უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში წინა ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს მესვეურთა საქმიანობის შესახებ სულ ახალ-ახალი ინფორმაციები ხდება ცნობილი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ გასულ წლებში თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის უხარისხო ჯავშანჟილეტები შეისყიდა. ჯავშანჟილეტების საქმეზე მუშაობა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაასრულა. საქმე მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა ბრიფინგი გამართა.
როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, 2009 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „ტრეიდ ალიანს ჯგუფისგან“ მილიონ 680 ათასი დოლარის ღირებულების, უკრაინაში წარმოებული 3000 ცალი ჯავშანჟილეტი “Телохранитель М3” შეიძინა. ჟილეტების გამოცდის შემდეგ, მათი ხარისხი უარყოფითად შეფასდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილი ჯავშანჟილეტები გამტარია, როგორც პისტოლეტის, ასევე ავტომატის ტყვიისთვის.
“Телохранитель М3” მარკის ჯავშანჟილეტის შესყიდვაზე გადაწყვეტილება ეჭვს იწვევს, რადგან ისინი ფარული ტარების ბიზნეს კლასის ჯავშანჟილეტს წარმოადგენს. ეს დასტურდება მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით და ჟილეტების თანხმლები პასპორტის მიხედვით. თავდაცვის უწყების მიერ შესყიდული ჯავშანჟილეტები ასევე, ვერ აკმაყოფილებს ჯარისთვის საჭირო მოთხოვნებს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უხარისხო ჯავშანჟილეტების შესყიდვის შესახებ საქმის კურსში იყო თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობა, თუმცა არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ტრეიდ ალიანს ჯგუფს“ შორის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი 3.000 ცალი ჯავშანჟილეტის მიღებაზე არ შედგენილა, სასაქონლო ზედნადები და საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოწერილა. მიუხედავად ამისა, კომპანიის ანგარიშზე დარჩა თავდაცვის სამინისტროდან გადარიცხული 2 მილიონ 821 056 ლარი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
კიდევ ერთი ხმაურიანი თემა, რაც თავდაცვის სამინისტროს ეხება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გაახმოვანა. ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას 756 000 ლარის იარაღი აქვს საჩუქრად დარიგებული. მისივე თქმით, ახალაიასგან იარაღი საჩუქრად უმცირესობის ამჟამინდელ წევრებს, აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურსაც ერგოთ.
„ამ იარაღის ჯილდოდ გადაცემასაც თავისი წესი აქვს და ის სამსახურეობრივ საშტატო იარაღს წარმოადგენს. ამ სიაში ასევე მოხვდნენ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობი პროგრამა "შაბათის შოუს" მსახიობები და მომღერლები, რაც ასევე დასაფიქრებულია", - განაცხადა სესიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით for.ge-მ მასალა მოამზადა და იმ პირების კომენტარები ჩაწერა, რომლებმაც საჩუქრად იარაღები მიიღეს. არც ერთმა მათგანმა არ იცის, რა დამსახურებისთვის მიიღეს საჩუქრად ეს იარაღები. ნუგზარ წიკლაური for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სავარაუდოდ იმიტომ მიიღო ასეთი საჩუქარი, რომ მისი საქმიანობა ქართული ჯარის გაძლიერებისკენ იყო მიმართული (?!). ამავე თემაზე კომენტარის გაკეთებისას საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი კი იმაზე საუბრობს, რომ თურმე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებებს კანონიერი ქურდები იძლევიან და ამით პროკურატურას ახალაიას ბრალის დამძიმება უნდა. რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის თანამშრომლებს, ნიკა არაბიძესა და ვახო ბიჭიკაშვილს, ისინი ფიქრობენ, რომ თავდაცვის სამინისტროსგან ჯილდოდ იარაღები ქვეყნის მასშტაბით კონცერტების ჩატარების გამო მიიღეს.
გარდა ამისა, სესიაშვილის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ 440 000 ლარი გადაიხადა "მინი-ვენში", რომელშიც არის "პლეისთეიშენის" გასართობი მოწყობილობა დამონტაჟებული.
ამასთანავე, სესიაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებაში 2009 წლის სექტემბრიდან და 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 41 მილიონი ლარის პრემიაა დარიგებული, რომლის დიდი ნაწილი მაღალჩინოსნებმა მიიღეს.
