კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების პროექტი for.ge-მ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ნებართვით, მისივე პერსონალურ კომპიუტერში გადაიკითხა. პროექტში, რომელიც მიზანდარის განმარტებით ამჟამად უწყებათშორის კონსულტაციებს გადის, ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების შესახებ არაფერი წერია. მასში არც საპატრიარქო ფიგურირებს, რაზეც კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა, რომ ექსპერტთა ჯგუფში, რომლებიც ოშკისა და იშხანის აღდგენას უნდა დააკვირდნენ, საპატრიარქოს წარმომადგენლის ჩაწერა, უბრალოდ, მხედველობიდან გამორჩა, რაც for.ge-სთან შეხვედრისას გააცნობიერა.
თუ წინა ხელისუფლებას ქართველი მუსლიმების აშენებული ძეგლები ხელშეკრულების პროექტში თურქული კულტურის უძრავ ძეგლებად ჰქონდა გაფორმებული, ამჟამინდელი ხელისუფლება მათ ოსმალური კულტურის ძეგლებად მიიჩნევს.
სანამ მარინე მიზანდართან ჩაწერილი ვრცელი, 41-წუთიანი ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას შემოგთავაზებთ, მანამდე გაცნობებთ რა უძღვოდა წინ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრას.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ანკარაში ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი, for.ge-მ ორივე მათგანს, 21 თებერვალს ერთიდაიგივე შინაარსის განცხადებებით მიმართა:
“თქვენთვის ხელსაყრელი ფორმით (შეხვედრა, ან წერილობითი პასუხი) გთხოვთ, პუნქტობრივად მიპასუხოთ ამ განცხადებაში წარმოდგენილ კითხვებზე, ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 41 მუხლების საფუძველზე, მათზე წერილობითი პასუხის გაცემა დაავალოთ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, ვინაიდან ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვ, არის საჯარო. კითხვები ამგვარი შინაარსისაა:
1.გთხოვთ, დააკონკრეტოთ 2013 წლის 14 თებერვალს ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრის ის ნაწილი, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას ეხება. კერძოდ, საინტერესოა კონკრეტულად რაზე შეთანხმდით საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები?
2.მოეწერა თუ არა ხელი რაიმე დოკუმენტს, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ანკარაში სტუმრობისას?
3.თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს შედგა თუ არა რაიმე დოკუმენტი (ოქმი, ხელშეკრულების პროექტი, ან რაიმე სხვა დოკუმენტი), რომელშიც ზეპირი შეთანხმების დეტალებია ასახული?
4. თუ ანკარაში სტუმრობისას რაიმე სახის დოკუმენტი შედგა, გთხოვთ, გადმომცეთ მისი ასლი;
5.თუ დოკუმენტი შედგა და სამინისტრო მის გადმოცემაზე უარს მეტყვის, მაშინ გთხოვთ, მიპასუხოთ, ამ დოკუმენტში ასახულია თუ არა ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ?“
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩვენს კითხვებზე წერილობითი პასუხის გაცემა არჩია, ოღონდ არა ინტერვიუს ფორმით, არამედ პასუხის მომზადება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელ პირს დაავალა.
სამინისტროდან ერთგვერდიანი პასუხი 7 მარტს წამოვიღეთ. რა წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მომზადებულ დოკუმენტში, ამას for.ge ცალკე სტატიაში შემოგთავაზებთ.
ამ კონკრეტულ მასალაში კი შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის პასუხებს ჩვენს კითხვებზე. for.ge მას 1 მარტს შეხვდა და ესაუბრა. აქვე შევნიშნავთ, რომ ხელშეკრულების პროექტის გადაკითხვის საშუალება ინტერვიუს დასრულების შემდეგ მოგვეცა.
მარინე მიზანდარი: ანკარაში სამი შეხვედრა შედგა: მეჯლისის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ერდოღანი და ჩვენი პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, ხოლო შემდეგ დელეგაციის წევრებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების შედეგზე ჩვენ სწორედ საერთო შეხვედრის წყალობით გავიგეთ, რომელზეც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობა დაიწყება და რომ იშხანისა და ოშკის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროცესში ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ერდოღანმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური ძეგლების რესტავრაციის დროს დაშვებული შეცდომები გამოსწორდება.
