იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური პროცესები ელვისებურად ვითარდება და ასპარეზზე ახალი მოთამაშეებიც ჩნდებიან, ჯერჯერობით ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია საჯაროდ გამოჩენას არ ჩქარობს. თუმცა მის გარშემო პროცესები თვითმმართველობის ორგანოებში დაიძრა და ალბათ, ეს იმის მანიშნებელია, რომ გახარიას უახლოეს მომავალში ვიხილავთ.
ხომ არ აგვიანებს ყოფილი პრემიერი საჯაროდ გამოსვლას და რა არის ამის მიზეზი? ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ის უკვე, მაისის ბოლოს უნდა გამოჩნდეს, რადგანაც პარტიის ყრილობა და წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვა უნდა მოასწროს. თუკი მას თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი, მაშინ თვის ბოლოს არ უნდა გადააცილოს.
გახარიას ირგვლივ კი რეგიონში დაწყებულმა აქტიურობამ გააჩინა ლოგიკური ეჭვი, რომ ის კონკრეტულ გეგმას მიჰყვება. არაა გამორიცხული, რომ ყოფილი პრემიერი ნიკა მელიას დაკავების შემდეგ პოლიტკური მოვლენების განვითარებას თვალს ადევნებს და ელის სიტუაცია როგორ განვითარდება. ასევე აკვირდება ოპოზიციურ ასპარეზზე მიმდინარე დინებებს და კვანძის გახსნას, რომლის მიხედვითაც სამოქმედო გეგმას დასახავს. გამომდინარე იქიდან, რომ ის ქვეყნის პრემიერი და „ოცნების“ ნომერ პირველი ფიგურა იყო, გასაკვირი არაა, თუკი უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მხარდამჭერები ჰყავს. ასევე მისი მომხრეები თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული თანამშრომლებიც არიან.
ამიტომ არაა გამორიცხული, რომ მას საჯარო სამსახურში მყოფი თანამოაზრეების ჯერჯერობით გამოაშკარავება არ აწყობს. მისთვის ყველაზე ხელსაყრელი და მომგებიანი მათი სტრუქტურებში ყოფნაა. როგორც იტყვიან „ციხე შიგნიდან“ ტყდება. ამიტომაც „ოცნებამ“ დიდი ალაბთობით, გახარიას მომხრეების გამოსააშკარავებლად ყოფილ პრემიერს დარტყმა პირველმა მიაყენა. მაშ ასე, ახლა ყველა იმის მოლოდინშია გახარია ხელისუფლებას რას და რა ფორმით უპასუხებს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უკვე მისი გამოჩენის დრო დადგა, რაც პოლიტიკურ ველზე ბევრ რამეს შეცვლის.
მანამდე კი მოვლენების განვითარების ქრონოლოგია გორიდან დაიწყო, როცა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ მათზე განხორციელებული ზეწოლის გამო, თანამდებობები დატოვეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან. გორის მერი კი აცხადებს, რომ მოადგილეები თავად გაათავისუფლა, რადგან ისინი გახარიას „რეკლამირებას“ ეწეოდნენ და „თავის საქმეს“ არ აკეთებდნენ.
ყოფილმა მოადგილეებმა დღეს თავი შეიკავეს იმ პირების დასახელებისგან, ვინც, მათივე თქმით, მათზე ზეწოლას ახორციელებდა.
„პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და არც გამოვეკიდებით. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას“, – განაცხადა ელიჯარაშვილმა, რომელიც მერის პირველ მოადგილედ 2019 წლის იანვარში დაინიშნა.
„ჩვენ ვუერთდებით ბატონი გიორგი გახარიას გუნდს, მივიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, სადაც ერთხმად გავიმარჯვებთ. ჩვენ არ მივდივართ, ჩვენ მოვდივართ“, – უთხრა ჟურნალისტებს პაატა ივანიშვილმა.
გორის მერი და „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კონსტანტინე თავზარაშვილი უარყოფს ყოფილი მოადგილის ბრალდებას, რომ არსებობს მერიიდან გასათავისუფლებელი თანამშრომლების სია. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ პარტიიდან წასვლას სხვებიც აპირებენ.
