„საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება, ასპარეზზე გამოდის გიორგი გახარია, პოლიტიკაში შემოდის ლევან ვასაძე... ეს ნიშნავს, რომ თანდათანობით „ნაცმოძრაობის“ არეალი შემცირდება, ვინაიდან ისინი სრულიად ირაციონალურები და აფექტზე გათვლილები არიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
„ინტელექტისგან დაცლილი პარტია მომავალს ვერ შექმნის“, - ამ სიტყვებით დატოვა სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორ ფიქრობთ, ინტელექტისგან დაცლა ახლა დაეტყო ამ პარტიას, თუ ინტელექტუალების გადინება „ნაცმოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლით დაიწყო, რადგან, დანარჩენ ნაცებთან’ შედარებით ვაშაძე უფრო ინტელექტუალურად გამოიყურებოდა?
- ინტელექტუალიზმის ნაკლებობაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ ნაცები განიხიბლნენ სააკაშვილით, ანუ მანამდე იყვნენ ხიბლში და სჯეროდათ იმის, რასაც სააკაშვილი სთავაზობდა, მაგრამ სააკაშვილის შეთავაზება რომ არ განხორციელდა, საბოლოოდ გაუცრუვდათ იმედი. ვგულისხმობ რევოლუციურ გზას. ეს აბსოლუტურად უპერსპექტივო და არაფრისმთქმელი გზაა, თანაც, ძალზე უგუნური ქმედებაა, რადგან, თუ შენ მოაწყობ რევოლუციას და ხელისუფლებას ამით მოიპოვებ, დაზღვეული არ ხარ, რომ შენც არ მოგიწყობენ რევოლუციას, რადგან ძალადობა არ დამთავრდება. თუკი ერთი პრეცედენტი შეიქმნა, ეს განმეორდება. ჩვენი ისტორიაც ამას მოწმობს, 30 წელია, ეს გვჭირს - რევოლუცია, კონტრრევოლუცია, უნდა ვიცოდეთ, რა შეიძლება და რა არა.
გრიგოლ ვაშაძე იმიტომაც წავიდა „ნაცმოძრაობიდან“, რომ რევოლუციის გზა არ უნდოდა, თუმცა ოფიციალურად პარტიის შიგნით არსებული უთანხმოება და დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმის კამპანია დაასახელა.
- ცხადია, გრიგოლ ვაშაძესაც მობეზრდა ეს ყველაფერი, ჯერ ერთი, იგი სოლიდურ ასაკში მყოფი, მაინც გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანია...
მაგრამ აიძულებდნენ მიტინგებზე დგომას?!
- რა თქმა უნდა, ეს მისი როლი არ იყო. იმ პერიოდში მართლაც სასაცილოდ გამოიყურებოდა, სპეცრაზმელს რომ თავში ურტყამდა. დიდი წარმოდგენის არ ვარ გრიგოლ ვაშაძეზე, მაგრამ, ასეა, თუ ისე, გარკვეული სოლიდურობა უნდა ჰქონდეს ამ ასაკის ადამიანს, კერკეტი ვერ იქნება, სააკაშვილის მსგავსად. თვით სააკაშვილიც კი, რომელიც ახლა საქართველოში ვერ ჩამოდის, ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, ანუ ვარდების რევოლუციას რომ აწყობდა, იმ ასაკში, შესაძლოა, გაერისკა კიდეც და ჩამოსულიყო, მაგრამ მან დღეს კარგად იცის, რომ რევოლუციის გზა უპერსპექტივოა. უბრალოდ, ამით ყოველ ჯერზე ახალ მითს თხზავს ხოლმე, გამაოგნებელ სიგიჟეებს იგონებს. ერთმანეთზე უარესია მისი ყველა გამოხტომა. რაც შეეხება მის პარტიას, ესენი ხომ პარტიები არ არიან, ეს არის კლიენტელა, ლიდერის გარშემო სარგებლის მოლოდინში შემოკრებილ ადამიანთა ჯგუფი. მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ თავიანთი ლიდერის უნდა სწამდეთ, კი არ სჯეროდეთ რაციონალური მიზნების, არამედ უნდა სწამდეთ, ეს რელიგიური გრძნობის მსგავსია. ცხადია, როცა სალომე სამადაშვილი ხარ, გრიგოლ ვაშაძე ხარ და გარკვეული გამოცდილება გაქვს, საღი აზრის ადამიანი ხარ, ადრე თუ გვიან, განიხიბლები.
„ნაცმოძრაობაში“ მწიფდება აზრი, რომ ივანიშვილის მიზანია, მათი პარტია არასაპარლამენტო პარტიად ჩამოყალიბდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, ნაცები ფიქრობენ, პარლამენტში შევიდნენ. თუკი ეს ასეა, გამოდის, ივანიშვილს კარგად მოუფიქრებია, რადგან „ნაცმოძრაობის“ არასაპარლამენტო პარტიად გადაქცევა მათ ნიველირებას მოასწავებს. მით უფრო, ქუჩის აქციების უპერსპექტივობის პირობებში. თქვენ რას ფიქრობთ?