ერდოღანმა მეჩეთის თემა გაკვრით ახსენა, რაზეც ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ნაცვალგების პრინციპს სრულებით ვხსნით; ხანგრძლივი პერსპექტივით ვითანამშრომლებთ, იქნება ეს ძეგლების ინვენტარიზაცია თუ სხვა რამ; დაშვებული ხარვეზები შესაძლებლობისა და კანონმდებლობის ფარგლებში გამოსწორდება. მადლობლები ვართ იმის, რომ ჩვენი სპეციალისტები იშხანისა და ოშკის აღდგენაში ჩაებმებიან. რაც შეეხება მეჩეთის აშენების საკითხს, ვიცი, რომ ამის საჭიროება არსებობს, ქართველ მუსლიმებს სჭირდებათ დამატებითი სალოცავი სივრცე, ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრობლემა, რასაც მივხედავთ და მეჩეთსაც ავაშენებთო.
საიდან იცის პრემიერ-მინისტრმა, რომ მეჩეთის აშენების საჭიროება არსებობს?
- დიახ, ამის საჭიროება არსებობს.
რის საფუძველზე აკეთებთ ამგვარ განცხადებას?
- პარასკევ დღეს ბათუმში ყოფილხართ და გინახავთ რა ხდება?
დიახ, ვყოფილვარ და მინახავს. თქვენ გაქვთ სტატისტიკური მონაცემი, ბათუმის მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეადგენს მუსლიმი მრევლი?
- ბათუმზე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ აჭარაში მოსახლეობის დაახლოებით 40% მუსულმანია.
ბათუმის მეჩეთი არის ცენტრალური საკულტო ნაგებობა, სადაც პარასკეობით თავს იყრიან სხვადასხვა სოფლებიდან, რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები. ამიტომ, ამ დღეს იქ ყოველთვის ბევრი ადამიანია.
- კი, მაგრამ ამის საჭიროება არსებობს. თურქული მხარის წარმომადგენლებთან საუბრისას, როცა ისინი “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას ეხებოდნენ, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იმას ასახელებდნენ, რომ ქართველ მუსლიმებს სალოცავი სივრცე აკლიათ.
რატომ განიხილავთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველი მუსლიმების პრობლემებს უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან?
- ამიტომაც ბრძანა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, რომ ეს არის ჩვენი საზრუნავი და რომ ამ პრობლემას ჩვენ მივხედავთ.
“აზიზიეს მეჩეთის“ აშენება განიხილება თუ არა მოლაპარაკების ფარგლებში?
- თურქეთის მხარეს “აზიზიეს მეჩეთის“ თემა კვლავაც აინტერესებდა, მაგრამ დღესდღეობით დღის წესრიგიდან აბსოლუტურად ამოვარდა.
რის სანაცვლოდ თქვეს ამაზე უარი?
- ეს ძალიან რთული გასატანი იყო, მაგრამ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გაიტანა - მან საკითხი ისე დააყენა, რომ “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების თემა აღარ იარსებებს.
მაგრამ ანკარაში სტუმრობისას ბათუმში მეჩეთის აშენების პირობა ხომ დადეთ?!
- მე აგიხსენით რას მოჰყვა ჩვენი პრემიერ-მინისტრის განცხადება მეჩეთის აშენებაზე. გნებავთ ამას დაარქვით სიტყვიერი პირობა, გნებავთ შეთანხმება, მაგრამ რეალურად, მეჩეთის აშენების საკითხი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და დაცვის სფეროსგან აბსოლუტურად განცალკევდა. აქედან 40 კილომეტრში, სოფელ ქოსალარში ყოფილხართ? წაბრძანდით და ნახეთ რამხელა მეჩეთია. რა მოხდება ბათუმში, ამხელა ქალაქში მეორე მეჩეთი, რომ დაიდგას?! ჩვენ ხომ მუდამ იმით ვამაყობდით, რომ მეჩეთი, სომხური ეკლესია, სინაგოგა და ქართული ეკლესია ძველ თბილისში გვერდიგვერდ გვაქვს?! მე იქ სტუმრები დამყავს ხოლმე და ხალხი გაოგნებულია. ჩემთვის პრობლემა დამპყრობლის სახელობის- “აზიზიეს მეჩეთის“ აშენება გახლდათ, თორემ, ბათუმში ქართველ მუსლიმებს სალოცავი სივრცე არ ჰყოფნით და სამომავლოდ მეჩეთი ასაშენებელია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, დააკონკრეტოთ - რის საფუძველზე ამბობთ ამას?
- საზოგადოების მხრიდან მოთხოვნილება არსებობს.
დამისაბუთეთ.
- მე არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი.
მაგრამ ამ საკითხს თქვენ უძღვებით.
- მე ვუძღვები კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს. მეჩეთის აშენება სრულიად განცალკევებული თემაა. ჩაბრძანდით ბათუმში და შეხვდით სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს, ქრისტიანებს, მართლმადიდებლებს.
