მთავრობამ უცხოური ინვესტიციებისთვის უცხოელი მრჩეველი მოიყვანა

მთავრობამ უცხოური ინვესტიციებისთვის უცხოელი მრჩეველი მოიყვანა

მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა. ამ საკითხში მას დახმარებას, ვაზილ ჰუდაკი გაუწევს. იგი მთავრობას პანდემიის პირობებში ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავებაში დაეხმარება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი როლი ექნება.

ინვესტიციების კუთხით ქვეყანაში მართლაც სავალალო ვითარებაა. უკვე მეორე წელია კაპირტალი შემოდინების მხრივ სრული ჩავარდნაა. ამიტომ საჭიროა გარდატეხა, რომელსაც მნიშვნელოვანი გარღვევა მოჰყვება.

„ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს წამყვანი როლი ექნება. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები. კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ რთულ ვითარებაში რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ჩვენი მოქალაქეების მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი და აქედან გამომდინარე შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მრჩევლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

ჰუდაკი 2016-2019 წლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. იქამდე კი 2015-2016 წლებში სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

2019 წლის ნოემბრიდან ვაზილ ჰუდაკი სლოვაკური საკონსულტაციო ცენტრის GLOBSEC-ის პროექტების მმართველია. 2021 წლის თებერვლიდან კი ჩეხეთის განვითარების ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წევრია. ამასთანავე, 2021 წლის იანვრიდან ჰუდაკი ჩეხური საინვესტიციო ფონდის 4gimel-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

„ჩემს როლს ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც საერთაშორისო დახმარების გზით, ფინანსური რესურსების მობილიზაცია მოხდება, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა სპეციალურმა მრჩევლმა.

ვაზილ ჰუდაკმა თავის გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან დასაახლოვებლად თანამედროვე მოთხოვნებს უნდა უპასუხოს.

„საქართველოში სხვადასხვა რანგში ბევრჯერ ვყოფილვარ, ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ეს საქართველოსთვის უმსხვილესი ინვესტორია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისთვის და საქართველოს საზოგადოების განვითარებისთვის ვიმუშავებ.

ჩვენ, კოვიდის გამო, გლობალურად რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო შესაძლებლობების პერიოდიცაა. შესაძლებლობა გვაქვს გავიზარდოთ, განვვითარდეთ, სხვადასხვა მიმართულებით სფეროებისთვის უკეთესი ხარისხი შევქმნათ. დახმარება აშშ-დან, ევროკაშვირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა ინვესტიციებისა და მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალი ევროკავშირში.

მე ვარ ევროკომისიის სპეციალური წარმომადგენელი მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით. ეს გამძლეობის მატებისთვის შექმნილი სპეციალური ინსტიტუტია. 50 მლრდ ევრო გამოიყო ამ პროგრამისთვის, რომელსაც 2 ასპექტი გააჩნია, ერთი - გაციფროვნებაა და მეორე - მწვანე, გარემოსდაცვითი მიმართულებით კლიმატის ცვლილების დაძლევა. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რათა უფრო ციფრული, თანამედროვე და მწვანე გახდეს. მიმაჩნია, რომ საქართველო ამით ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდება და ეს საქართველოს მთავრობის მისწრაფებაა“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

ამასთან, პრემიერის მრჩევლის აზრით, საქართელოს დღეს იმის რესურსი არ აქვს, რომ ეკონომიკის აღდგენისთვის აუცილებელ საჭროებებს უპასუხოს, ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს რესურსები გაჩნდეს.

ოპოზიცია გამოცდილი უცხოელი მრჩევლის დანიშვნითაც უკმაყოფილოა. პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შეუძლებელია, საქართველომ საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვაზე ისაუბროს, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ჟენევასა და ვაშინგტონში საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს.

„როგორ შეიძლება ახალ ინვესტიციებზე ისაუბრო, როდესაც მსოფლიოს ორ ფინანსურ ცენტრში - ჟენევასა და ვაშინგტონში მიმდინარეობს ყველაზე დიდი პროექტის - ანაკლიის საარბიტრაჟო დავა. რომელ ახალ ინვესტორს ეძებ, როდესაც ეს ინვესტორები აქ არიან და შენ მათ ფული წაართვი. ესენი არიან ამერიკელები, ჰოლანდიელები, ესენი არიან უზბეკები, ბულგარელები, ინგლისელები.

ეს ხალხი წინა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დროს ენდო საქართველოს და კონფლიქტის ზონიდან, ე.წ. აფხაზეთის ზონიდან, სადაც რუსული ჯარი დგას 4 კილომეტრში, ინვესტიცია განახორციელა. სახელმწიფომ კი ეს ინვესტიცია მოკლა. მთავრობამ უარი თქვა 50 მილიონის გარანტიაზე, რომ ამ ადგილზე 2.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელებულიყო“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-09 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო.

Katana . ჰო, მაგრამ მაშინ არ იყო კოვიდი, რომელმაც მთელ მსოფლიოში ჩაკლა ბიზნეს აქტივობები (მათ შორის, შტატებშიც) და საქართველოს რა ეკონომიკა ჰქონდა, რომ პანდემიის ხელი არ დატყობოდა!
3 წლის უკან