თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურამ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გადასცა.
მმართველი გუნდის წევრი გიორგი ამილახვარი for.ge-თან საუბრისას ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდას აფასებს. „ქართული ოცნების“ წევრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პოლიტპატიმრად რომ თვლიდეს, მას გირაოს არ გაუხდიდა და სხვა ქმედებებს გაატარებდა.
გთავაზობთ გიორგი ამილახვართან ინტერვიუს, სადაც ის ნიკა მელიას გათავისუფლებასა და ამნისტიის შესახებ კანონზე საუბრობს.
მმართველი გუნდი ელოდა ევროკავშირისგან ამ ნაბიჯს, რომ ნიკა მელიას გირაოს გადაუხდიდა?
- შარლ მიშელის დოკუმეტისა და მოლაპარაკების თანახმად ცნობილი იყო, რომ ევროკავშირი ამის მზაობას აცხადებდა. თუმცაღა, ბატონი ნიკა მელია ჯერ ციხეში შესვლაზე ვერ ჩამოყალიბდა და ახლა ვერ გადაწყვიტა ციხიდან გამოვიდეს თუ არა. საბოლოოდ, გონივრულ გადაწყვეტილებამდე მაინც მივიდნენ და ევროკავშირის შემოთავაზებულ ვერსიას დათანხმდნენ. ეს კი, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათ ყველაფერი სცადეს, რათა ამ მოლაპარაკებებში დესტაბილიზაცია და დესტრუქცია შეეტანათ. თუმცა, საბოლოო ჯამში საღმა არზრმა და ევროკავშირის პოზიციამ იმძლავრა. როგორც ჩანს, მელია თანახმაა მიიღოს ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაო და საპატიმრო დატოვოს.
ნიკა მელიას ცნობილი განცხადებაა, რომ ვინც მის გირაოს გადაიხდის, ის მისი მტერი იქნება. გამოდის, რომ ევროკავშირიც მისი მტერი გახდა...
- ეს პირდაპირ მეტყველებს და მათი პოზიციიდან არაერთხელ დადასტურებულა, რომ ისინი მხოლოდ სიტყვით არიან პროდასავლელები. როდესაც კონკრეტულ ქმედებებზე და ნაბიჯებზე მიდის საუბარი, ყოველთვის ანტიდასავლურ გადაწყვეტილებებს იღებენ. შესაბამისად, მისი სიტყვებიც სწორედ ამაზე მეტველებს. თუმცა, როგორც ჩანს, მელიამ მაინც გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობას თავი დააღწიოს და შესაბამისად გირაოს დათანხმდა, რომელიც მისთვის იყო უალტერნატივო გამოსავალი და ყველაზე ხელსაყრელი გამოსავალი, რომ საპატიმრო დაეტოვებინა. ეს არის შეთახმების ნაწილი, ამიტომ ამაში მოულოდნელი არაფერი არ არის.
ნაცმოძრაობის განცხადებით, თითქოს ეს არის ევროკავშირის მიერ აღიარება, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარია, არადა, ეს ყველაფერი პირიქით არის. ის რომ პოლიტპატიმარი ყოფილიყო, სწორედაც ევროკავშირი პოლიტპატიმრის გამოსაშვებ გირაოს არ გადაიხდიდა და უფრო სხვა მექანიზმებით ეცდებოდა მის გათავისუფლებას. ეს იყო, უბრალოდ, მათ მიერ შექმილი ჩიხიდან გამოსავალი და კარგია, რომ მაინც აქამდე მივიდნენ. თუმცა, რაც მას უნდოდა - არ გადავიხდი და ვერ დამიჭერენ, ეს არ გამოუვიდა - არ გადაიხადა და დაიჭირეს: არ გადავიხდი გირაოს და პატიმრობას არ დავტოვებ - მაინც საპირისპირო გადაწყვეტილების გაკეთება უწევს - მიიღო გირაო და საპატიმროს დატოვებს.
თქვენ განცხადეთ: ნიკა მელია პოლიტპატიმარი რომ ყოფილიყო, ევროკავშირი გირაოს არ გადაიხდიდა. ანუ, ევროკავშირმა მხოლოდ შარლ მიშელის ხელშეკრულებით იხელმძღვანელა და ამიტომ გადაუხადა მელიას გირაო?
