პანდემია, გაჩერებული ეკონომიკა და ფასების უკონტროლო ზრდა, გაუფასურებული ლარი და გაღატაკებული მოსახლეობა. მიუხედავად ამისა, ასეთ პირობებში ბანკების მოგება საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში, მოგებაზე გავიდა ორი ბანკი „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით, წლის ბოლომდე მათი მოგება კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება ლარის კურსს, რომელმაც გაუფასურების რეკორდი დიდი ხნის წინ მოხსნა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ამოცანა არ არის და ვერც იქნება ლარის გაცვლითი კურსის მართვა, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რომელიც გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისთვის უალტერნატივოა. დასმულ კითხვაზე, ამ ფონზე უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან სებ-ის პრეზიდენტი, გვენეტაძე ამის მიზეზს ვერ ხედავს და ამბობს, რომ - არა. განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტს ლია ელიავას, რომელიც ამბობს, რომ დროა, პარლამენტმა იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.
ლია ელიავა: გვენეტაძეს რომ ეთქვა კი და საკუთარი ნებით დაეტოვებინა თანამდებობა, მისი მხრიდან, ეს იქნებოდა სწორი და ვაჟკაცური ნაბიჯი. იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სფეროში, არის აბსოლუტურად ჩავარდნილი. ეროვნული ბანკი გაგებაში არ არის ქვეყნის ეკონომიკისთვის რა უნდა გააკეთოს და ალბათ, ამისი სურვილიც არ გააჩნია. ეს ხდება ისევ და ისევ უცოდინარობისა და უუნარობის გამო და ის, რომ ქვეყანაში ძალიან მახინჯი ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა. ეროვნულ ბანკს, ორგანულ კანონში შავით თეთრზე უწერია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. როგორ მიაღწევს ამ სტაბილურობას, ეროვნულ ბანკს ეს არ აქვს გაწერილი. ეროვნულ ბანკს, თავისი ვალდებულება არასდროს არ შეუსრულებია, არა მარტო ამ ხელმძღვანელობის დროს, არამედ - საერთოდ. როგორ შეასრულებს ის ამ კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, ეს მისი საქმეა. ფაქტობრივად, ეს იქნება ლარის კურსის მართვა, სრულფასოვანი სავალუტო პოლიტიკის ქონა თუ სხვა, შედეგი უნდა იყოს ერთი - საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი უნდა იყოს სტაბილური, არ უნდა მერყეობდეს და ფასები არ უნდა იზრდებოდეს. საქართველოს პარლამენტი, ფაქტობრივად, აკომპლექტებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და მის წინაშე ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია და მანამ პარლამენტი არ მიუდგება სიღრმისეულად ეროვნული ბანკის საქმიანობას, ქვეყნის ეკონომიკას არაფერი ეშველება. მე საუბარი მაქვს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშების სიღრმისეულ განხილვაზე და მეორე - ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე იმ თვალსაზრისით, რომ ეროვნულ ბანკს, პარლამენტის მითითებები სავალდებულო შესასრულებლად ჰქონდეს. ამისათვის აუცილებელია ცვლილებები ორგანულ კანონში.
ბოლო პერიოდში თუ გახსენდებათ პარლამენტის მიერ გაცემული მითითებები და კრიტიკული შენიშვნები ეროვნული ბანკის მიმართ?
- არც მითითებები არ მახსენდება და არც ეროვნული ბანკის ანგარიშის სიღრმისეული განხილვა. ერთადერთი, რაც მახსენდება, ეს არის ეროვნული ბანკის წინა ხელმძღვანელობის ბოლო ანგარიში, რომელზეც მეტ-ნაკლები რეაქცია ჰქონდა პარლამენტს, სხვა დანარჩენ ანგარიშებზე ამას ვერ ვიტყვით. იმის გამო, რომ ეროვნული ბანკისთვის სავალდებულო იყოს პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინება, აუცილებელია ცვლილებები ორგანულ კანონში, სადაც დღეს წერია, რომ თუ პარლამენტი არ მიიღებს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, ეროვნულ ბანკს შეუძლია „დაიკიდოს“ პარლამენტი, „დაიკიდოს“ მთელი ქვეყანა და გააგრძელოს თავისი საქმიანობა ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად. ეს პუნქტი არის ამოსაღები, არავითარი თავისუფლება, იმიტომ, რომ უცოდინარი ადამიანებისთვის, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა მართონ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ასეთი ძალაუფლების ხელში მიცემა არის დანაშაული და ამ დანაშაულს ჩვენ ვიმკით გაუბედურებული ეკონომიკური მდგომარეობით და გაუბედურებული მოსახლეობის სახით. ეს ცვლილებები აუცილებლად არის შესატანი და ამ ცვლილებებს რამდენადაც ვიცი, სჭირდება ხმების 2/3. პარლამენტმა ამის თაობაზე ძალიან სერიოზულად უნდა იმსჯელოს, ეს აუცილებელია, სხვანაირად ქვეყანა წინ ვერ წაიწევს. თქვენ ნახეთ რას აკეთებს ეროვნული ბანკი, არა მარტო ის, რომ ფაქტობრივად მიშვებული აქვს სავალუტო კურსი, ამ ინტერვენციებზე დახარჯული ფული, ეს არის მთავრობის მიერ აღებული ვალი.
