რას ემსახურებოდა ისრაელსა და არაბულ ქვეყნებში ყოფილი მაღალჩინოსნების გასაიდუმლოებული ვიზიტები

რას ემსახურებოდა ისრაელსა და არაბულ ქვეყნებში ყოფილი მაღალჩინოსნების გასაიდუმლოებული ვიზიტები

უფლებადამცველები ლევან ჩიტაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ისრაელსა და არაბულ ქვეყნებში ყოფილი მაღალჩინოსნების გასაიდუმლოებული ვიზიტების შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, ეს ვიზიტები ფულის გათეთრებას და საქართველოში საბოტაჟის მოწყობას ემსახურებოდა.

For.ge ლევან ჩიტაძეს ესაუბრა.  

- წინა ხუთშაბათს ვანო მერაბიშვილი ჩავიდა ისრაელში და კვირას დაბრუნდა საქართველოში. ისრაელის დედაქალაქში ჩასული მერაბიშვილი შეხვდა ძებნაში მყოფ კეზერაშვილს. ამ ხნის განმავლობაში იქ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რათა მომხდარიყო შეთანხმება, რომ კეზერაშვილის მშობლებს მოეთხოვათ საქართველოს მოქალაქეობა და მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაეწყოთ გარკვეული სახის ფინანსური აქტივობების შემოტანა საქართველოში.

რას უნდა მოხმარებოდა ეს თანხები?

- ეს თანხები უნდა მოხმარდეს ადამიანების მოსყიდვას, ფულის დარიგებას ხალხში. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც 19 აპრილს უნდა მივიდნენ ""ნაციონალური მოძრაობის"" აქციაზე. ამდენად, ყოფილი მაღალჩინოსნები ისევ მიმართავენ პოლიტიკური მოსყიდვის მცდელობას და ფინანსურ გარიგებებს, რათა 19 აპრილს შედგეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია. რაც შეეხება კონკრეტულ თანხებს, ერთ ადამიანს სთავაზობენ 1500 ლარის მიცემას იმისთვის, რომ ის მივიდეს პარლამენტთან და გაჩერდეს რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს კი რეალურად საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს. ამასთან ერთად, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათ მოახერხეს და შეხვდნენ საქართველოს ელჩს ისრაელში, რომელიც კეზერაშვილის საცხოვრებელი სახლის წინ ცხოვრობს. ისინი მეზობლები არიან. მათი საუბარი შეეხებოდა სავარაუდო სცენარს, თუკი საჭირო გახდებოდა პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩონოსნებისა და დღევანდელი მაღალჩინოსნებისთვის. მოხდა თუ არა შეთანხმება და რამდენად განხორციელდება ეს საკითხი, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ამასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამასთან ერთად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხვიჩა მაქაცარია, შარანგიები და მათი ბიზნესპარტნიორები ჩასულები არიან არაბულ ქვეყნებში, ოფშორებში, საიდანაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დასრულდა თანხების გადანაწილება. ამ ცხრა წლის განმავლობაში მოპოვებულ მილიარდობით თანხებზეა საუბარი. გარდა ამისა, მუშავდება სქემები, რომ ეს თანხები საქართველოში გათეთრებული სახით შემოვიდეს და მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა კამპანიის დაფინანსება.

როგორც ჩანს, კეზერაშვილი დათანხმდა შეთავაზებას. ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები?

- პირდაპირი სქემები შემუშავდა და, ჩემი ინფორმაციით, კეზერაშვილის მშობლებმა უკვე მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა, ისინი საქართველოში იმყოფებიან და იწყებენ გარკვეული სახის ფინანსურ აქტივობებს.

ქართულ სპეცსამსახურებს თუ შეუძლიათ გარედან  შემოდინებული ფულის აღკვეთა და თუ ფლობ ინფორმაციას, რა კეთდება ამისთვის?

- ვიმედოვნებ, ქართული სპეცსამსახურები და შს სამინისტრო ფლობს ამ ინფორმაციას და მათ უნდა ჰქონდეთ მოსაზრებები, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს მსგავსი უკანონობა. მეორე მხრივ, ჩვენი აზრით, აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება. პროკურატურასა და სახელმწიფო უწყებებს ნამდვილად აქვთ იმის საშუალება, რომ თუნდაც ანგარიშების ახსნა მოხდეს და დაიწყოს კონკრეტული ადამიანების დაკითხვა, დაკავება. ეს სრულიად შესაძლებელია. უბრალოდ, რატომღაც მგონია, პოლიტიკურ კონიუნქტურას გადაკიდებული დღევანდელი ხელისუფლება ძალიან რბილად მოქმედებს და ცდილობენ, დამნაშავეების დაკავების შემდეგ პოლიტიკური აჟიოტაჟი არ ატყდეს, რაც არასწორია.

