოლოდ საწვავის, არამედ მრავალი პროდუქტისა და მომსახურების გაძვირებაზე.
მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი ამჟამად ერთ ბარელზე 69 დოლარს შეადგენს, ლარი კი სულ უფრო უფასურდება და, დღეის მდგომარეობით, ერთი დოლარის ღირებულება 3.42 ლარს შეადგენს. ორივე ეს კომპონენტი საწვავს მკვეთრად აძვირებს.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მძიმეა სპეციალისტების პროგნოზი. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, ფასი კიდევ გაიზრდება.
„რა თქმა უნდა, ვითარება საკმაოდ რთულია, არაორდინალური. როგორც უკვე აღინიშნა, საწვავზე 3-ლარიანი ნიშნულის გადალახვა მოხდა, „სუპერის“ ტიპის ბენზინზე. აქვე გეტყვით, რომ მისი მოხმარება მთლიანი საწვავის სტრუქტურაში არის, დაახლოებით, 1-დან 2%-მდე. „პრემიუმის“ ფასიც, შეიძლება ითქვას, თითქმის, 3-ლარიან ნიშნულთან არის მისული - 2,90-2,95 ლარი ღირს და პრინციპში, შესაძლებელია, ამ კატეგორიის საწვავის ფასიც რაღაც დროის შემდეგ 3-ლარიან ნიშნულთან მივიდეს.
რაც შეეხება „რეგულარის“ ტიპის საწვავს, რომლის მოხმარებაც ყველაზე დიდია, მის ფასსაც ბევრი აღარც აკლია 3 ლარამდე, თუმცა ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ამ ნიშნულამდე არ მივა. ისტორიულად ეს არის ყველაზე მაღალი ფასები, რაც კი საქართველოში ყოფილა საწვავთან მიმართებით“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
კომპანია „ვისოლში“ საწვავის ღირებულების კიდევ 5-10 თეთრით ზრდას ადასტურებენ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ხორავას განმარტებით, ქვეყნის შიდა ბაზარზე საწვავის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდითა და ლარის გაუფასურებით არის განპირობებული.
„ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო და მატებას აგრძელებს. შესაბამისად, ეს ჩვენს შიდა ბაზარზე აისახება. თუ ავიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენით შეიცვალა საწვავის საბითუმო ფასი წლის დასაწყისიდან, ვნახავთ, რომ დღემდე ფასი 200 დოლარითაა მომატებული. ფასების ზრდის დინამიკა კი ჩვენს რეალობაში, დაახლოებით, 50 თეთრის ფარგლებში მოხდა. საწვავის ფასი სავალუტო კურსის გათვალებით, დაახლოებით, 60-65 თეთრამდე უნდა გაიზარდოს, რომ მივიღოთ დაბალანსებული ნიშნული, რომელიც კომპანიების ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ამიტომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასებისა და ლარის გაცვლით კურსის გათვალისწინებით ცვლილებები კვლავ განხორციელდება. ეს დიდი ნახტომი არ იქნება. იმედს ვიტოვებთ, რომ ნიშნული, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა - 1 ტონა ბენზინი 650 დოლარი - შენარჩუნდება და ამ მოცემულობაში ფასების ზრდას 5-დან 10 თეთრამდე უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა „ბიემთან“ საუბრისას ხორავამ.
საქართველოს მთავრობას რომ განეხორციელებინა გაცემული დაპირებები ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობასთან დაკავშირებით, საწვავის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 15-20% ნაკლები იქნებოდა - ასეთია სატრანპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდეტის პაატა ცაგარეიშვილის მოსაზრება. მან ჩამოთვალა სამივე დაპირება, რომელიც დღეს იქნებოდა საწვავის ფასის სტაბილურობის გარანტი საქართველოში.
- 2015 წელს დაანონსებული ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი. მასზე ინტერესთა გამოხატვა 2014 წელს გამოცხადდა, რომელიც ითვალისწინებდა 2 მლნ ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას. პროექტის დასრულება 2018 წლისთვის იყო დაგეგმილი. პროექტის განხორციელება დაპირების დონეზე დარჩა და არც დაწყებულა.
- 2016 წელს დაანონსებული სუფსაში ნავთობგადმამუშავებელი კომპლექსის მშენებლობა. მისი ხელმოწერის ცერემონიას და პროექტის პრეზენტაციას „ქარვასლაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც კი დაესწრო. საწარმოს ნავთობპროდუქტების წარმადობა წელიწადში 5 მლნ ტონა უნდა ყოფილიყო, რაც სრულად უზრუნველყოფდა არა მარტო ადგილობრივ მოხმარებას, არამედ საწვავის ექსპორტს რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებზე. პროექტი არ განხორციელებულა.
- 2016 წელს ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომელიც ექსპლოატაციაში 2020 წელს უნდა შესულიყო. მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო და საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორი ქვეყნად გადაიქცეოდა. დაანონსებული პროექტის განხორციელება, რასაკვირველია, არ დაწყებულა.