„ცენტრ–პოინტის“ დამფუძნებლებმა მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა „დექსუსს“ მათი აქტივების მართვის ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ამ ეტაპზე პროექტების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს.
მაია რჩეულიშვილი ადასტურებს, რომ „დექსუსს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რაც კანონიერად მოხდა და დოკუმენტაცია ნოტარიუსთან გაფორმდა. რჩეულიშვილი ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ განმარტებებს, რა გახდა „დექსუსთან“ ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი, მოგვიანებით გააკეთებს.
„ცენტრ–პოინტთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაც „დექსუსშიც“ ადასტურებენ. როგორც მათი წარმომადგენელი “კომერსანტთან” აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის შეწყდა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, რაც გულისხმობს „დექსუსის“ განხორციელებული რეაბილიტაციის პროცესის შეწყვეტას. ამ ეტაპზე 7 ობიექტის მშენებლობა შეჩერდება და ხორციელდება დოკუმენტაციის, ასევე მიმდინარე პროექტების გადაბარების პროცესი.
კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე დასრულებულია 13, განახლებულია 20 ობიექტი, 2190 ოჯახის წინაშე აღებული ვალდებულება შესრულებულია და საერთო ჯამში, აშენებულია 200 ათასი კვადრატული მეტრი ფართი.
„დექსუსი“2010 წლის 23 აგვისტოს დარეგისტრირდა და 2 კვირის შემდეგ კი „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ ვალდებულებები გადაიბარა. მისი საწესდებო კაპიტალი 100 ლარი იყო. კომპანია „დექსუსმა“ კლიენტების „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ კომპანიებთან დადებული პირველადი ხელშკრულების პირობები გააუარესა და მათ დამატებითი გადასახადებისა და მშენებლობის თანხების გადახდა მოსთხოვა. ამის თაობაზე კომპანიის კლიენტები მუდმივად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას და ხშირად საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ.
ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, “დექსუსს” “ცენტრ-პოინტელებიც” დაუპირისპირდნენ. რამდენიმე კვირის წინ კომპანიის ხელმძღვანელმა მაია რჩეულიშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მან ღიად განაცხადა, რომ “ცენტრ-პოინტსა” და “დექსუსს” შორის დადებულ შეთანხმებაში თბილისის მერი მონაწილეობდა.
რჩეულიშვილის განცხადებით, როდესაც ვეღარ შეძლო კომპანიის კლიენტების დაკმაყოფილება, დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართა. თბილისის მერმა კი “დექსუსი” შესთავაზა. მიუხედავად “დექსუსის” მხრიდან შეთავაზებული „კაბალური კონტრაქტისა“, რომლის ერთ-ერთი პუნქტი საჯარო ინტერვიუს მიცემას კრძალავდა, ის დათანხმდა მის ხელმოწერას.
ამ განცხადებას “დექსუსის” მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. “ჩვენ დაახლოებით 1.5 თვის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები რჩეულიშვილებთან და მათი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თხოვნა ჩვენი მისამართით, რომ იქნებ აგვეღო პრობლემური კომპანია მართვაში და მოგვეხდინა მისი რეაბილიტაცია. ამას ღიადაც აცხადებდნენ, ჩვენამდე სხვა ჯგუფებთანაც ჰქონდათ მოლაპარაკება, მაგრამ ყველამ უარი უთხრა. ამიტომ „დექსუსი“ მათთვის ბოლო გადარჩენის შანსი იყო.
ქალბატონმა მაიამ დაიწყო და ჩვენ იძულებულები ვართ პასუხი გავცეთ ამას ყველაფერს, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად. თუ რატომ აკეთებენ ასეთ რამეს, არ ვიცი. მათ რაც უნდათ, ჩვენ არ ვაკეთებთ. მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს კომპანიისათვის კარგია. ისინი რასაც გვთავაზობენ, კომპანიისთვის ცუდია.
მათ ჰგონიათ, რასაც ისინი გვთავაზობენ თავიანთი პირადი გამორჩენისთვის, კომპანიისათვის კარგია. ეს კი ასე არ არის. ჩვენ ვალდებულები ვართ კომპანიის ინტერესები დავიცვათ და არა დამფუძნებლების. ხელშეკრულებაში პირდაპირ გვიწერია, რომ თუ არის ინტერესთა კონფლიქტი კომპანიის დამფუძნებლებსა და კომპანიას შორის, ჩვენ ვალდებულები ვართ დავაკმაყოფილოთ, პირველ რიგში, კომპანიის ინტერესი. ამის შემდეგ კი დამფუძნებლების ინტერესი. ჩვენ ასეთი რამე ხელშეკრულებაში სპეციალურად ჩავწერეთ, რადგან ვიცოდით, რომ შეიძლება ასეთი კონფლიქტი დამდგარიყო და დადგა კიდეც”, - აცხადებდა რჩეულიშვილის პასუხად „დექსუსის“ დამფუძნებელ ირაკლი კილაურიძე.
ასეა თუ ისე, ცენტრ-პოინტისა და “დექსუსის” კომბინაცია დასრულებულია. დაიწყება თუ არა რჩეულიშვილების ახალი პირამიდის მშენებლობა, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ბოლო წლებში საქართველოში არ დარჩა ჯგუფი, რომელიც “ცენტრ-პოინტს” არ დაპირისპირებოდა, იქნებოდა ეს ბანკები, კომპანიის კლიენტები, არასამთავრობოები, ბიზნეს-პარტნიორები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სპეციალური კვლევაც კი მოამზადა კომპანიის მაქინაციების შესახებ, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „ცენტრ–პოინტს“, სავარაუდოდ, მაშინდელი ხელისუფლება მფარველობდა. ორგანიზაციის იურისტის გია გვილავას ინფორმაციით, “ცენტრ-პოინტის” გამოისობით 6200–მდე ოჯახია დაზარალებული, ეს არის დაახლოებით 30 000–მდე ადამიანი, რომელიც ბინების გარეშე დარჩა. დაზარალებულებს „ცენტრ–პოინტისთვის“ დაახლოებით 310 მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი და შედეგად მათ ვერაფერი ვერ მიიღეს.
კომპანიის დამფუძნებლები, სხვადასხვა დროს, მაღალ თანამდებობებზე იმყოფებოდნენ და ისინი ძალიან ახლო ურთიერთობაში იყვნენ იმჟამინდელ ხელისუფლებასთან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჭიროდ მიაჩნია, რომ ახალი მთავრობა დაინტერესდეს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ საქმით და დაიწყოს დეტალების სიღრმისეული გამოძიება. უნდა მოხდეს ყველა დაზარალებული კლიენტის საქმის სრული და ობიექტური გამოძიება გონივრულ ვადაში. ამასთან, დაზარალებულებმა უნდა შეძლონ ბინებზე საკუთრების რეგისტრაცია და მიყენებული ზარალის შესაბამისი კომპენსაციის მიღება.