- ეს კანონზომიერებაა, რადგან მთავარი პოლიტიკური ცენტრი გადის პარლამენტზე, პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკას. ბუნებრივია, არასაპარლამენტო პარტიას მნიშვნელობა აქვს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არასაპარლამენტო პარტიაც გარკვეულ ინტერესთა ჯგუფია. ივანიშვილის მიზანი სულაც არ იყო „ნაცმოძრაობის“ პარლამენტს გარეთ დატოვება. ბევრჯერ უთქვამს ივანიშვილს, და არავითარი საფუძველი არ გვაქვს, მას არ ვენდოთ, რომ იქნებ, როგორმე „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესს. მას ისიც უთქვამს, რომ ნაციონალები ჰგვანან ადამიანებს, რომლებიც გამოექანებიან და კედელს ურტყამენ თავს. ირაციონალური, აფექტებზე გათვლილი პოლიტიკა არ გამოვა, ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში მაქს ვებერმა თქვა, რომ არსებობს რაციონალურად მიზანმიმართული ქცევა და არსებობს აფექტი. როცა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა ხარ, მაშინ რაციონალური ქცევის პრინციპით მოქმედებ. თუმცა არსებობს აფექტი, როცა არც კი იცი, რა გინდა და ემოციების ტყვე ხარ, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ ნაცები. მათი პოლიტიკური საქციელი აფექტებზეა გათვლილი, გვარამია ამას არც მალავს, როცა ამბობს, ფაქტები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ აღქმაო. ისინი ცდილობენ, აღქმა იყოს აფექტური, ამიტომაც გვთავაზობენ რევოლუციის თემას, არჩევნების გაყალბების თემას, პარლამენტის შტურმის თემას, გავრილოვის თემას.
ცალკეული ოპოზიციონრები მოუწოდებენ „ნაცმოძრაობას“, თავისი შესვლით „გაამდიდროს“ და „გააძლიეროს“ საკანონმდებლო ორგანო. ეს ნიშნავს, რომ ნაცების დიდი ნაწილი შევა პარლამენტში?
- „ნაცმოძრაობის“’ ნაწილი მაინც შევა პარლამენტში, იქ არიან ტვინცხელი ადამიანები, სააკაშვილიც კი არ არის მაგის მომხრე, რომ პარლამენტში არ შევიდნენ, მაგრამ პარლამენტში შესვლა არ სურს აკო მინაშვილს.
აკო მინაშვილი შემოდგომაზე „ამთავრებს“ ამ ხელისუფლებას, ალბათ, ესაა მიზეზი?
- დიახ, ოღონდ რანაირად ამთავრებს, ვერ გავიგე. გუბაზ სანიკიძეც კი, რომელიც ნაძირალაა, რაღაც რაციონალური მასაც აქვს, ხელებს შეაწმენდს სააკაშვილს, მიშამ თქვა, პარლამენტში ნუ შეხვალთო.
პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით პოზიციების გაყოფა „ნაცმოძრაობას“ კიდევ უფრო ხომ არ დააქუცმაცებს?
- თუკი ზემოდან შევხედავთ საქართველოში განვითარებულ პროცესებს, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება. აგერ, გახარია გამოდის ასპარეზზე, რომელიც უკვე სერიოზული ძალაა, ასევე, ლევან ვასაძე, რაც, აგრეთვე, მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს. „პატრიოტთა ალიანსი“ იყო, პირობითად, რასაც ჩვენ ვეძახით პრორუსულ ძალას, ვასაძეც კრემლის პროექტია, ასე პირდაპირ მეხუთე კოლონა არ არის, მაგრამ ლევან ვასაძის პოლიტიკის წარმომავლობა იდეოლოგიურად რუსული იდეოლოგიური საფუძვლისაა. ამაზე მეტყველებს ყველაფერი ის, რასაც ვასაძე ლაპარაკობს, რასაც მანამდე ლაპარაკობდა. ვასაძე მნიშვნელოვნად სერიოზული ძალაა, ვიდრე „პატრიოტთა ალიანსი“, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ლანდშაფტი იცვლება და ნელ-ნელა ნაცების არეალი შემცირდება, ვინაიდან ისინი სრულიად ირაციონალურები და აფექტზე გათვლილები არიან. ისინი აფექტით ცდილობენ ამომრჩევლის შენარჩუნებას, ქმნიან ყალბ აღქმებს, თავიანთი თავაწყვეტილი პროპაგანდით.
,,ნაცებს ქართველი ხალხის სისხლი წურწურით გასდისო,, ,.......................................... წურწურითო, წურწურითო
იდეალური ნათქვამია...... იდეალური