ქართული ღვინის საექსპორტო მოცულობაში რუსეთის წილი მეოთხედი იქნება. ჩრდილოეთში თითქმის ყველა უალკოჰოლო მწარმოებელი გააგზავნის თავის პროდუქციას. პირველ წელს ნავარაუდევია 10 მილიონი ბოთლის რეალიზება. დანარჩენი უკვე შემდეგ წლებში გაირკვევა.
"200 სახეობის ქართული ღვინო, რომლელიც რუსული მხარის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შესაბამის რეგისტრაციას გაივლის და რუსულ ბაზარზე დაბრუნდება. მათ მოუწევთ ყველა სახეობის ნიმუშების წარმოდგენა, რათა მოხდეს რუსეთის რეესტრში მათი რეგისტრაცია", - განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო იმედოვნებს, რომ არც ერთი კომპანია არ დარჩება შეუმოწმებელი, ვისაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნება სურს. სააგენტოს ხლმძღვანელის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პირველი წელს საქართველომ, შესაძლოა, 8-10 მილიონი ღვინის ბოთლის ექსპორტირება შეძლოს რუსეთში.
"ქართული ღვინის ექსპორტი დღეს არის 24-23 მილიონი ბოთლი ყველა სხვა ქვეყანაში. თუ ამას დაემატება 10 მილიონი ბოთლი და შევინარჩუნებთ იმ ზრდის ტემპს, რომელიც ახლა არის, ჩვენი ღვინის ექსპორტი ერთი წლის შემდეგ შეიძლება იყოს დაახლოებით 40 მილიონი. ეს გულისხმობს, რომ რუსეთი დაახლოებით 20-25%-ს დაიკავებს ქართული ღვინის ექსპორტში.
საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია, მაგრამ არა იმდენად სარისკო, რომ ჩვენ მარტო რუსეთზე ვიყოთ დამოკიდებულნი. აუცილებლად გვექნება დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრები", - დასძინა დავითაშვილმა.
წინა კვირას საქართველოში გენადი ონიშჩენკოს უწყების რამდენიმე თანამშრომელი ჩამოვიდა და ქართული ღვინისა და მინერალური წყლების კომპანიებში ინსპექტირება ჩაატარეს. შემოწმებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა და შედეგებიც მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელია. ფაქტობრივად, ყველა საწარმომ გამოცდა ჩააბარა.
"იყო გამონაკლისები, ეს არის შავნაბადას მონასტერი, სადაც თვითონ ბერებმა განაცხადეს უარი შემოწმებაზე. კიდევ ერთი კომპანია "ვაინემენის" შემოწმება ფიზიკურად ვერ მოესწრო, ერთმა კომპანიამ კი ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები. ამ ეტაპზე დაიწყება 36 ღვინის კომპანიის და 4 მინერალური წყლის რეგისტრაცია. ეს კომპანიები შემდეგ დაელოდებიან სხვა კომპანიებს, რომლებიც მეორე ჯერზე შემოწმდება", - განაცხადა დავითაშვილმა.
ამასობაში "როსპოტრებნადზორის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოქვეყნდა, რომელთაც რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევათ. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ 36 საწარმოს და მინერალური წყლების მწარმოებელ 4 კომპანიას "როსპოტრებნადზორი" აძლევს უფლებას, წარადგინონ დოკუმენტები მინერალური წყლების, ბოთლის ღვინის პროდუქციისა და კონიაკის სახელმწიფო რეგისტრაციისთვის.
კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება - მინერალური წყლები: "ბორჯომი"; "ნელსი", "საირმე", "აქვა გეო".
ბოთლის ღვინის და კონიაკის მწარმოებელი კომპანიები: "ახალშენი 2005"; "ბაგრატიონი 1882"; "ბადაგონი"; "ბატონო"; "ძმები ასკანელები"; "ვაზი პლიუსი"; "ღვინის მწარმოებელი ხარება", "ვინივერია", "ღვინის კომპანია დუგლაძე"; "შუმი"; "გრუზვინპრომი"; "ქართული ღვინის სახლი"; "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა"; "კახური ღვინის მარანი"; "კახური"; "ქიმერიონი"; "ქინძმარაულის მარანი"; "ალავერდი"; GWS; "კორპორაცია ქინძმარაული"; "კორპორაცია ქართული ღვინო"; "მანავის მარანი"; "მარნისკარი"; "ოჟიოს მარანი" (ალავერდის მონასტერი); "სარაჯიშვილი"; "გომი"; "თბილღვინო"; "თელავის ღვინის მარანი"; "თელიანი ველი"; "თბილისის მარანი"; "თბილისის ღვინის მარანი"; "წინანდლის ძველი ღვინის მარანი"; "გიორგი მირიანაშვილის ჩელტი"; "შატო მუხრანი"; "შუხმან ვაინს ჯორჯია"; "ენისელი- ბაგრატიონი".
თუმცა ეს რაოდენობა საბოლოო არაა და რუსული ბაზარი, შესაძლოა, უფრო მეტი ქართული კომპანიისთვის გაიხსნას. როგორც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, "როსპოტრებნადზორის" ექსპერტების მეორე დელეგაცია საქართველოში 25 მარტს ჩამოვა.
"დადასტურდა მეორე ვიზიტის თარიღიც. ეს არის 25 მარტი და ისინი შეამოწმებენ ყველა საწარმოს, რომელიც არის დარჩენილი და რომელთაც სურთ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება", - განაცხადა დავითაშვილმა. ისინი შეამოწმებენ კახეთში დარჩენილ კომპანიებს და ასევე მოიცავენ დასავლეთ საქართველოსაც.
ქართული ღვინისა და მინერალური წყლების პირველი ნაკადი რუსეთისკენ, სავარაუდოდ, მაისის ბოლოსკენ გაიგზავნება.
ამ ეტაპზე საინტერესოა როგორ მოხდება ქართული პროდუქციის რუსეთში მიწოდება. დავითაშვილის განცხადებით, ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისი თქმით, ლარსი ყველაზე მისაღებია, თუმცა განიხილება სხვა მარშრუტებიც, რადგანაც სასურველი იქნება კომპანიებს საშუალება მიეცეთ სარკინიგზო გადაზიდვებითაც განახორციელონ პროდუქციის რუსეთში შეტანა და სავარაუდოდ, ეს მოხდება აზერბაიჯანის მეშვეობით. მესამე ვერსია არის საბორნო მიმოსვლა, კერძოდ, საუბარია ნოვოროსისკზე. თუმცა, დღეს ბორანი ამ მიმართულებით არ მოძრაობს, მაგრამ თუკი იქნება მოთხოვნა, შეიძლება, გაჩნდეს ეს საბორნო მიმოსვლაც.