ბათუმში მეჩეთის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე აშენება კვლავ ძალაშია

ბათუმში მეჩეთის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე აშენება კვლავ ძალაშია

თუ წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილი-ერდოღანის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენება იყო გეგმაში, ახლა ივანიშვილი-ერდოღანის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე იგეგმება მეჩეთის აშენება, ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ გეგმიდან სახელი აზიზიე ამოვარდა.

ივანიშვილი-ერდოღანის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე ბათუმში, რომ მეჩეთის აშენება იგეგმება, ეს დოკუმენტალურად დასტურდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული წერილით, რომლის ადრესატია for.ge. ამ დოკუმენტს ხელს აწერს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი.

საქართველოს ხელისუფლების წევრები საჯარო განცხადებებში მეჩეთის აშენების საჭიროებას იმით ხსნიან, რომ მრევლს ბათუმში სალოცავი სივრცე არ ჰყოფნის. მაგალითად, მარინე მიზანდარმა for.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ნანახი აქვს იმის დამადასტურებელი კადრები, რომ ბათუმის მეჩეთში მრევლს სალოცავი სივრცე არ ჰყოფნის.

for.ge-სთვის სარწმუნო წყაროსგან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ანკარიდან საქართველოს დელეგაციის დაბრუნების შემდეგ ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში პარასკეობით აჭარის რეგიონის სხვადასხვა რაიონებიდან, სოფლებიდან მლოცველები ორგანიზებულად, მიკროავტობუსებით ჩამოჰყავთ, რა დროსაც სხვა მეჩეთები დაცარიელებულია. დაგვპირდნენ, რომ ამ ინფორმაციის დამადასტურებელ ვიდეოკადრებს მოგვაწვდიან.

შეგახსენებთ, რომ რადგან  14 თებერვალს ანკარაში ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანმხლებ დელეგაციაში იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებაზე გარკვეული განცხადებები გააკეთეს, for.ge-მ 21 თებერვალს ორივე მათგანს ერთიდაიგივე შინაარსის განცხადებებით მიმართა.

კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ for.ge-სთვის ინტერვიუს მოცემა არჩია, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სათაურით – for.ge  თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების პროექტს გაეცნო. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩვენთან შეხვედრას, ან კითხვებზე წერილობით პასუხს ამჯობინა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის დაევალებინა დოკუმენტის მომზადება და ჩვენთვის გადმოცემა.

for.ge-სთვის გამოგზავნილ დოკუმენტს ხელს აწერს ირაკლი ქოიავა, რომელიც, როგორც ზემოთაა აღნიშნული არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირი და ამავდროულად, იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

 for.ge-ს განცხადების შინაარსი:

“თქვენთვის ხელსაყრელი ფორმით (შეხვედრა, ან წერილობითი პასუხი) გთხოვთ, პუნქტობრივად მიპასუხოთ ამ განცხადებაში წარმოდგენილ კითხვებზე, ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 41 მუხლების საფუძველზე, მათზე წერილობითი პასუხის გაცემა დაავალოთ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, ვინაიდან ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვ, არის საჯარო. კითხვები ამგვარი შინაარსისაა:

1.გთხოვთ, დააკონკრეტოთ 2013 წლის 14 თებერვალს ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრის ის ნაწილი, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას ეხება. კერძოდ, საინტერესოა კონკრეტულად რაზე შეთანხმდით საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები? 2.მოეწერა თუ არა ხელი რაიმე დოკუმენტს, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ანკარაში სტუმრობისას? 3.თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს შედგა თუ არა რაიმე დოკუმენტი (ოქმი, ხელშეკრულების პროექტი, ან რაიმე სხვა დოკუმენტი), რომელშიც ზეპირი შეთანხმების დეტალებია ასახული? 4. თუ ანკარაში სტუმრობისას რაიმე სახის დოკუმენტი შედგა, გთხოვთ, გადმომცეთ მისი ასლი; 5.თუ დოკუმენტი შედგა და სამინისტრო მის გადმოცემაზე უარს მეტყვის, მაშინ გთხოვთ, მიპასუხოთ, ამ დოკუმენტში ასახულია თუ არა ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ?“

ეს კი გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პასუხი ჩვენს კითხვებზე:

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ განიხილა თქვენი 2013 წლის 21 თებერვლის განცხადება, რომლის პასუხად გაცნობებთ შემდეგს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ანკარაში ოფიციალური ვიზიტის (2013 წლის 14 თებერვალი) ფარგლებში თურქულ მხარესთან მიღწეულ იქნა შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე.

კერძოდ, მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოშკისა და იშხანის ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპეციალისტები. ამასთანავე, კულტურული ძეგლების დაცვის საკითხების განხილვა არ მოხდება ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რადგან მემკვიდრეობის დაცვა ყველა ქვეყნის ვალდებულებაა. შეხვედრისას საერთოდ არ განხილულა აზიზიეს მეჩეთის საკითხი. ბათუმში გამოიყოფა ადგილი, სადაც მუსლიმური რელიგიის ადგილობრივი წარმომადგენლებისათვის აშენდება მეჩეთი, თუმცა, ეს მეჩეთი არ იქნება აზიზიეს სახელობის და ეს თემა არ უკავშირდება იშხანისა და ოშკის აღდგენის თემას.

ამასთან ერთად, გაცნობებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს არ მომხდარა რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა, არ შემდგარა ოქმი, ხელშეკრულება, პროექტი, ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტი“.

საინტერესო ისაა, რომ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირწმუნება, რომ ანკარაში ოფიციალური ვიზიტის დროს ერდოღანი და ივანიშვილი იმაზეც შეთანხმდნენ, რომ საქართველოში “ოსმალური კულტურის ძეგლების“ აღწერა მოხდება, ხოლო თურქეთში ქართული ტაძრებისო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში აღწერის შესახებ არაფერია ნათქვამი. არადა, ხელშეკრულების გაფორმების მომხრეები პირადი საუბრისას იმით აპელირებენ, რომ ვინც ბათუმში მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგება, ის ხელს უშლის თურქეთში ქართული ტაძრების აღწერის პროცესის დაწყებას, რაც ჩვენი ტაძრების იურიდიული სტატუსის განსაზღვრის წინა პირობაა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ როგორც საქართველოს წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლება, კონკრეტულად კულტურის სამინისტრო (ვისაც კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა კანონით ევალება) გაჯიუტებულია და თითს არ ანძრევს იმისთვის, რომ თურქეთში ქართული ტაძრების გადარჩენის და იურიდიული სტატუსის განსაზღვრისთვის გამოიყენოს საერთაშორისო მექანიზმები.