გიორგი რურუა: ვფიქრობ, პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის შიგნით უნდა გადავიდეს

გიორგი რურუა: ვფიქრობ, პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის შიგნით უნდა გადავიდეს

ვფიქრობ, ნიკა მელიას გამოსვლა ოპოზიციის შიგნით სიტუაციას დააწყნარებს, - ამის შესახებ გიორგი რურუამ განაცხადა.

„ნიკა, როგორც განსხვავებული უნარების მქონე პოლიტიკოსი გამოვა, ვფიქრობ, მისი გამოსვლა ოპოზიციის შიგნით სიტუაციას დააწყნარებს და ალბათ, ვფიქრობ, დანარჩენი პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის შიგნით უნდა გადავიდეს, როგორც ჩვენი უცხოელი მეგობრები გვირჩევენ. დოკუმენტს ყველა უნდა დათანხმდეს, „ევროპული საქართველოც“, ბატონი შალვა ნათელაშვილიც, ქალბატონი თაკო ჩარკვიანიც“, - განაცხადა გიორგი რურუამ.

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.