„თუ მელია მერი გახდა, ბუნებრივია, ენმ პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილს დაასახელებს, ხოლო თუ დამარცხდა, აქაც გამარჯვებული სააკაშვილია“

„თუ მელია მერი გახდა, ბუნებრივია, ენმ პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილს დაასახელებს, ხოლო თუ დამარცხდა, აქაც გამარჯვებული სააკაშვილია“

ციხიდან გამოსულ ნიკა მელიას სხვა პრობლემებთან ერთად ახალი თავსატეხი აქვს. როგორც აღმოჩნდა, სანამ ის „წამებული გმირის“ მანტიის მორგებას ცდილობდა, პარტიამ და მისმა რეალურმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე სხვა მისია დააკისრა. მელიასთან შუთანხმებლად, პარტიამ მისი ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად დასახელება გადაწყვიტა. როგორც კომენტარებიდან გამოჩნდა, მელიას ეს ფაქტი დიდად არ ხიბლავს და ლოგიკურ მსჯელობას თუ გავყვებით, მართალიც არის. რატომ უნდა უნდოდეს, „დიადი მიზნისთვის მებრძოლ“ და „წამებულ გმირს“ მერობისთვის ბრძოლა? მით უმეტეს მას არა აქვს გარანტია, რომ ამ არჩევნებს მოიგებს. ასპარეზზე შესაძლოა, იმდენად ძლიერი პოლიტიკური ფიგურები გამოვიდნენ, რომ მელიამ მეორე ტურში გადასვლაც კი ვერ შეძლოს. მაშ სად არის ძაღლის თავი დამარხული? ლოგიკის ჯაჭვს ისევ სააკაშვილამდე მივყავართ. შიდა კონკურენცია, როგორც ჩანს, სააკაშვილს მელიასთან დაკავშირებით არ ასვენებს და ახლა მის, როგორც პოლიტიკური ფიგურის ბოლომდე გაბანკროტება უნდა.

ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ სააკაშვილი მელიას მერობის კანდიდატად დაყენებით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. პირველი, თუ მელია მერი გახდება, მას პრემიერობაზე ამბიცია აღარ ექნება და პარტია ამ კანდიდატურაზე სააკაშვილს დაასახელებს, ხოლო თუ ვერ გაიმარჯვებს, ესეც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ის პრემიერობაზე პრეტენზიას მაინც ვერ გამოთქვამს - თუ მერი ვერ ხდები, მაშინ მთავრობის მეთაურობაზე პრეტენზიაც ვერ გექნება.

მელიამ კარგად იცის, რომ მრავალფეროვანი და ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების შეჯერება არც შიდა ფრონტზე იქნება იოლი და არც გარე ფრონტზე. ბლოკში აზრთა სხვადასხვაობაა როგორც უშუალოდ პარლამენტში შესვლასთან, ასევე შესვლის ფორმებთან დაკავშირებითაც, ხოლო ოპოზიციურ სპექტრში სადავოდ რჩება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ძალების შესაძლო გაერთიანების საკითხი. მელიამ ორი ამოცანა დაისახა და ამბობს, რომ ყველას დარწმუნებას შეეცდება. თუმცა ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ვერც ერთის შესრუელბას ვერ შეძლებს, რადგან ისევ სააკაშვილის ჩრდილის ქვეშ ხვდება და მის გარეშე პოლიტიკურად იგივე ბედი ეწევა, რაც დავით ბაქრაძეს, გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას მოუვიდათ - სააკაშვილის გარდა მისი სექტის მიმდევრები სხვა ლიდერს არ აღიარებენ.

ნიკა მელიასთვის ოპოზიციიდან თბილისის მერობის საერთო კანდიდატად მისი დასახელება მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც მან ციხიდან გამოსვლისას განაცხადა, თუ რამეზე ნაკლებად უფიქრია, მერობის კანდიდატობაა.

„სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, ვიქნებით მართლები და გავიმარჯვებთ. სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ (ციხეში), მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე. თუ რამეზე ნაკლებად მიფიქრია... არ მინდა ახლა მოკლე კომენტარით შემოვიფარგლო ამ საკითხზე, იმიტომ, რომ მინდა-არ მინდა პოზიცია გამიმრუდდება, ამას სჭირდება, ჩემი აზრით, კარგი ინტერვიუ თითოეულ თქვენგანთან და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ“, - განაცხადა ციხიდან გამოსულმა მელიამ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ნიკა მელიას მერობის კანდიდატად დაყენება მისი დაკნინება, დამცირება და დაქვეითებაა. ქართველიშვილის განცხადებით, მელია ტიტანიკის გემის კაპიტანია, რომელსაც გემის ჩაძირვის პროცესში სულ რაღაცის იმედი აქვს. მას ჰქონდა ამოცანა, რომ პოლიტიკური პროცესები მიეყვანა ვადამდელ არჩევნებამდე, ან ეს უკმაყოფილება ქუჩაში გაემწვავებინა და სახელწმიფო გადატრიალების მსგავსი სცენარი გაეთამაშებინა. თუმცა ვერც ერთი მოახერხა და ვერც მეორე.

„ენმ-ის გემი აისბერგს შეეჯახა და ფსკერისკენ დაშვება დაიწყო. ახლა ნიკა მელიასთვის რაიმე ტიპის მეორეხარისხოვანი როლის მორგება იმ ზეამოცანასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაკნინება და დამცირებაა. ამ თავმოყვარეობის მქონე ნიკა მელიამ, რომელიც უბრალოდ ასე გამოიყენეს და საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ წავიდა, კონკურენცია რომელ კანდიდატს უნდა გაუწიოს? ჯერ არ დასახელებულა არც ერთი კანდიდატი თბილისის მერობისა, მაგრამ ვინც არ უნდა იყვნენ, გინდა ხელისუფლების, გინდა ოპოზიციის მხრიდან, მელია ყველაზე სუსტი კანდიდატია. დღევანდელი მელია, რომლის პარტიამაც ფაქტობრივად, ყველაფერი წააგო, ახლა მერობის კანიდატობას ჩამოეკიდოს, წარმატების მიღწევის არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს for.ge-სთან დავით ქართველიშვილი.

ჩვენს რესპონდენტს ეჭვი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი მის, როგორც კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს. ამიტომ ახლა პარტიის თავმჯდომარეობიდან მერობის კანდიდატობას ისე უპირებს, მას არც ეკითხება. ამიტომ ქართველიშვილი არ გამორიცხავს, რომ მელიას და სააკაშვილს შორის დაპირისპირება დაიწყოს, თუკი ის მისი ხუშტურების შესრულებაზე უარის თქმას გაბედავს. არადა ფაქტია, რომ მელიაზე მეტად მისი მერობის კანდიდატად დასახელება სააკაშვილს და მის მიმდევრებს სურთ.