იმის გამო, რომ კეზერაშვილზე ძებნაა გამოცხადებული, მას ასეთი სქემების განხორციელების ფუფუნება არ უნდა ჰქონდეს.

- კეზერაშვილზე ძებნაა გამოცხადებული და მის წინააღმდეგ ერთ-ერთი მუხლი სწორედ ფინანსური საკითხია. ზუსტად იმავე ფინანსებით, რა ფინანსებიც მას უკანონოდ აქვს ნაშოვნი, ამ თანხის შემოტანას აპირებს და ისევ "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის დაფინანსებას მოხმარდება, რაც ორმაგი უკანონობაა. მეც და ლევან გოგიჩაიშვილიც მზად ვართ, გამოძიებას დავეხმაროთ, თუკი ეს მათ დასჭირდებათ.

ნაციონალებს ეს თანხა, ალბათ, მარტო 19 აპრილის აქციისთვის არ სჭირდებათ. თუ გაქვთ ინფორმაცია, თანხის გამოყენებას სამომავლოდ კიდევ რისთვის აპირებენ? სავარაუდოდ, თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორი სქემით მოხდება უცხოეთიდან ფულის შემოდინება?

- ერთ-ერთი ვერსია, თუ როგორ მოხდება თუნდაც არაბეთიდან თანხის შემოტანა, ის არის, რომ ისინი საქართველოში დააფუძნებენ შვილობილ კომპანიას, ანუ რომელიღაც ევროპული კომპანიის შვილობილი კომპანია შემოვა. აქ რამდენიმე ფრონტზე მიდის საუბარი. უფრო ზუსტად, ერთ-ერთი ევროპული საქველმოქმედო ფონდის ფილიალი დაფუძნდება საქართველოში, სადაც ჩაირიცხება თანხები. ანუ ეს თანხები არაბეთიდან გადავა ევროპაში, ევროპიდან ისევ საქართველოში შემოვა და ერთი შეხედვით, ჰუმანური კომპანიის, რომელიმე კარგი ფონდის  მეშვეობით შემოვა სერიოზული ფინანსური რესურსები, რაც რეალურად შექმნის საფრთხეს საბოტაჟისთვის. წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დამატებით კიდევ ძალიან დიდი ოდენობის ფინანსური რესურსები ექნებათ. ამას დაუმატეთ მათი ფინანსებით მიზიდული დიდი ოდენობის მხარდამჭერები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში სააკაშვილის დახმარებითა და მონაწილეობით სარგებლობდნენ ექსკლუზიური უფლებით, ეკეთებინათ ბიზნესი და ეშოვათ მილიონები. ახლაც მათ საბოტაჟისთვის იყენებს სააკაშვილი.

როგორც ჩანს, მთლად კონფიდენციალური არ ყოფილა აღმოსავლეთის ქვეყნებში ნაციონალების ვოიაჟი, რადგან თქვენც მიგიწვდებათ ხელი მათ შეხვედრებზე

- მართლაც, მთლად კონფიდენციალურად ვერ მოახერხეს შეხვედრები. თუმცა არაერთხელ მომხდარა, როცა ძალიან მარტივ ინფორმაციას ვფლობდით ჩვენ, არასამთავრობო სექტორი და ამ დროს უშიშროება, უსაფრთხოების სამსახურები, შს სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ. აქედან გამომდინარე, გვიჩნდება დამატებითი ეჭვი, რომ გარკვეული სახის ფილტრატორები, ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობისთვის, ფილტრავენ ინფორმაციას და არ აწვდიან რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს. ამიტომაც ეს ადამიანები ხშირად ვაკუუმში არიან.

რა შეიძლება ხელისუფლებამ დაუპირისპიროს ამ ყველაფერს რაზეც საუბრობთ?