„2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით დაახლოებით 41 მილიონი იქნა ჩამორიგებული პრემიების სახით, რომლებსაც ძირითადად მინისტრები, მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები იღებდნენ. მხოლოდ გამონაკლისი ჯარისკაცებისთვის იყო დარიგებული პრემიები. გაერთიანებული შტაბის უფროსმა აიღო სამი წლის განმავლობში 267 000, მისმა მოადგილემ გიორგი კალანდაძემ კი 200 000. ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი გენერალიტეტმა პრემია აიღოს, მაგრამ როდესაც ხედავ გაუსაძლის პირობებს და საფრთხეს, რომ ეს შენობები ჩამოინგრეს და ამ დროს ამხელა პრემიებს იღებ – ეს არის უპასუხისმგებლობა. 2012 წლის 3 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე, როდესაც ხელისუფლების გადაცემა უნდა მომხდარიყო, სასწრაფო წესით 738 000 ლარი იქნა პრემიების სახით ჩამორიგებული, მათ შორის მინისტრის მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ 12 500 ლარი აიღო, გენერალური ინსპექციის უფროსმა – 15 000. დამოუკიდებელ ექსპერტად წოდებულმა სვიმონ მასხარაშვილმა კი პრემიის სახით ერთი წლის განმავლობაში 40 000 ლარი აიღო", - აღნიშნა სესიაშვილმა.
ამის პარალელურად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ფინანსთა მინისტრთან ერთად, ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა. მინისტრებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. დათვალიერების შემდეგ, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ვაზიანის ბაზის ტერიტორიაზე მდებარე შტაბიც მოინახულეს. მათ შტაბის შენობაში განთავსებული თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაიას და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის სამუშაო კაბინეტები და მოსასვენებელი ოთახები დაათვალიერეს. აქამდე, თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსნების კაბინეტები დალუქული იყო. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს, რომ ეს თანამედროვე სტილით მოწყობილი, საკმაოდ ძვირადღირებული აპარტამენტებია.
For.ge შეეცადა დაეზუსტებინა, ჯავშანჟილეტების შეძენის საკითხში, კონკრეტულად რაში გამოიხატება თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ბრალეულობა - რომ შეიძინეს ეს ჟილეტები, თუ რომ არ მოახდინეს არანაირი რეაგირება, როდესაც გაირკვა, რომ ჯავშანჟილეტები უვარგისი იყო. თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, ანდრო გოცირიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ გენერალური ინსპექცია სამართალდამცავი სტრუქტურა არ არის და ამ ქმედებებს კვალიფიკაციას ვერ მისცემს. ზოგადად კი გენინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმებით დადასტურდა, რომ 2 მლნ 800 ათასი ლარი ჟავშანჟილეტებისთვის ავანსის სახით არის გადახდილი და როდესაც პროდუქცია ჩამოვიდა, შემოწმების აქტით დადასტურებულია, რომ ეს ჟილეტები იყო გამტარი, ანუ უვარგისი, მაგრამ ამას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ანდრო გოცირიძის განმარტებით, როგორც ახლა თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევის მასალები მთავარ პროკურატურას გადასცა შემდგომი რეაგირებისთვის, მაშინაც სამინისტრო მინიმუმ ასე უნდა მოქცეულიყო. ამასთანავე, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ თავისთავად ამ ჯავშანჟილეტების შეძენაც კონკრეტული დაინტერესების გარეშე არ მოხდებოდა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამხელა თანხა ავანსად იქნა გადახდილი. თუმცა ანდრო გოცირიძე განმარტავს, რომ ამაზე მეტ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან გენერალურ ინსპექციას ევალება, როგორც კი საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, მაშინვე მასალები პროკურატურას გადაუგზავნოს, დანარჩენი კი გამოძიების გასარკვევია.
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამ საქმის ფიგურანტების გამოკითხვის თანახმად, საქმეში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა იკვეთება. გოცირიძის თქმით, ახსნა-განმარტებებში ეს ადამიანები აცხადებენ, რომ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნების დავალებით მოხდა იმ ფირმის დაარსება, რომლისგანაც შემდგომში თავდაცვის სამინისტრომ ეს ჟილეტები შეიძინა. შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ჯავშანჟილეტების საქმეში კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსანის, ოლეგ მელნიკოვის ბრალეულობა იკვეთება და ითქვა ისიც, რომ მელნიკოვის დავალებით იარაღის მაღაზიის დაცვის რიგითმა თანამშრომელმა დააფუძნა ეს ფირმა.
