ჩვენ კანონმდებლობისა და გაცხადებული პრინციპების ფარგლებში ვმოქმედებთ, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანჰესის“ შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მიაჩნია, რომ მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართვა პროცესისადმი ნდობას გააჩენს.
„ჩვენ პირველ რიგში მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ ფაქტობრივად მორატორიუმი არის გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. გაგრძელდება კვლევები. მეტიც, იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ჩაერთო პირადად ჩვენი თხოვნისა და სახელმწიფოს მოწვევით მედიაციის პროცესში. ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის - კონკრეტულად, პროცესი რამდენად სწორად იყო წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები და ეს, რა თქმა უნდა, გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ“, - განაცხადა თურნავამ.