- ეს იყო გადაწყვეტილება, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული საკითხის ფურცელი გადაგვეშალა და დაგვეწყო სუფთა ფურცლიდან, რათა პოლიტიკურ სპექტრში პოლარიზაცია შეგვემცირებინა და საქმიან ვითარებაში გადავსულიყავით. ეს იყო სწორედ ევროკავშირის პათოსი. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მელიამ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა და ბრალი ამ საქმეზე აქვს წარდგენილი, თუმცა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ევროკავშირმა კი შემოგვთავაზა ამ საკითხის დახურვა როგორც ნიკა მელიას ნაწილში, ასევე სხვა ყველა იმ პირის ნაწილში, ვინც 20 ივნისის მოვლენებში ფიგურირებს. ამიტომ ეს მათ მიერ შემოთავაზებული ვერსია იყო. „ქართული ოცნება“ პირველი დათანხმდა ამ პოზიციას და დღესდღეობით „ნაციონალური მოძრაობა“ სარგებლობს ყველა იმ მონატანით, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს თან ახლავს, მაშინ, როდესაც ამ დოკუმენტზე თავად ხელი არ აქვთ მოწერილი. ეს კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა.
ნიკა მელია ახლა გიროთი გათავისუფლდება, მაგრამ მიშელის დოკუმეტში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამნისტიას ეხებოდა, ახლა თუ განიხილება ამნისტიის თემა?
- კი ბატონო, ამნისტიის საკითხიც შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ნაწილია. მიუხედავად იმისა, გირაოს ვითარება როგორ განვითარდებოდა, „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონს მაინც მიიღებს, იმ პრინციპებისა და იმ შინაარსის დაცვით, რაც ამ დოკუმენტშია დასახული და გულისხმობს, რომ ყველა პირის ამნისტირება მოხდება, ვინც 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებულნი არიან. ამნისტიის კანონი უკვე დაინიცირებულია, შესაბამისად, მისი განხილვა კანონის ფარგლებში განსზღვრულ დროში დაიწყება.
თქვენ განაცხადეთ, რომ ნიკა მელია დააღწევს თავს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. თქვენი აზრით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს, შემოვა პარლამენტში და წავა ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ?
- ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია, რადგან დღეს ნიკა მელია ფორმალურად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ არაფორმალურად პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილია. თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოჩდებიან ადამიანები, რომლებიც იმ დესტრუქციულ მიდგომებს, სააკაშვილის მიერ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას გაემიჯნებიან და ცალკე პოლიტიკურ მოღვაწეებად გააგრძელებენ ცხოვრებას, ეს პირველ რიგში, მათთვის იქნება კარგი. ჩვენ ყოფილი ნაციონალები უკვე დავინახეთ, რომლებმაც ასეთი ნაბიჯი გადადგეს და პარლამენტში შემოვიდნენ. ამიტომ, მაინც პოზიტიურ იმედს დავიტოვებდი, რომ ვიღაცეები და მათ შორის, შესაძლოა, ნიკა მელიაც ამ ნაბიჯს გადადგამს. სხვა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მოქალაქეებში ნდობას დაკარგავს, რაც პირდაპირ ასახული იქება მათ პოლიტიკურ რეიტინგზე.
როგორ ფიქრობთ, ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება, „ნაციონალურ მოძრაობას“ 15 მაისის დაგეგმილი აქციის გეგმებს ჩაუშლის?
- სრულიად ალოგიკურია, რომ ჯერ აქციები 3 თვით ადრე დააანონსო, როდესაც, ამ ხნის განმავლობაში, პოლიტიკური ვითარება ძალიან მალე შეიცვალა - მოხდა დოკუმენტური შეთანხმება და ა.შ. ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს აქცია, საერთოდ რას აპროტესტებენ? თუ ევროკავშირის პოზიციას აპროტესტებენ, მაშინ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, ისინი წყალს ვის წისქვილზე ასხამენ, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ვგულისხმობ. ვფიქრობ, ამაშიც უნდა ჩამოყალიბდნენ. ისინი საბოლოოდ ქუჩის პოლიტიკას ირჩევენ, თუ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს უბრუნდებან და საქართველოს პარლამეტში შემოდიან სამუშაოდ.