ამის პარალელურად კი მსგავსი პროცესები ფოთში განვითარდა. მერიის შენობის წინ ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, გახარიას გუნდში გადადიან და საქმიანობას იქ გააგრძელებენ.
აკაკი ხუნწელიას განცხადებით, მარტვილის მერმა პარტიისგან და მთავრობისგან მიიღო დავალება, რომ მას დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, რადგან გახარიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით ე.წ. გახარიას გუნდის წარმომადგენლები ავრცელებდნენ სიცრუეს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მათი გუნდი „ქართული ოცნების“ პროექტი იყო.
„თუ ვინმე იყო პოლიტიკური ნიშნით დანიშნული, ის ბუნებრივია, თანამდებობას დატოვებს პოლიტიკური ნიშნით. რაც შეეხება ე.წ. გახარიას გუნდს, ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში დადიოდნენ მათ შორის რეგიონებში და უმტკიცებდნენ ყველას, რომ იყვნენ ე.წ. „ქართული ოცნების“ პროექტი. ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი და გადავიდნენ იმაზე, რომ თითქოს მათზე ზეწოლა ხორციელდება. როცა პოლიტიკური ნიშნით გამწესებული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას, ეს არავითარი ზეწოლა არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ჩაჯდნენ ერთიან მესიჯბოქსში, ეს არის ჩემი რჩევა“, - განაცხადა კობახიძემ.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ გიორგი გახარიას საჯარო აქტიურობა უკვე დაწყებული უნდა ჰქოდეს და რაც უფორ მალე გამოჩნდება, მისთვის მით უფრო უკეთესი იქნება. ზაქარეიშვილის აზრით, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, გახარია სიტუაციას უყურებს და მოვლენების განვითარების მიხედვით იმოქმედებს. არაა გამორიცხული, რომ მომხრეების შემოკრებაზე ჯერ კიდევ მუშაობს და ფიქრობს და როცა უფრო ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, ღიად მაშინ გამოჩნდება.
„შეიძლება გახარია ფიქრობს, რომ უფრო მეტი აქტიურობა მას დააზიანებს და გარკვეული დარტყმების მოსაგერიებლად ჯერ მზად არ არის. აშკარაა, რომ რეგიონებში მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ჯერჯერობით ღიად ასპარეზზე გამოსვლას ერიდებიან. მას სერიოზული მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, როგორც უსაფრთხოების სამსახურში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში აქვს. ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში ბევრი მომხრე ჰყავს. ის პრემიერი და „ოცნების“ სიის პირველი ნომერი იყო, შესაბამისად, მას ბევრი გულშემატკივარი თავად მმართველი გუნდის ელექტორატიდანაც ჰყავს, რომელთა ნაწილის წართმევას შეძლებს.
ამიტომაც ფიქრობს, რომ თუ ახლა „ოცნებას“ დაარტყამს, ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და მისი მომხრეების მასობრივი დევნა და საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლება დაიწყება. ეს კი, როგორც ჩანს, პოლიტიკურად არ აწყობს. თუ ჯერ ხმას არ იღებს, მას უნდა ამით ის ხალხი დაიცვას, რომლებიც სხვადასხვა უწყებებში, ალბათ, მნიშვნელოვან პოსტებს იკავებენ. გორის მაგალითმა უკვე აჩვენა, რომ გახარიას „ოცნებამ“ პირველმა დაარტყა. ამიტომაც მას სრულიად ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ საპასუხოდ დაარტყას“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუ გახარიას რეგიონებში ხალხი სერიოზულად ჰყავს მომზადებული და უნდა, რომ მათ პოსტები არ დაკარგონ, ეს გამართლებული ტაქტიკაა.
