შურისძიება

შურისძიება "სირცხვილის კორიდორით"

პაატა ბურჭულაძის შემდეგ ოკუპანტის ქვეყანაში კონცერტის გამართვისთვის „ერისიონიც“ დაადანაშაულეს. სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა მოწოდებები და შეფასებები: „ნუ უცეკვებ ოკუპანტს!“ „ჩემთვის „ერისიონი“ აღარ არსებობს, ის უკვე კრემლის სიონია“...

ისიც დაანონსდა, რომ 11 მარტს მოსკოვიდან დაბრუნებულ "ერისიონს" ორგანიზაცია „პატრიოტები" სირცხვილის კორიდორში გაატარებენ. ორგანიზაციის სახელით ამ ინფორმაციას გიორგი მაზმანიანი ავრცელებს.

"იმ ფონზე, როდესაც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსული სამხედრო აგრესიას არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ, რუსეთში ვიზიტი და ოკუპანტის კარზე ცეკვა ეროვნული სირცხვილია. დღეს კი "ერისიონმა" არჩია ოკუპანტის კარზე ცეკვა და ოკუპანტის გართობა, იმ ოკუპანტისა, რომელმაც ასწლეულების განმავლობაში ათასობით ჯარისკაცი, საქართველოს შვილი დაგვიხოცა, იმ ოკუპანტისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენს დედებს, მამებს, დებს, ძმებს, ცოლებსა და შვილებს დაუნდობლად უსწორდებოდა, იმ ოკუპანტისა, რომელსაც ოდითგანვე ჩვენი სამშობლოს მიწასთან გასწორება სურს და დღეს არის სირცხვილი, რომ ქართული საცეკვაო ანსამბლი აპირებს ამ ოკუპანტის კარზე ცეკვას. "ერისიონი" ქართული საოცრებიდან – ქართულ სირცხვილამდე", - ნათქვამია "ორგანიზაცია პატრიოტების"განცხადებაში.

„ამის მიუხედავად, რუსეთში დაგეგმილი ხუთი კონცერტიდან ორი კონცერტი კრემლის სახელმწიფო სასახლის მთავარ სცენაზე მაინც ჩატარდება და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ეს „ერისიონის“ პირველი ჩასვლა იქნება მოსკოვში. ანსამბლის ბოლო ტურნე მოსკოვში 2008 წლის მაისში გაიმართა.

„ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი აცხადებს, რომ ანსამბლი რუს პოლიტიკოსებთან კი არ მიდის, არამედ ისინი მიდიან ხალხთან, პირველ რიგში, ქართველებთან, ქართული კულტურის თაყვანისმცემლებთან. ამიტომ ქართველები ურაპატრიოტიზმს უნდა მოვეშვათ და პრაგმატულად ვიმოქმედოთ.

ანსამბლის სახელით უკვე გავრცელდა განცხადება, რომ ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყანა ხშირად კარგავდა საკუთარ შვილებს, რომლებიც თითოეულ ქართველს დღემდე სტკივა. აქედან გამომდინარე, საქართველოს არასდროს ემღერებოდა და ეცეკვებოდა, მაგრამ სწორედ მათმა სისხლმა და თავდადებამ მოგვიტანა ის გენია, რასაც ქართული კულტურა ჰქვია.

ცნობილია, რომ „ერისიონის“ ტურნე საქართველოს კულტურის სამინისტროს არ დაუფინანსებია. ისიც გაცხადდა, რომ პირველად რუსი მაყურებელი იხილავს ახალ ცეკვებს - „აფხაზურსა“ და „მოხეურს“ („ცეკვა სნოური“).

ანსამბლის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი თავდაპირველად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ გააკრიტიკა. მისი განცხადებით, "მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვების შესრულება აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებზე ცეკვის ტოლფასია" და, სანამ ჩვენი ოკუპაციის საკითხი დადებითად არ გადაწყდება, ეს სამარცხვინო ფურცელია ქართული კულტურის ისტორიაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ეხმიანება და აცხადებს: "რომ არა ნიკა ვაშაკიძის მსგავსი ვაი პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომები, ქართველი ვაჟკაცი ბიჭები არ დაიღუპებოდნენ. მეტიც, ეს ომი საერთოდ არ იქნებოდა. ჩიხიდან გამოსვლისთვის კი კულტურული ღონისძიებები ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია".