2009-დან მოყოლებული ბათუმში არაერთხელ ვიყავი, სწორედ ამ საკითხზე და მართლმადიდებლებს, მუსლიმებს არაერთხელ ვესაუბრე.
- რა კადრებიც მინახავს და რა მასალაც წამიკითხავს, შემიძლია გაგაცნოთ.
რუსთაველის ფონდის დაფინანსებით გამოცემული კვლევები აქაური მუსლიმების შესახებ არაერთხელ წავიკითხე, კადრებიც ნანახი მაქვს.
- ეტყობა სხვადასხვა წყაროებით ვისარგებლეთ, მაგრამ ბათუმლებისგან ნამდვილად მაქვს ინფორმაცია, რომ მეჩეთის აშენების საჭიროება არსებობს.
თქვენ ამას მხოლოდ ნაამბობის საფუძველზე აცხადებთ.
- წერილობითი ფორმითაც შემიძლია ვთხოვო და ვიღაცეებს გავაკეთებინო, მაგრამ ეს არ არის ჩემი სფერო. მე ასეთი წყაროები მაქვს, თქვენ სხვა, მაგრამ ეს ნამდვილად არ დამსიზმრებია, რომ იცოდეთ ქრისტიანებს ველაპარაკე და არა მუსლიმებს, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა - მგონი ის პროცესები უფრო ყურადღებამისაქცევია, რაც ჩვენს გარშემო ხდება - თბილისი “კაზინოების“ ქალაქად იქცა, ბათუმშიც ასეთივე ტენდენციაა, მცხეთა იუნესკოს სიიდან შეიძლება ამოვარდეს.
პირადად მე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დარგის კურატორმა, იმისთვის ვიბრძოლე, რომ განმეცალკევებინა ნებისმიერი მეჩეთის აშენების საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სფეროსგან და ნაცვალგების თემა მომეხსნა.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საკითხი დაისვა ასე - ჩვენ გვინდა ხანგრძლივი თანამშრომლობა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საერთო საქმეა. ამისათვის ერთობლივი ექსპედიციებით თურქეთის ტერიტორიაზე მოხდება ქართული ძეგლების ინვენტარიზაცია, ხოლო საქართველოს მიწაზე ოსმალური კულტურის ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია, რაც ასევე ძალიან სასარგებლოა. განისაზღვრება რომელი ძეგლი იქნება სასწრაფოდ მისახედი იმ ტერიტორიაზე, რომელი ძეგლი აქ და პრიორიტეტები შეირჩევა. მაგალითად, მომავალში ჩვენ გადავწყვეტთ ხანძთა აღვადგინოთ თუ ოთხთა. თანამშრომლობის მეორე პუნქტი ითვალისწინებს ქართველი სპეციალისტების იშხანისა და ოშკის გარშემო დაწყებულ პროცესებში სასწრაფო ჩართვას.
ოშკს და იშხანს ფიზიკურად უკვე შეეხნენ?
- უნდა შეხებოდნენ, მაგრამ ავარია მოხდა, ორი ადამიანი დაიღუპა და ეს პროცესი ამან შეაფერხა. იშხნის აღდგენის პროექტი უკვე არსებობს, მაგრამ არასრულყოფილია - არქეოლოგიური და გეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. იქ არის კედლის არაჩვეულებრივი მხატვრობა, რასაც ასევე ცალკე მიხედვა უნდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა თითოეული ძეგლის რესტავრაცია 400 დღეში უნდა მოასწრონ, რაც არის სტანდარტული რეჟიმი და ჩვენ გვინდა არასტანდარტულში გადავიყვანოთ.
კონკრეტულად რომელი შეცდომების გამოსწორებას ითხოვს თურქული მხარე?
- რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე “აჰმედიეს მეჩეთის“ გუმბათის ფერის შეცვლას - ახლა ალაპლაპებულია და უნდა იყოს ტყვიისფერი. ამ მეჩეთზე პირვანდელი ცხაურების დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც მოხსნეს და რეაბილიტაციის დროს იაფფასიანი ცხაურები გაუკეთეს. მეჩეთის, თუ მედრესეს სიახლოვეს გაკეთებულმა აუზმა ნესტი გამოიწვიაო და ამიტომ მოსაპირკეთებელი მასალის შეცვლას ითხოვენ. ჩემი იქ ყოფნის დროს ნესტის პრობლემა არ იდგა, მაგრამ კი ბატონო, თანახმა ვართ მოსაპირკეთებელი მასალა შეიცვალოს. პლუს ამას, რეაბილიტაციის დროს შენობაში შეუტანიათ ქვის დიდი სტელები, შუა საუკუნეების წარწერებით და ჯვრის გამოსახულებებით. ამ სტელების გატანა გვთხოვეს, რასაც ასევე გავითვალისწინებთ. ჩვენ ვთავაზობთ ოსმალური არქიტექტურის ერთ-ერთი ძეგლის - ახალციხის რაბათს გარეთ აბანოების კომლექსის რესტავრაციას.