„მგონია, რომ თუკი მელიასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო და მელიამ ცალკე პოლიტკური თამაში გადაწყვიტა, ის იმ დონის პოლიტიკოსად ჩამოყალიბდება, როგორებიც დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია არიან. მათაც ეგონათ, რომ 2016 წელს, როცა სააკაშვილს მოწყდნენ, პოლიტიკურ ცხოვრებაში თავიანთ ნიშას დაიკავებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფუჭი იმედი ჰქონდათ. „ნაციონალური მოძრაობის“ სიძლიერე ორ ძირითად ფაქტორს ემყარება. ესაა ბელადი მიხეილ სააკაშვილი თავისი მკვებავი ფინანსური პირამიდით და მარგინალებად ქცეული ამომრჩეველი, რომლებიც თავისი ბელადის გარეშე, სხვა არც ერთ ლიდერს არ ცნობს. ეს არის ბელადისადმი სუფთა სექტანტური ტიპის სიყვარული. ამიტომაც ეს მსჯელობა - შევიდეთ თუ არა პარლამენტში, ესეც სააკაშვილის სცენარია. მას უნდა, რომ პარტია ორად გაყოს. ერთი ნაწილი პარლამენტში შევიდეს და მეორე, გარეთ დარჩენილებმა ქუჩა გააკონტროლონ. მათ შემდეგი სახის დავალებები ექნებათ. პარლამენტში შესულები საკონსტიტუციო ორგანოს მარგინალიზებას მოახდენენ და ქუჩაში დარჩენილები კი მუდმივად რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის მზადებაში იქნებიან“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ერთი-ორი კვირის განმავლობაში ნიკა მელიას ოპერატიული ამოცანები ექნება გადასაჭრელი. მისი აზრით, მელიამ, პირველ რიგში, პარტიაზე კონტროლის აღება და ერთიანი დღის წესრიგის შემუშავება უნდა შეძლოს. მისი ციხეში ყოფნის დროს პარტიაში სრულიად უმართავი პროცესები დაიწყო და რამდენიმე პრობლემა შეიქმნა. პარტიაში აზრი ორად არის გაყოფილი, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშრებით. ასევე დანარჩენ ოპოზიციასთან თანამშრომლობის თუ დაპირისპირებასთან არსებული პრობლემები. ეს კი არ არის ნორმალური პროცესი, რადგან როცა პარტიაში რაღაცა დაპირისპირებაა, ის გარეთ არ უნდა გამოდიოდეს. ხოლო რადგანაც ამ ამბავმა უკვე გამოჟონა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია ბევრად ცუდად არის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ნიკა მელიას თბილისის მერობა განიხილება ისე, რომ ამ კაცს ჯერ არ უთქვამს ეს უნდა თუ არა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს თბილისის მერობა რატომ უნდა უნდოდეს, ეს ხომ მისი დაკნინებაა? რატომ მიჰყავთ აქეთ ვიღაცეებს პროცესი? პარტიაში შიდა კონკურენცია, როგორც ჩანს, არსებობს და სააკაშვილი მასზე ეჭვიანობს. არაა გამორიცხული, რომ მის ინტერესებში იყოს, მელიამ მერობაზე კენჭი იყაროს. მელია მერობის არჩევნებში დამარცხებული იქნება თუ გამარჯვებული, ამ შემთხვევაში სააკაშვილი პოლიტიკურად ყველა შემთხვევაში მოიგებს. თუ მელია დედაქალაქის მერი გახდა, ამ შემთხვევაში, მას პრემიერობაზე პრეტენზია აღარ ექნება. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე ენმ პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილს დაასახელებს. ხოლო თუ დამარცხდა, აქაც გამარჯვებული სააკაშვილია. მელია თუ მერი ვერ გახდა, ბუნებრივია, პრემიერობაზეც პრეტენზიას ვერ გამოთქვამს. ესაა შიდა პარტიული თამაშები“, - აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ნაციონალების გაჯიუტება, რომ პარალმენტში არ შედიან, ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია: - „შარლ მიშელს მეტი რაღა უნდა ექნა, „ოცნებას“ ხელისუფლებას ხომ არ წაართმევდა და ნაციონალებს გადასცემდა?“

ხუხაშვილის თქმით, ამ პოლიტიკური პროცესის ამოცანა ის იყო, რომ რაღაცა დათქმით რიგგარეშე არჩევნები დანიშნულიყო. ეს კი შესრულებულია, ამიტომ ნება იბოძონ და პარლამენტში შევიდნენ. მათი იწილო-ბიწილო უკვე საინტერესო აღარ არის.

 

trampi პ. ზაქარეიშვილი
,,ნაცებს ქართველი ხალხის სისხლი წურწურით გასდისო,,...... წურწურითო
იდეალური ნათქვამია...... იდეალური
3 წლის უკან