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტიის ხელმძღვანელი, ანდრო გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნილი იყო სულ სხვა ტიპის ჟავშანჟილეტები, რომლებიც არ არის სამხედრო უწყებისთვის შესაფერისი. კერძოდ, ანდრო გოცირიძე აცხადებს, რომ ეს ისეთი ტიპის ჟილეტებია, მაგალითად, ბიზნესმენებს ტანსაცმლის შიგნიდან რომ აცვიათ ხოლმე, ანუ საუბარია სამოქალაქო დანიშნულების პროდუქციაზე და არა სამხედროებისთვის განკუთვნილ ჯავშანჟილეტებზე. და ბოლოს, ანდრო გოცირიძე აცხადებს, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულებები სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის გარეშე ვერ გაფორმდებოდა.
ამ ყველაფრის ნახვისა და გაგების შემდეგ, უნებურად ჩნდება კითხვა, - რისთვის ხდება ამ მასალების გამომზეურება და ხომ არ არის ეს პროკურატურისთვის ერთგვარად ხელის შეშველება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში. კერძოდ, მოგეხსენებათ, ახალაიას ოჯახი და მისი მხარდამჭერები მუდმივად აცხადებენ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდებებს ვერ უმტკიცებენ და იმისათვის, რომ პატიმრობაში ჰყავდეთ, კიდევ ახალ-ახალ ბრალდებებს უთითხნიან. ბაჩო ახალაიას მიმართ რომ საზოგადოებაში უამრავ საკითხში სერიოზული პრეტენზიები არსებობს, ამაზე რა თქმა უნდა, არავინ დავობს, მაგრამ რამდენად სწორია ხელისუფლების ასეთი პოლიტიკა, როდესაც ახალაიას მიმართ ბრალდებები ასე ფრაგმენტულად, თანდათანობით იდება, ამ კითხვებით იურისტებს და ექსპერტებს მივმართეთ.
იურისტი ლია მუხაშავრია არ ემხრობა ამ ტაქტიკას, რომ ახალაიას ასე თანდათანობით ახალ-ახალი ბრალდებები წარედგინოს. იურისტი უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ეს ბრალდებები ან დაეკონსერვებინათ, ან ერთად მოეყარათ თავი და ერთიანად წაეყენებინათ ახალაიასთვის. რაც შეეხება ჯავშანჟილეტების თემას, ლია მუხაშავრია განმარტავს, რომ სამინისტროში შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირები არსებობენ და სწორედ ეს ადამიანები არიან ამგვარ ფაქტებზე პასუხისმგებლები.
„გასარკვევია, დაადასტურებენ თუ არა შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირები, რომ მინისტრი ამ შესყიდვასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო, ასევე დაეთანხმა თუ არა ის ამ უკანონო შესყიდვას. ამასთანავე, მინისტრმა განზრახ ვინმეს დაავალა უვარგისი პროდუქციის შეძენა, თუ გაუფრთხილებლობით არ მიიღო ზომები, როცა უნდა მიეღო, ან თუნდაც, როცა ცნობილი გახდა, რომ ეს ჟილეტები უვარგისი იყო, მერე რა გააკეთა და ა.შ. ეს არის გამოძიების საკითხი და მან დეტალურად უნდა გამოიკვლიოს ეს ამბები“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
მისი თქმით, შესაძლოა გამოძიება შესყიდვაზე პასუხისმგებელ პირებზე ზევით ვერ წავიდეს. შესაძლოა, ბაჩო ახალაიას რომელიმე მოადგილეს ევალებოდა ამ პროცესზე ზედამხედველობა და ეს სწორედ მისი პასუხისმგებლობის საკითხია. ამიტომ იურისტი თვლის, რომ ასე ცალსახად ამაზე საუბარი ძალიან ძნელია და გამოძიებას მოუწევს დეტალურად ჩაეძიოს ამ საკითხებს და ყველაფერი კარგად შეისწავლოს. რაც შეეხება ვაზიანის აპარტამენტების თემას, ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ აპარტამენტების ჩვენება საზოგადოებრივი აზრის გარკვეული მიმართულებით მიმართვისკენ გამიზნული ქმედებაა.