წყვილი აბანოების რესტავრაციას თურქეთს ხომ წინა ხელისუფლებაც სთავაზობდა.
- ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია.
განსაზღვრულია ხელშეკრულების პროექტში რომელი მხარე რას დააფინანსებს?
- არა, მაგრამ ვთვლი, რომ მაგალითად აბანოების რესტავრაცია და მეჩეთზე გარკვეული სამუშაოები ჩვენი გასაკეთებელია, რადგან ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. ისინი თავის ფულით აკეთებენ ოშკსა და იშხანს. თუ კი ოშკისა და იშხანის რესტავრაციაში ქართველ სპეციალისტებს ჩავრთავთ, ამისთვის საჭირო ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ.
რა იგულისხმება სპეციალისტების ჩართვის მიღმა - დადგებიან და შორიდან შეხედავენ ოშკისა და იშხანის რესტავრაციას?
- უნდა გავგზავნოთ: არქეოლოგი, არქიტექტორ-რესტავრატორი, ფერწერის რესტავრატორი, გეოლოგი და ერთი ალბათ, საპატრიარქოს წარმომადგენელი, რომელიც შეხედავს იქ პროცესი როგორ მიდის.
გააცანით თუ არა საპატრიარქოს ხელშეკრულების პროექტი?
- ანკარიდან დაბრუნების შემდეგ პატრიარქის სამდივნოდან დამიკავშირდნენ და ეს დოკუმენტი სასწრაფოდ გადავუგზავნე. ვუთხარი, სანამ სხვა უწყებებში გადავგზავნი, თუ რამე კომენტარი გაქვთ, გავითვალისწინებთ-მეთქი, მაგრამ იქიდან არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია.
აპირებთ თუ არა იმ დოკუმენტის გასაჯაროებას, რომელზეც ხელმოწერა იგეგმება?
- პირადად მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ალბათ, პრემიერ-მინისტრთან უნდა შევათანხმო, ყოველ შემთხვევაში ბატონ გურამთან მაინც, საგარეო საქმეთა სამინისტროსაც უნდა დავუკავშირდე. პირველად მათ გადავუგზავნე ეს ტექსტი და მათ დაატრიალეს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში. ახლა უწყებათშორისი კონსულტაცია მიმდინარეობს. შემიძლია ხელშეკრულების ტექსტი წაგაკითხოთ. უწყებათშორისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ ამ დოკუმენტს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას გადავუგზავნით, იქიდან უკან დაგვიბრუნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერენ ხელს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრები და ეს იქნება შეთანხმება მთავრობებს შორის.
საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ბათუმის მოსახლეობის აზრზს, მეჩეთის აშენების შესახებ?
- უდაოდ გაითვალისწინებს, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, თუ საჭიროება არსებობს, მეჩეთი უნდა აშენდეს, ოღონს ეს ვიღაცის მიერ თავსმოხვეული არ უნდა იყოს, ეს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით უნდა მოხდეს. როცა მეჩეთის შესახებ ვსაუბრობ, გამოვხატავ ჩემს პირად პოზიციას, სამინისტრო არაფერ შუაშია, რადგან მეჩეთის საკითხი კულტურის სამინისტროს სფეროდან გადის.
განიხილავთ თუ არა თურქეთში ქართული ტაძრების საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით აღდგენის საკითხს?
- რა თქმა უნდა, ამაზე ვიზრუნებთ. მთავარია ისაა, თვითონ თურქებმაც გაიგონ, რომ მათი მხრიდან გამოჩენილი გულისხმიერება არ აწყენთ.
გაქვთ თუ არა გეგმაში ქართული ტაძრების იურიდიული სტატუსის განსაზღვრის საკითხის დაყენება, თურქეთის მთავრობასთან? ცნობილია, რომ ამგვარი თხოვნით საქართველოს პატრიარქმა თურქეთის მთავრობას წერილობით მიმართა.
- ეს ჩემთვის უცხო თემა არ არის, ამაზე საპატრიარქოში გვილაპარაკია, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას სცდება. შეიძლება ძეგლების სტატუსის საკითხი უფრო მაღალ დონეზე განიხილებოდეს. ამ ეტაპზე თანამშრომლობა უნდა დავძრათ. ამ კუთხით ისეთ ჭაობში ვიყავით, რომ უმჯობესია ჯერ თავი ცოტათი ამოვყოთ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ზრუნვა შემდეგ დავიწყოთ.