„მელიას თუ თავმოყვარეობა აქვს, ე.წ. ჯანსაღი და სააკაშვილზე გაბრაზებული ძალები შემოიკრიბოს, საკუთარი თამაში დაიწყოს, სხვაგვარად ვერ გადარჩება“

„მელიას თუ თავმოყვარეობა აქვს, ე.წ. ჯანსაღი და სააკაშვილზე გაბრაზებული ძალები შემოიკრიბოს, საკუთარი თამაში დაიწყოს, სხვაგვარად ვერ გადარჩება“

სამთვიანი პატიმრობის დასასრული - ნიკა მელია ციხეს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს. თუმცა ახლა საინტერესოა ისაა, მიხეილ სააკაშვილის ჩავარდნილი გეგმის შედეგ, მელია პოლიტიკური სცენარის განვითარების რა გზას აირჩევს. რა სტატუსით ტოვებს ის ციხეს?-პოლიტპატიმარი თუ სახედაკარგული პოლიტიკოსი, რომელიც უბრალოდ გამოიყენეს.

For.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ „ნაციოანლურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას და სააკაშვილის მომხრეებს შორის დაპირისპირება უკვე დაწყებულია. მელიას მომხრები ფიქრობენ, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ და ქუჩის აქციები დასრულდეს. ისინი 15 მაისს აქციის გამართვის მიზანს ვერ ხედავენ, მით უმეტეს თავად ოპოზიციის შიგნითაც დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავებულია. სააკაშვილის მომხრეები კი ფიქრობენ, რომ რევოლუციური სცენარი ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ ისინი კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. როგორც აღმოჩნდა სააკაშვილს მელიას ციხეში ყოფნა უფრო ხელს აძლევდა და თავს კომფორტულადაც კი გრძნობდა.

გაჩნდა ეჭვი, რომ მან მელიას ციხეში ჩასმით ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერა სცადა: სააკაშვილმა მელიაზე ეჭვიანობა დაიწყო, როცა მან პარტიის განახლება და მისი მრევლისთვის ადგილის მიჩენა სცადა. მელია, მეტ-ნაკლებად, საკუთარი პოლიტიკური ფიგურის შექმნას ცდილობდა, თუმცა საბოლოო ჯამში ისევ სააკაშვილის ახირების შესრულება მოუწია და სწორედ მიშას ახირება იყო მისი ციხეში გამომწყვდევა. სააკაშვილი ფიქრობდა, რომ მელიას პოლიტპატიმრის რანგში ყოფნა პოლიტიკურ პროცესებს გამოაღვიძებდა, საზოგადოებაში პროტესტის მუხტს გააღვივებდა და ბოლოს და ბოლოს ნანატრ რევოლუციასაც მოაწყობდა, თუმცა ყველაფერი წყალში ჩაეყარა.

ამიტომ ჩნდება მოლოდინი, რომ მელია სააკაშვილის ხუშტურების შესრულებას აღარ დაიწყებს და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით იმოქმედებს. თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს მისთვის მარტივი არ იქნება და მელიას ეს მცდელობა, შეიძლება, ძვირად დაუჯდეს.

პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს 9 მაისს მიმართა. ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ პირობისამებრ იმოქმედეს.

ევროკავშირმა მელიას 40 ათასი ლარი საიას გავლით ჩაურიცხა. თანხის ხაზინაში შეტანისა და პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ სასამართლოს ჩანიშვნას ადვოკატები 24 საათის განმავლობაში ვარაუდობენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს დაფარვა მელიას უკანონო პატიმრობის აღიარებაა. ევროპული მედიაციით „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციონერები მელიას გათავისუფლების გზას კრიზისის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. პოლიტიკოსები იმედს იტოვებენ, რომ უახლოეს მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების დოკუმენტის საკანონმდებლო იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამ აქტში პოლარიზების დასრულების შესაძლებლობას ხედავენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დესტრუქციული დღის წესრიგი შეინარჩუნოს. ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 10 მაისს გაიმართება.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურად გათვალა, არ გამოუვიდა და მისი ეს აბსურდული იდეა, მელიას „ჰეროტიზაცია“ მომხდარიყო, წყალში ჩაეყარა. ქართველიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილს ჰქონდა იმედი მელიას ციხეში ჩაჯდომა რაღაცა შედეგს მოუტანდა, თუმცა დიდი შეცდომა დაუშვა.

„სააკაშვილი შეეცადა, რომ უფუნქციო და იდეოლოგიურად სრულიად გამოშიგნულ პარტიისთვის აზრი მიეცა და ილუზიაც იმის შესახებ, რომ ამ ადამიანებს ქვეყნისთვის რამე კარგის მოტანა შეუძლიათ, საპნის ბუშტივით გასკდა. ამის პარალელურად, ევროპარლამენტში ის რეიტინგი, რაც კონკრეტული სენატორების და ევროპარლამენტარების თვალში ჰქონდათ, დაკარგეს. იმ ფრონტზეც კი მათი მხარდაჭერა სრულიად განულებულია. რა ეპითეტებით არ შეამკეს, თითქოსდა პროდასავლური კოლეგები და პარტნიორები. დაწყებული იმით, რომ არაერთგზის კორუმპირებულად დაასახელეს ევროპელები, სულ უნამუსოები, იდიოტები და ამორალურები ეძახეს. დღესაც არ ჩერდებიან და მათი ფანჩატურის გემის კაპიტანი ევროკავშირს უწმაწურად აღარ აგინებს, თორემ პოლიტკური თვალსაზრისით, მიწასთან ასწორებს“, - აცხადებს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, როცა ნაციონალებს ყველა გეგმა წყალში ჩაეყარათ, განაცხადეს, თითქოს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა მელიას პოლიტპატიმრად აღიარებას ნიშნავს.

სააკაშვილის ჩავარდნილი გეგმის შემდეგ, რომელმაც ნიკა მელია როგორც პოლიტიკური ფიგურა, კომიკურ სიტუაციაში ჩააგდო, პარტიის შიგნით წარმოუდგენელი დაპირისპირება გამოიწვია. ქართველიშვილის თქმით, ენმ-ში მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით იმდენად ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები კეთდება, რომ ცალსახაა ისინი აისბერგს უკვე დაეჯახნენ და უბრალოდ, იძირებიან და ახლა, ნაციონალებს „ტიტანიკის“ მგზავრების ბედი ეწევა - ვინც გადახტომას დროზე მოასწრებს, ის გადარჩება, ვინც არა, სააკაშვილთან ერთად ჩაიძირება.

„სააკაშვილის, როგორც მთავარი რეჟისორის შეცდომებმა საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ ამ სიტუაციაში უკვე სასაცილოა, როგორც ნაციონალების, ასევე ნიკა მელიას მდგომარეობა. მელია წარმოჩინდა როგორც აბსოლუტურად უპრინციპო მარიონეტი, რომელსაც სააკაშვილი საკუთარ ჭკუაზე ათამაშებს. ამ წარუმატებელი და ჩაშლილი გეგმის შემდეგ რას იზამს, ისევ გაჰყვება თუ არა მის ხუშტურებს, არ ვიცი. მელიას თავმოყვარეობის შესახებ, სიმართლე გითხრათ, პროგნოზირება მიჭირს. რამდენი პროცენტი შერჩა მას პირადი თავმოყვარეობა ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ, მას თუ ცოტა ანალიზის უნარი მაინც გააჩნია, უნდა მიხვდეს და სწორი დასკვნა გამოიტანოს. ისევ სააკაშვილის დადგმულ სპექტაკლში უნიჭო როლის შესრულება საბოლოოდ დაღუპავს. მას აქვს უნიკალური შანსი, რომ პოლიტიკურად გაბრაზდეს, სააკაშვილს გაანებოს თავი და საკუთარი პოლიტიკური მომავლის აწყობა დაიწყოს. თუ მას თავმოყვარეობა აქვს, ე.წ. ჯანსაღი და სააკაშვილზე გაბრაზებული ძალები შემოიკრიბოს და საკუთარი თამაში დაიწყოს, სანამ შესაძლებელია და დრო აქვს. მარგინალიზებულ და მარაზმატიკულ ძალებზე უარი თქვას და თავი გადაირჩინოს“,-აცხადებს ქართველიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას ციხეში ყოფნა მიხეილ სააკაშვილისთვის კომფორტულიც კი ყოფილიყო. ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ მელიაა ის ერთადერთი პოლიტკური ფიგურა, რომელსაც პარტიაში სააკაშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა და რევოლუციაზე უარის თქმა შეუძლია. ის არ გამორიცხავს, რომ მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, შიდა პარტიული დაპირისპირება გაღრმავდეს. სააკაშვილსა და მელიას შორის დაპირისპირებაში არსებობს დიდი შანსი, რომ მელიას ხაზმა გაიმარჯვოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად დაისვენა და უკვე დროა, რომ სააკაშვილმაც იგივე გააკეთოს.

„დიდი ალბათობით, ნიკა მელიას ციხეში ყოფნა სააკაშვილისთვის კომფორტული იყო, რადგან სააკაშვილი მელიას პარტიაში ძალაუფლებას უყოფდა. სააკაშვილმა დაინახა, რომ მელიას საკუთარი პოლიტიკური ფიგურის შექმნა შეუძლია და გაჩნდა საფრთხე, რომ სააკაშვილმა პარტიაზე ექსკლუზივი დაკარგა. ამიტომაც მელიას ციხეში ყოფნით თავს კომფორტულად ყველაზე მეტად სააკაშვილი გრძნობს. მელიას შეუძლია, რომ მას რევოლუციურ მოწოდებებზე პარტიაში უარი უთხრას. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მელიამ მას აღარც მოუსმინოს“, - აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ცოტა მეტი მოუვიდა, როდესაც ევროკავშირის გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. თუმცა ამას მოგვიანებით მიხვდა და გამოასწორა. ხუხაშვილი ამბობს, რომ მელიას ციხეში ყოფნა ოპოზიციის შიგნით დაპირისპირების და კონფლიქტის მიზეზი გახდა, რაც საბოლოოდ მის დაშლას გამოიწვევს. ამიტომაც მელია რაც უფრო სწრაფად დატოვებს ციხეს, ეს კარგი იქნება მისთვისაც და ოპოზიციისთვისაც.