- ამ შემთხვევაში, მივადექით ჩაკეტილ წრეს. წესით, კანონით, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორი უნდა იყოს. თუმცა ამ შემთხვევაში, ასე არ ხდება, როცა რომელიმე დამნაშავე მაღალჩინოსანს პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო კონკრეტულ ბრალს უყენებს და ითხოვს მის გაუსვლელობას, ან გარკვეული სახის ღონისძიებების გატარებას, სასამართლო ამას პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, არ აკმაყოფილებს. ამასთან ერთად, ახალი ხელისუფლება, სამწუხაროდ, უკვე ერიდება ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებების პირდაპირ გატარებას და რეაგირებას, რათა შემდეგ ვიღაცებმა არ ატეხონ ყვირილი, რომ თურმე პოლიტიკური ზეწოლა მომხდარა. ამიტომ ისინი აურზაურს თავს არიდებენ, რაც სერიოზული შეცდომაა. თუკი სამოქალაქო სექტორი არ გააქტიურდება, 2003 წლის მდგომარეობას მივიღებთ, როდესაც მოხდა რევოლუცია, შეიცვალა ხელისუფლება და არავინ აღარ მიადევნა თვალყური, რეალურად ვის სჯიდა და როგორ სჯიდა ხელისუფლება. მაშინაც პასუხისმგებლობა ჩამოჰკიდეს ერთ ადამიანს, სააკაშვილს.  დღესაც ჩვენ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ჩამოვკიდოთ პასუხისმგებლობა, თორემ იმავე შედეგს მივიღებთ. შს სამინისტროსა და პროკურატურაში დარჩენილი დებოშის მომწყობი ადამიანები ინფორმაციას ფილტრავენ და არ აწვდიან რეალურ სამსახურებს. ეს ადამიანები ისევ სააკაშვილისთვის იმუშავებენ ეფექტურად და ყველაფერი დაბრალდება ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და თვალს ვადევნებთ მერაბიშვილისა და მათ მხარდამჭერ ბიზნესმენთა ვიზიტებს.   

თუ ფლობთ ინფორმაციას, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში სააკაშვილის ახლანდელი ვიზიტი რით იყო განპირობებული?

- 2013 წელს სააკაშვილი რამდენჯერმე იმყოფებოდა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და არაბული სამყაროს სხვა ქვეყნებში. ყოველთვის, როდესაც ის ჩადიოდა არაბეთში, რეალურად მისი და მისი მეგობრების მოქმედების სქემა ზუსტად ერთნაირი იყო. ახლაც იგივე მოხდა. ერთი კვირით ადრე იქ გაემგზავრნენ მისი მეგობარი ბიზნესმენები, ვისი მეშვეობითაც სააკაშვილი მილიარდერი გახდა. ამის შემდეგ იქ ჩადის სააკაშვილი, მიმდინარეობს გარკვეული სახის მოლაპარაკება, თანხების გადანაწილება, გადასროლა სხვადასხვა ანგარიშებზე, სხვადასხვა კომპანიის შექმნა, შემდეგ ისევ უკან ბრუნდება სააკაშვილი და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ამ ბიზნესმენების - შარანგიებისა და მაქაცარიას რამდენიმე წარმომადგენელი ჩამოდის საქართველოში და გარკვეულ საქმიანობას ეწევა. ისინი სრულიად უსაფრთხოდ აგრძელებენ მუშაობას.

ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ეს ფულიც საბოტაჟისთვის მოიხმარონ?

- ვშიშობთ, რადგან ეს პრობლემა გაცილებით გლობალური და ფართოა. თუმცა ერთ პატარა მაგალითსაც მოგიყვანთ, როდესაც სამარშრუტო ტაქსებთან მიმართებით ერთი ამბავი ატყდა, ხვიჩა მაქაცარიამ  მძღოლების გარკვეული ნაწილის მოსყიდვა მოახერხა. ამას მოჰყვა სიტუაციის არევ-დარევა და საბოლოო ჯამში, ნაცვლად იმისა, რომ გაბრაზებული და უფლებაშელახული მძღოლები თავანთი უფლებების აღსადგენად მისულიყვნენ ისევ მერიასთან, გიგი უგულავას, ან ხვიჩა მაქაცარიას სახლთან, ისინი მივიდნენ ფინანსთა სამინისტროსთან და დაიწყეს მოთხოვნები ხადურის წინააღმდეგ. ეს მაშინ, როცა ტენდერის პირობების შეცვლა ხადურს ნამდვილად არ შეეძლო. თუკი ტენდერი არასწორად ჩატარდა და ეს მართლაც ასეა, ის უნდა გაუქმებულიყო და თავიდან ჩატარებულიყო, რასაც ხადური ვერ განახორციელებდა. სწორედ ის არის პრობლემა, რომ ნაციონალები ისევ ფლობენ ძალას და ცდილობენ მდგომარეობის არევას.