თუმცა ვოლსკი განმარტავს, რომ "ერისიონისთვის" მოსკოვში კონცერტის ჩატარება ბიძინა ივანიშვილს არ დაუვალებია.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იხსენებს, რომ თავის დროზე საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე, როცა სასიქადულო ადამიანს, პაატა ბურჭულაძეს ცუდი სიტყვები აკადრა იმ დროს, როცა მისი კონცერტი უნდა განხორციელებულიყო მოსკოვში. წულუკიანის განმარტებით, ხელოვნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია. ამდენად, იგი ხელოვანებისადმი მეტი პატივისცემისკენ მოუწოდებს ადამიანებს.

„ერისიონის“ შესახებ ნაციონალების მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ არა 2011 წლის 26 მაისის ტრაგედიის შემდეგ მოწყობილი აღლუმი, როცა ნასისხლარ რუსთაველზე ნაციონალებს კიდევ ეზეიმებოდათ. იმ დროს გახმიანდა, რომ „სუხიშვილებმა“ უარი თქვეს კონცერტში მონაწილეობაზე და „ხორუმის“ შესრულებაზე, რაც მათ სამხედრო ფორმაში გამოწყობილებს უნდა შეესრულებინათ. მაშინ პროტესტი საკმაოდ ხმაურიანი იყო. თუმცა დღეს რას ფიქრობენ „სუხიშვილები“ მათი კოლეგების მიერ კრემლში გამართული კონცერტის შესახებ.  

For.ge ანსამბლ „სუხიშვილების“ მენეჯერს ხატია ეკიზაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მოცეკვავეების პროფესია ასეთია და მათი გადასაწყვეტია, თუ სად წავლენ და როგორ გამართავენ კონცერტს. რაც შეეხება „სუხიშვილების“ ტურნეებს, ხატია ეკიზაშვილი აცხადებს, რომ მოსკოვში მათი კონცერტი არ იგეგმება, ამჟამად ნინო სუხიშვილი თბილისში არ იმყოფება, 14-ში ჩამოვა და კომენტარსაც გააკეთებს. თუმცა ხატია ეკიზაშვილი ადასტურებს, რომ მათი კონცერტები სანკტ-პეტერბურგში იგეგმება. რაც შეეხება მოსკოვს, მისი თქმით, ნაწილობრივ სწორედ პოლიტიკური მოტივით არ შედგა მათი ანსამბლის გასტროლები რუსეთის დედაქალაქში.

„ცხადია, ყველა ანსამბლი თავად წყვეტს, თუ სად წავლენ და სად არა, „ერისიონს“ ვერანაირად ვერ გავკიცხავ ამ საქციელის გამო“, -აცხადებს ხატია ეკიზაშვილი.

„ერისიონის“ გადაწყვეტილების შესახებ For.ge ხელოვან ადამიანებს ესაუბრა.

მომღერალი ბუბა კიკაბიძე აცხადებს, რომ ვერ ილაპარაკებს თავის კოლეგებზე, რადგან ეს მისთვის უხერხულია. როცა ჩავეკითხეთ, თუ როგორ მოიქცეოდა პირადად და იმღერებდა თუ არა მოსკოვში აგვისტოს ომის შემდეგ, მან გვითხრა, „წასასვლელი რომ ყოფილიყო, სულ მეძახიან და არ მივდივარ რუსეთში“.

მომღერალი ეკა მამალაძე არ ეთანხმება იმ აზრს, რომ „ერისიონის“ წევრები სირცხვილის დერეფანში უნდა გაატარონ. მისი თქმით, მართალია, ოკუპანტები ნამდვილად არიან რუსები, მაგრამ გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს.

„მაინტერესებს, ქათამაძე რომ დადის მოსკოვში, ოკუპანტებისთვის მღერის? ამიტომ ასეთი მნიშვნელობა არ უნდა მისცენ ამ ვიზიტს. ერთიცაა, სიმღერით ვერ დავიბრუნებთ ტერიტორიებს. არ შემიძლია ასეთი საქციელის გაკიცხვა, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ნანი არ ჩასულა მოსკოვში და ასეთი დიდი კონცერტი არ ჩაუტარებია, თუ არ ჩავთვლით კერძო მიწვევებს. ამიტომ ნუ მივცემთ ამას ისეთ სახეს, რომ თურმე პირველად ჩავიდნენ რუსეთში. დედაჩემიც ჩადიოდა თავის დროზე, მაგრამ მაშინ ხომ არ იყო ასეთი აქცენტები?! აგვისტოს ომის შემდეგ კი დედამ თავი შეიკავა, მაგრამ კერძო გამოსვლები, ალბათ, შესაძლებელია. სხვების საქციელი არ არის ჩემი განსასჯელი. მე ნეიტრალურ პოზიციაზე ვარ“, - გვითხრა ეკა მამალაძემ.