„გახარია ფიქრობს, ჯობია, თავისი ხალხი იმ სამსახურებში და თანამდებობებზე შეინარჩუნოს, რომლებიც სჭირდება. ლოგიკაა იმაში, რომ მათი დახმარებით მას გამარჯვების მეტი შანსი აქვს. გეგმა ასეთი ჩანს, რომ ამ საჯარო სამსახურში დასაქმებულმა ხალხმა, აგიტაცია შიგნით უნდა გაატარონ. კოორდინატები მოამზადონ და ქსელები გააბან. ეს მისთვის უფრო მნიშვნელოვანია და ესაა მისი სტრატეგია, რაც საკმაოდ ჭკვიანურია. როგორც ჩანს, „ოცნებას“ ნერვებმა უმტყუნა და მას პირველმა დაარტყა. გახარია ამით უფრო გაძლიერდება, რადგანაც მისი ხალხი სამსახურიდან გაათავისუფლეს და სათქმელი ბევრი ექნება. უბრალოდ, გახარიამ ვადას არ უნდა გადააცილოს და რაც უფრო მალე გამოჩნდება, მით უკეთესი იქნება. მან ყრილობის ჩატარება უნდა მოასწროს, რათა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, როგორც პარტია დაფიქსირდეს.
ეს კი მაისში უნდა გააკეთოს, რადგან ივნისი უკვე გვიანაა. ივლისში და აგვისტოში ხალხი საერთოდ დასასვენებლად მიდის და პოლიტკური პროცესები ასე თუ ისე ნელდება. ამიტომაც მას ცოტა დრო აქვს და ჯობია იჩქაროს. კორონა ვირუსიდან გამომდინარე კი, ჩვენი მოსახლეობა დასვენების გნწყობაზე უფრო მალე დადგება და ორი თვე პოლიტიკური პროცესები საერთოდ მოკვდება. სექტემბერში უკვე წინასაარჩევნო პროცესები უნდა დაიწყოს. გახარიას ახლა მიზეზიც აქვს, რომ გამოჩნდეს“,-აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე კი ამბობს, რომ ის პროცესები რაც გორის მერიაში განვითარდა კანონდარღვევა არ არის, რადგანაც მერის მოადგილეები კონკურსის წესით დანიშნული პირები არ იყვნენ და მერს მათი გათავისუფლების უფლება ჰქონდა. ბოჟაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ზოგმა მათგანმა განცხადებები საკუთარი სურვილით დაწერა და ეს პროცესი, სავარაუდოდ, გაგრძელდება და გასაკვირი აქ არც არაფერია. ეს არაა რეპრესიები, რადგან არ შეიძლება იმ ძალას დაუპირისპირდე, რომელსაც მერიაში პოლიტიკური თანამდებობით წარმოადგენ. ამიტომ ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ რეგიონებში დაწყებული მოძრაობა, იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ გიორგი გახარიას უკვე ღიად გამოსულს ვიხილავთ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მან პარტიის ყრილობა უნდა გამართოს.
„როგორც ჩანს, გიორგი გახარია ჯერ პოლიტიკური პროცესების განვითარებას ელის. თვალს შორიდან ადევნებს და ესეც, ალბათ, კონკრეტული გეგმის ნაწილია. მე მისი საპარლამენტო ჯგუფის გამოყოფასაც დაგვიანებულად მივიჩნევ, ამიტომ, ალბათ, მაისის ბოლოს უკვე უნდა გამოჩნდეს. თუმცა რადგან დღეს რამდენიმე ქალაქში მისმა მოხმრეებმა თანამდებობები დატოვეს, ხვალ და ზეგ არაა გამორიცხული იგივე სხვებმაც გააკეთონ. ეს კი იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ რაღაცა კონკრეტული მოძრაობა დაიწყო. ალბათ, უკვე უახლოეს მომავალში პარტიის ყრილობა იქნება. ეს კი მისთვის მომგებიანი პოზიციაა, რადგან იტყვის, იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავიო. მიზეზი აქვს, მისი მხადამჭერების ვითომ „დევნა“ დაიწყეს. ასევე, როგორც ჩანს, ელოდებოდა ნიკა მელიას დაკავებას რა შედეგი და პოლიტიკური ფასი მოჰყვებოდა. ამიტომ ყველა ლოგიკის გათვალისწინებით, მის გამოჩენას უნდა ველოდოთ“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.