კომუნალურმა გარჩევებმა კომპანიებში გადაინაცვლა

კომუნალურმა გარჩევებმა კომპანიებში გადაინაცვლა

კომუნალური გადასახადების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი სხვადასხვა ფორმით გრძელდება. ოპოზიციური პარტიები სასამართლოებში სარჩელის შეტანის პარალელურად, კონკრეტულ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ. ლეიბორისტები კომპანია "თელასს" მიადგნენ, ახსნა-განმარტებები მოითხოვეს და საქმის გასარკვევად რუსეთში წერილებიც აფრინეს.

 

ლეიბორისტული პარტია თბილისის ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას ხელმძღვანელობას ხელისუფლებასთან კორუფციული გარიგებების წარმოებაში ადანაშაულებს და "თელასის" მმართველი რუსული კომპანიისგან - "ინტერ-რაო-ესისგან" - ოფიციალურ განმარტებებს მოითხოვს.

 

როგორც ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადებს, პარტიამ "ინტერ-რაო-ეესის" გამგეობის თამჯდომარეს, ბორის კოვალჩუკს სპეციალური წერილი გაუგზავნა, სადაც "თელასის" საქმიანობაზე არის საუბარი.

 

შატბერაშვილი თქმით, "თელასის" ხელმძღვანელობა საქართველოს სპეცსამსახურებთან და ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებებს აწარმოებს, რის შედეგადაც ხელოვნურად იზრდება ტარიფები და მოსახლეობის ჯიბეებიდან შავი ფულის ამოღება ხდება. კორუფციული გარიგებებისა და ტარიფებზე მანიპულაციის შედეგად, მოსახლეობა ყოველწლიურად მილიონობით ლარით ზარალდება.

 

გარდა ამისა, ლეიბორისტების წერილში საუბარია გადასახადების ერთიანი გადახდის წესის შემოღებაზეც, რის შედეგადაც, შატბერაშვილის თქმით, "თელასი" ერთგვარ სადამსჯელო კომპანიად გვევლინება. ლეიბორისტები "ინტერ-რაო-ესის" მმართველებისგან ოფიციალურ განმარტებებს მოითხოვენ, იმის შესახებ თუ რამდენად არის მათთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული საკითხები და რამდენად შეესაბამებიან ისინი კანონის ნორმებს.

 

"თელასისთვის" კი ლეიბორისტული პარტიის პრეტენზიები უსაფუძვლოა და ამ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ პარტიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. "თელასის" საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში ამტკიცებენ, რომ კომპანია თავის საქმიანობას ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ ნორმატიულ აქტებთან, შესაბამისად, ახორციელებს.

 

"გამომდინარე აქედან, კომპანია ემორჩილება მარეგულირებელი კომისიის დადგენილებას კომუნალური გადასახადების ამოღების ახალი მექანიზმის დანერგვასთან და "თელასის" ერთ-ერთ ადმინისტრატორად დანიშვნასთან დაკავშირებით. დადგენილების თანახმად, ყველა კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდა ადმინისტრირების ერთიანი კოორდინირებული სისტემის მეშვეობით მოხდება.

 

აბონენტს, რომელიც არ გადაიხდის წყლისა და ნაგვის გატანის მომსახურების საფასურს, შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება.  ადმინისტრირების სამსახური ვალდებულია შეწყვიტოს აბონენტის მომსახურება თუ მან მთლიანად არ დაფარა ზემოთ აღნიშნული კომუნალური გადასახადები", - სიამაყით აცხადებენ "თელასში".

 

კომპანიის წარმომადგენლები ურჩევენ საქართველოს ლეიბორისტურ პარტიას სრულად შეისწავლოს საკითხი - გაეცნოს კანონმდებლობას და მარეგულირებელი კომისიის დადგენილებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვას თავისი პოზიცია კომპანიის მიმართ.