მომღერალი ნუგზარ ერგემლიძე აცხადებს, რომ ზოგიერთი მანამდეც დადიოდა მოსკოვში, თუმცა არავინ არაფერს ამბობდა და საინტერესოა, მაინცდამაინც ფოლკლორზე რატომ მიდგა საქმე?! მისი თქმით, „ერისიონის“ წევრები იქაურ ქართველებთან ჩადიან და ასი ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. ამიტომ რუსეთში კონცერტები, ალბათ, ვიღაცამ უნდა ჩაატაროს, თუნდაც იმიტომ, რომ მათმა შვილებმა იცოდნენ, როგორ ცეკვავენ საქართველოში.

„არა მგონია, რუსები მივიდნენ ქართული ცეკვის სანახავად. თუმცა მაინც და მაინც კრემლში კონცერტის ჩატარება ცოტა რთული მომენტია. ხომ იცით, იქ რა ხალხი ისხდება? საჩოთირო საქმე კია, მაგრამ ეს ტრაგედია არ უნდა იყოს. რაც დამოუკიდებელი გახდა საქართველო, სულ კომპრომისზე მიდის რუსეთთან. ჩვენსკენ არავინ წამოსულა კომპრომისზე, მაგრამ, თუ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს უმღერებენ და უცეკვებენ, არ არის პრობლემა“, - აცხადებს ნუგზარ ერგემლიძე.

ამასთან, აღიარებს, მისთვის რომ შეეთავაზებინათ, ასეთ პირობებში იგი კრემლში ვერ გამოვიდოდა. რაც შეეხება ჯემალ ჭკუასელის განმარტებებს, რომ კრემლში აფხაზურ ცეკვასაც იცეკვებენ, ნუგზარ ერგემლიძეს მიაჩნია, რომ შესაძლოა, ორი დიდი ერი ეომებოდეს ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის კონტაქტი მაინც იყოს.

„ერისიონში“ ჩემი მეგობრები არიან და არ მინდა, ცუდად გამომივიდეს. საერთოდ, ქართველები ლანძღვას თუ გადავეჩვევით, უკეთესი იქნება“, - აცხადებს მომღერალი.

რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი არ თვლის, რომ „ერისიონის“ ცეკვა ოკუპანტებისთვისაა. პირიქით, ეს არის ქართული კულტურის ჩვენება მათთვის, ვინც ჩვენ ცუდად გვიყურებს. ეს არის იმის წარმოჩენა, რომ ძალიან მაგარი კულტურის წარმომადგენლები ვართ და ჩვენი ყველას უნდა შურდეს.

რაც შეეხება "ერისიონის" წევრების სირცხვილის კორიდორში გატარებას, ავთანდილ ვარსიმაშვილი აცხადებს, რომ ყველას აქვს თავისი შეხედულებები და ვისაც როგორ უნდა, ისე შეხედოს ამ საკითხს და როგორი სირცხვილის დერეფანიც უნდათ, ისეთი მოაწყონ. მისი აზრით, ჩვენ თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და არავის არაფერს არ უნდა ვუკრძალავდეთ.

„არა მგონია, ამ სირცხვილის დერეფნებით „ერისიონის“, „სუხიშვილების“ ან ქართული კულტურის მოამაგეთა ღირსება შეიბღალოს. ამ ადამიანებს ქართული კულტურა ქვეყნის გარეთ გააქვთ“, - გვითხრა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა კი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ მოიქცეს. პირადად იგი არ წავიდოდა მოსკოვში.

„ვისაც როგორ უნდა, ისე გადაწყვიტოს ეს საკითხი, არავის არ განვსჯი და არ განვიკითხავ“, - აცხადებს ნინა წკრიალაშვილი.