წელს უკვე ეროვნულმა ბანკმა 250 მილიონი ლარის ინტერვენცია განახორციელა, გასული წლის ინტერვენციამ 916 მილიონი ლარი შეადგინა, სწორედ ამ ინტერვენციებს მიაწერა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის „სტაბილურობა“ და ეკონომიკის განვითარება, არის თუ არა ინტერვენციები ეფექტური?
- ასეთი რაღაცეები შეიძლება დააჯერო ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს როგორ შეიძლება ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება. იმისთვის, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური, არ არის აუცილებელი უზარმაზარი ინტერვენციების განხორციელება, აუცილებელია ადეკვატური სავალუტო პოლიტიკის ქონა, რომელიც გამორიცხავს ასეთ მკვეთრ რყევებს და ეროვნულმა ბანკმა იცის, რომ ასეთი სავალუტო პოლიტიკის განხორციელება არის შესაძლებელი და არ აკეთებს. სხვა ქვეყნები ამას აკეთებენ. მე ხშირად ამიხსნია რატომ ვარდება ლარის კურსი, ეს არის უცხოური ვალუტის არა მარტო ნაკლებობა, არამედ მისი სწრაფი გადინება ქვეყნიდან. ეროვნულ ბანკს მოეთხოვება ნებისმიერი ხერხებით, უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა. ქვეყანაში თუ წვრილმან ხულიგნობაზე ადამიანებს ციხეში სვამენ, კანონის უხეშ დარღვევებზე კი არავინ ისჯება, ეს არის უსამართლობა და ერთხელ მაინც რომ დასჯილიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ან საბჭო ასეთი საქციელისთვის, მეორე შემადგენლობა უკვე ამდენს აღარ გაბედავდა.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა 1%-ით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9,50%-ით განისაზღვრა, რა პროცესები მოყვება ამ ცვლილებებს და როგორ აისახება ეს ყველაფერი მოსახლეობაზე?
- რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ნიშნავს კომერციული ბანკების მიერ და ეროვნული ბანკის თანხმობით, მათი ხელის ჩაყოფას ჩვენს ჯიბეში და ფულის ამოღებას. მარტივად რომ ვთქვათ, ფულის ამოღება მოსახლეობიდან ეს არის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. ამით ეროვნული ბანკი ხელს აწერს თავის უსუსურობას და ამბობს, რომ თურმე ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა ყოფილა გამოწვეული იმით, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ლარი ტრიალებს, ეს მაშინ, როდესაც თავისივე გათვლებით ეკონომიკის მონეტიზაციის კოეფიციენტი არის დაბალი, რაც ნიშნავს, ლარის მასის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან. ჩვენთან, მაგალითად, არის 18-19%, სხვა ქვეყნებში არის 50-70, ზოგან 100%. ანუ, როდესაც ფულის მასა დიდი ოდენობით ტრიალებს ეკონომიკაში, ის ხელს უწყობს როგორც ბიზნესის ფუნქციონირების გააქტიურებას, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ეროვნულ ბანკს კიდევ, ლარის მასა აქვს ყოველთვის ძალიან მწირი რაოდენობით ქვეყანაში იმიტომ, რომ ის აბრალებს ამ ლარს ფასების ზრდას.
როგორც ითქვა, შემდეგ თვეში ინფლაცია კლებისკენ წავა, რას ეყრდნობა გვენეტაძე ამ განცხადებისას?
- ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ თქვენ, მოსახლეობას ფული გექნებათ ნაკლები, თქვენ შეიძენთ ნაკლებ საქონელს და ბიზნესი იძულებული იქნება შეამციროს საქონლის რაოდენობა და დააკლოს ფასები. ფაქტობრივად, შენ ანგრევ ქვეყნის ეკონომიკას, ანგრევ მოსახლეობის კეთილდღეობას და ბიზნესს და ამით გინდა ფასების დონის შემცირება. ვინმემ მომიყვანოს ბოლო ოცდაათი წლის მაგალითი, როდის შემცირდა ფასები. ეს არის ეკონომიკური კანონი, ფასებს გააჩნია არაელასტიურობა, სიხისტე, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთხელ მომატებული ფასი აღარ ვარდება, ის რჩება მომატებული, ეს არის ეკონომიკური კანონი, მე არ ვიცი ვისზე არის ეს ზღაპრები გათვლილი.
როგორც აღმოჩნდა, ფაქტორები რაც ინფლაციაზე მოქმედებს, ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებს გარეთაა და ეს მისი პრეროგატივა არ ყოფილა, მართალია ეს გვენეტაძის მოსაზრებაა, მაგრამ მაინც, რა არის ამ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმი?
- უცხოეთში ფასები არის მეტ-ნაკლებად სტაბილური, იმპორტირებული საქონლის, მათ შორის ნავთობ-პროდუქტების, ხორბლის და ა.შ. იმპორტის ფასი არის შედარებით სტაბილური. საქართველოში ფასების დონეს ზრდის სავალუტო კურსის მერყეობა. თუ ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ სავალუტო კურსი არ მოქმედებს ფასების სტაბილურობაზე, ასეთმა ხელმძღვანელობამ, კეთილი უნდა ინებოს და თვითონ გადადგეს, ან პარლამენტმა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა.