ადგილობრივი ავიაკომპანიების უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია

ადგილობრივი ავიაკომპანიების უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანება ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს და ავიაბილეთების ფასებთან დაკავშირებული საკითხების გადახედვისკენ მოუწოდებს. გიორგი კოდუა ავიაბილეთების ფასებთან დაკავშირებულ მონოპოლიებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბილეთის მაღალ ფასს არსებული მონოპოლიები განსაზღვრავს. მისი თქმით, ბილეთის ფასში 40% საწვავის, ხოლო 15% აეროპორტის მომსახურების ღირებულებაა ასახული. 

"ორივე სექტორი არის მონოპოლიზებული და დიდ გავლენას ახდენს ბილეთების ტარიფების დაფიქსირებაში. ჩვენ მივმართავთ მთავრობას, რომ ეს საკითხი გადაიხედოს", - აღნიშნა კოდუამ.

მისივე თქმით, ავიასაწვავის მომწოდებელი საქართველოში "სოკარია", რომელმაც დაახლოებით 2 წლის წინ აეროპორტის ნავთობბაზა შეიძინა და მხოლოდ მასთან შეუძლიათ ავიაკომპანიებს საწვავის შეძენა. კოდუას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ კუთხით მონოპოლიები არ იარსებებს, ავიაბილეთების ფასის შემცირება დაახლოებით 20-30%-ით იქნება შესაძლებელი.

ქართულ ავიაბიზნესს ეკონომიკის სამინისტროსთვის დარგის პრობლემებით არ მიუმართავს. რამდენიმე დღის წინ "აირზენას" ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქართული ავიაბაზრის პრობლემები პრემიერის და ბიზნესის შეხვედრაზე წამოსწიეს.

კომპანიის გენერალური დირექტორის იასე ზაუტაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საკითხში გარკვევა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა და გიორგი კვირიკაშვილი ავიაბიზნესის წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში შეხვდება.

იასე ზაუტაშვილის განცხადებით, საუბარია სამთავრობო დონეზე ეროვნული ავიაციის ხელშეწყობაზე, რათა ტრანსნაციონალურმა ავიაკომპანიებმა ქართული კომპანიები არ "ჩაყლაპონ".

მისი განცხადებით, ქართული ავიაკომპანიების გადასარჩენად აუცილებელია პარიტეტის პრინციპის დანერგვა, სიხშირის კონტროლი და სატარიფო პოლიტიკის გადახედვა. აგრეთვე უნდა შეიზღუდოს უცხოური კომპანიებისთვის ქართულ ავიაბაზარზე დემპინგური ფასებით შემოსვლა.

"აირზენას" ხელმძღვანელის თქმით, ბათუმისა და თბილისის აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯია" უცხოურ, კერძოდ, თურქულ კომპანიებს შეღავათიანი პირობებით ემსახურება, რაც ქართულ ბიზნესს აზარალებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის განცხადებით კი ქართულ ავიაკომპანიებს ამ ფორმულირებით საკითხი არ დაუყენებიათ, თუმცა სამინისტროს მხრიდან "ტავ ჯორჯიასთან" ავიაკომპანიებისთვის შეღავათიანი პირობების შეთავაზების საკითხი უკვე დაისვა.

"კომერსანტის" ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიისგან ამ საკითხზე პასუხს ამ დრომდე ელოდება.

"მეეჭვება, რომ "ტავ ჯორჯია" უცხოურ კომპანიებს შეღავათებს უწესებდეს ქართულ ავიაკომპანიებთან შედარებით. თუმცა ჩვენ "ტავთან" გვქონდა შეხვედრა და ჩვენი კითხვა იყო, თუ რა შეღავათები შეიძლება გაუკეთონ კომპანიებს. თუმცა ამაზე "ტავის" პასუხი ჯერ არ მიგვიღია, პირდაპირ ჩარევის უფლება კი მართვაში არ გვაქვს", - აცხადებს მიქაძე.

ავიატორებს კი ეს განცხადება სულაც არ ამშვიდებთ. პირიქით, ისინი ზეწოლას აძლიერებენ და ქართული ავიაკომპანიების დისკრიმინაციაში "ტავ ჯორჯიას" შემდეგ ქუთაისის აეროპორტს ადანაშაულებენ. კოპიტნარელთა პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებას უკვე გიორგი კოდუა გამოთქვამს.

"ქუთაისის აეროპორტი ხელმძღვანელს ქეთი ალექსიძეს პირადად შევთავაზე, რომ ჩვენთვისაც ისეთივე პირობები  შეექმნათ, როგორც ეს "ვიზ ეართან" მიმართებაშია, თუმცა უარი გვითხრეს და განგვიცხადეს,  რომ მათ ურთიერთობა ამ კომპანიასთან უკვე აწყობილი ჰქონდათ. შეიძლება ამ კომპანიას ფულს იქით უხდიან", - აცხადებს კოდუა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი საკითხები უნდა დარეგულირდეს, თუმცა ავიაბაზარზე ისეთი ჩარევა, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში იყო, უნდა დასრულდეს  და სახელმწიფომ მხოლოდ სტაბილურ გარემოზე და სახელმწიფოთა შორის დადებულ შეთანხმებებზე იფიქროს. თუმცა, არა ისე, როგორც  წინა მმართველობის დროს, როდესაც "ღია ცის პრინციპი" შემოვიდა და მისით  მხოლოდ უცხოური ავიაკომპანიები სარგებლობდნენ, ხოლო ქართული მხარე სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ანალოგიური შეღავათით სარგებლობას ვერ ახერხებდა.

მისი აზრით, ეროვნულ ავიაკომპანიებს სახელმწიფოს ხელშეწყობა არ სჭირდებათ, უბრალოდ, ხელისუფლება ავიაბაზრის საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს, რისი პირობაც, კოდუას თქმით, პრემიერისგან ბიზნესმენებმა უკვე მიიღეს.