„რაზე შეიძლება ამ შემთხვევაში ახალაიას შეედავონ, თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე? იქნებ, ბაჩო ახალაიამ საერთოდ არ იცოდა, რომ ეს აპარტამენტები გაკეთდა და იქნებ, მას ამ აპარტამენტებით ერთხელაც არ უსარგებლია? იქნებ ეს აპარტამენტები საერთოდ არც არის იმ შენობაში, რომელზეც მიგვითითებენ, საიდან ვიცით ჩვენ ეს?“, - აღნიშნავს ლია მუხაშავრია.
მისი თქმით, სწორედ ასეთი ფაქტების გამომზეურება უქმნის დასავლეთს იმის განცდას, რომ საქართველოში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. იურისტი აცხადებს, რომ ამის ნაცვლად უკეთესი იქნებოდა სამართალდამცავ უწყებებს თავისი საქმე ასეთი პიარ-კამპანიების გარეშე ეკეთებინათ. ამასთანავე, მუხაშავრია ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ახლანდელ მინისტებრსაც არ აქვთ სადმე მსგავსი აპარტამენტები.
იარაღების ჯილდოებად გაცემის თემასთან დაკავშირებით ლია მუხაშავრია განმარტავს, რომ საერთოდ, მინისტრს საჩუქრების გაკეთების უფლება აქვს და ამ იარაღების გაცემის დროს შედგებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნული იქნება, რა მოტივით იქნა ეს იარაღები საჩუქრად დარიგებული.
„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი რამ არ ხდებოდა მანამდე, ანა რ ხდება ახლა და თუკი ასეთი ტრადიცია არსებობს, არ შეიძლება ეს ქმედება ერთი კონკრეტული პირის დანაშაულად მივიჩნიოთ. როგორც ვიცი, ეს გავრცელებული პრაქტიკაა და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ამაზე საუბარი, როდესაც ადამიანს გაცილებით მძიმე დანაშაულზე უნდა ვედავებოდეთ, არ არის არც ზნეობრივად და არც სამართლებრივად გამართლებული“, - ამბობს იურისტი.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ვარდების რევოლუციიდან თავდაცვის უწყებას ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ თავდაცვის უწყებაში დახარჯული მილიონობით თანხები სამხედროების კეთილდღეობაზე იხარჯებოდა, სინამდვილეში უკანასკნელ დღეებში ნაჩვენებმა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ყაზარმებმა და თავდაცვის მაშინდელი მინისტრის აპარტამენტებმა ცხადჰყო, თუ ვის კეთილდღეობაზე იხარჯებოდა აღნიშნული თანხები.
„რა თქმა უნდა, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც დანაშაული. ჩვენ ვნახეთ, რა მდგომარეობაშია ყაზარმები და ისიც, რომ ჯარისკაცები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. პრემიებთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ყოველთვის აღშფოთებას იწვევს ხოლმე ამ პრემიების ოდენობა. რა თქმა უნდა, ოთხი წლის განმავლობაში პრემიების სახით გაცემული 41 მლნ ლარი ძალიან ბევრია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრემიების გაცემის საკმაოდ მახინჯი პრაქტიკა არსებობდა, როდესაც პრემიებს დეპარტამენტის უფროსი თავისი ნება-სურვილის და არა იმის მიხედვით გასცემდა, თუ ვინ რა სამუშაო შეასრულა. ასევე პრემიების გაცემა მინისტრის ბრძენბითაც ხდებოდა“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.
მისი თქმით, ძირითადად პრემიები ერთგულების ნიშნით შერჩეულ ადამიანებზე რიგდებოდა და არა მათზე, ვინც მეტს მუშაობდა. რაც შეეხება იარაღების ჯილდოდ გადაცემას, ექსპერტის თქმით, გადაცდომები აქაც არის და სახელმწიფო თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, ამ ოდენობით საბიუჯეტო თანხა ასე დაანიავოს, თავისი ნება-სურვილის მიხედვით. თეონა აქუბარდიას თქმით, იარაღის დარიგება გარკვეული დამსახურებებისთვის და გარკვეულ დღეებში უნდა ხდებოდეს, მაგალითად, შეიარაღებული ძალების დღეს, დამოუკიდებლობის დღეს და ა.შ.
„იარაღის დარიგება არ უნდა მომხდარიყო ისე, რომ ვიღაცას უნდოდა იარაღი ჰქონოდა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელისგან საჩუქრად მიეღო ეს იარაღი. ამიტომ აუცილებლად უნდა დასრულდეს ეს მახინჯი პრაქტიკა (რაც თუნდაც პრემიების დარიგებას ეხება), რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლეოდა. ის თანხები, რომლებიც ასე უმიზნოდ არის დახარჯული, დააკლდა თითოეულ ჯარისკაცს და შესაბამისად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამიტომ მიმაჩნია, რომ კარგად უნდა იქნეს ეს საკითხები შესწავლილი, რათა გაირკვეს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. აქ მხოლოდ ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი, რადგან როდესაც საქმე იარაღის ჩუქებას ეხება, როგორც ვიცი, იქ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსიც ფიგურირებდა. აქედან გამომდინარე, ეს საკითხები გამოსაძიებელია, რათა საზოგადოებამ გაიგოს, ვისი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფერში გამოკვეთილი“, - აღნიშნავს ექსპერტი.
კიდევ ერთი თემა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გაახმოვანა, უწყებაში პირობითად ასე მონათლეს - „ქართული არმიის საწვავი "ნაციონალური მოძრაობისთვის". საუბარია დიმიტრი შაშკინის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში უწყების მიერ არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებზე. როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს და საქმე ეხება, თავდაცვის სამინისტროს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ საწვავით მომარაგების თემას. ვაკო ავალიანის განმარტებით, მხოლოდ ერთ ეპიზოდში, რომელიც აღნიშნული კუთხით სამეგრელოს რეგიონში განხორციელებულ დანახარჯებს შეეხება, არამიზნობრივად გამოყენებული იყო თავდაცვის სამინისტროს 22 ათასი ლიტრი ბენზინი და 16 ათასი ლიტრი დიზელის საწვავი, რის გამოც უწყებას 55 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. შესაბამისი ბრძანება კი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის იმდროინდელი მოადგილის, გიორგი კალანდაძის მიერ იქნა გაცემული. საქმის დეტალებზე სამხედრო პოლიციის უფროსმა კახაბერ ჩიხრაძემ ისაუბრა.
„2012 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძემ სიტყვიერი ბრძანებით შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალ გიორგი კერესელიძეს დაავალა მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზვიად გაგუას დიზელითა და ბენზინით იმ რაოდენობით უზრუნველყოფა, რა რაოდენობასაც მოითხოვდა ბრიგადის მეთაური. ამასთან, საწვავი უნდა მიეწოდებინათ მუხიანის ბაზიდან ამავე ბაზის ბენზინმზიდებით. გარდა ამისა, მძღოლები უნდა ყოფილიყვნენ ჩაცმული სამოქალაქო ტანსაცმელში, მანქანას კი, მოხსნილი უნდა ჰქონოდა სამხედრო ტრანსპორტისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი და ის წარმოდგენილი ყოფილიყო სამოქალაქო ნომრებით“, - აღნიშნა ჩიხრაძემ.
და ბოლოს, დღეს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, „თბილავიამშენის“ აღმასრულებელ დირექტორად ბიძინა ივანიშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტად შერაცხული, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი პრეზიდენტი, გიგა ჩრდილელი დაინიშნა. მის დანიშვნას დღესვე საწარმოს ყოფილი მეწილე, პანტიკო თორდია გამოეხმაურა, რომელიც თავისი საკუთრების სამართლებრივი გზით დაბრუნებას აპირებს. თორდიას თქმით, მას შეხვედრა ჰქონდა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, რომელმაც ურჩია, რომ ქონების დასაბრუნებლად სამართლებრივი გზით ებრძოლა და თორდია ამბობს, რომ ამის შემდეგ მთავარ პროკურატურას მიმართა.
შეგახსენებთ, ამჟამად „თბილავიამშენი“ სახელმწიფო საკუთრებაა და მის მმართველად საკმაოდ „საინტერესო“ ფიგურა დაინიშნა. ამიტომ, როგორც ჩანს, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ამ ყველაფერს გაგრძელება მოყვება და კიდევ ბევრი საინტერესო დეტალის გამომზეურების მოწმენი გავხდებით.