ან - ბორდი, ან - ბარათაშვილი

ან - ბორდი, ან - ბარათაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის პოსტიდან გიორგი ბარათაშვილის გადაყენების საკითხს ორ დღეში გადახედავს. ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ სამეურვეო საბჭოს წევრებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

აღნიშნული განცხადება გახელაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გიორგი ბარათაშვილის თანამდებობაზე დაბრუნება და მისი გადაყენების ნაჩქარევი გადაწყვეტილების გადახედვა კატეგორიულად მოითხოვეს.

არაა გამორიცხული, საზმაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფმა დირექტორის გადაყენების საკითხის განხილვა პარლამენტს სთხოვოს. ამ მოთხოვნას ისინი იმ შემთხვევაში დააყენებენ, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გიორგი ბარათაშვილს თანამდებობაზე არ დააბრუნებს.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩართოლანი აცხადებს, აბსოლუტურად მიუღებელი იყო სამეურვეო საბჭოს წევრების პოზიცია და მათი პასუხები დასმულ კითხვებთან დაკავშირებით. მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არ აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას, ან ქუჩაში გასვლას, მაგრამ ისინი პასუხისმგებლობას დააკისრებენ საქართველოს პარლამენტს და საკანონმდელო ორგანოს ბორდის წევრთა კომპეტენციით დაინტერსებას მოსთხოვენ. მით უფრო, რომ მათი აზრით, ბორდმა გადაწყვეტილება მიიღო პირადი ემოციების გათვალისწინებით, რაც "შოკისმომგვრელი პოზიციაა და არ ემყარება არანაირ ლოგიკას".

ამასთან, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, აუცილებლად უნდა გაირკვას, განიცდიდნენ თუ არა ზეწოლას სამეურვეო საბჭოს წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, როცა იღებდნენ გენერალური დირექტორის მოხსნის გადაწყვეტილებას.

უკვე ცნობილია, რომ 300-მდე თანამშრომელი მხარს უჭერს გიორგი ბარათაშვილის კანდიდატურას. მეტიც, ისინი კმაყოფილნი არიან გიორგი ბარათაშვილის მუშაობით იმ მოკლე პერიოდის განმავლობაში, რა დროშიც ის იკავებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას.

თავის მხრივ, გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჩივრებს. მას მიაჩნია, რომ ტელევიზიას ჰყავს საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ძალიან კარგი კოლექტივი და არ შეიძლება მაუწყებლის ბედი რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტოს.

For.ge საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ესაუბრა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პროდიუსერი დოდო შონავა მიიჩნევს, რომ მაუწყებლს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც არ იმართება რომელიმე კაბინეტიდან. კერძოდ, დოდო შონავას განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის მხოლოდ ტელევიზია. ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საზოგადოების ხელში და ის უნდა იმართებოდეს საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით. მით უფრო, რომ ამ არხის დაფინანსების წყარო მაყურებელია. ამიტომ, იგი, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, უნდა შედგეს.

„ორ დღეში ბორდი ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, ან არ გადახედავს. რა თქმა უნდა, ბორდს აქვს უფლება, თანამდებობიდან გადააყენოს გენერალური დირექტორი, მაგრამ ასე ნაჩქარევად, ერთ დღეში, მაშინ, როცა სულ რაღაც ორი თვის არჩეულია გიორგი ბარათაშვილი და გუნდმა დაიწყო კონსოლიდაცია, გეგმებიც დაისახა, ამ დროს ერთი ქალბატონის, ხათუნა ბერძენიშვილის გამო გიორგი ბარათაშვილის გადაყენება დაუშვებელია. ფაქტობრივად, ხათუნა ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი გამოიყენა იმისთვის, რომ საკუთარ პრობლემებზე ესაუბრა. ამ დროს იგი სამსახურიდან კი არ გაუშვეს, უბრალოდ, მას შესთავაზეს სხვა თანამდებობა, იმავე ხელფასით. ამიტომ ბორდის მიერ ასე ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ საფუძვლიან ეჭვს აჩენს“, - გვითხრა დოდო შონავამ.

ამასთან, დასძინა, რომ თუ ბორდი იმსჯელებს და მიხვდება, რომ ასეთი ერთსულოვნებაა კოლექტივში და უნდა შეცვალოს არასწორი გადაწყვეტილება, მაშინ, მაუწყებლის თანამშრომელთა ჩვეული საქმიანობა გაგრძელდება, თუ არადა, ისინი ბორდს გამოუცხადებენ უნდობლობას და ეჭვს შეიტანენ, რომ ბორდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

ჩვენ დავინტერესდით, საინიციატივო ჯგუფის წევრებს იურიდიულად რაიმე ზემოქმედების ძალა ჰქონდათ თუ არა, თუმცა დოდო შონავამ აღნიშნა, რომ იურიდიულად მათ არანაირი ზემოქმედების ძალა არ აქვთ, მაგრამ აქვთ მორალური ძალა. კერძოდ, ასეთი ერთსულოვნება არასდროს არ ყოფილა ამ ტელევიზიაში. ეს ერთსულოვნება კი გიორგი ბარათაშვილის მოსვლის შემდეგ გაჩნდა. შესაძლოა, გუნდი მართლაც შეიკრას და რეალურად შედგეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამიტომ დოდო შონავა შეურაცმხყოფელსა და არაადეkვატურს უწოდებს ბორდის გადაწყვეტილებას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს დავუსვით შეკითხვები, გვაინტერესებდა არგუმენტები, რის გამოც გიორგი ბარათაშვილის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, მათი არგუმენტები არადამაჯერებელი იყო. მათ პოლიტიკური მოტივი ვერ დაასაბუთეს, თუ რის მიხედვით ასკვნიდნენ, რომ ბარათაშვილის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა. ამდენად, ისინი ვარაუდების დონეზე საუბრობდნენ. მაუწყებელზე ზეწოლა რომ იყო, ამას საზოგადოების დიდი ნაწილიც ხვდებოდა, მაგრამ მიმაჩნია, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა სკანდალებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ საზოგადოებას მისთვის საჭირო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს“, - აცხადებს დოდო შონავა.

მისი თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის ფაქტები არ დაფიქსირებულა და კოლექტივმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ასეთი რამ არასდროს განხორციელდეს. ხოლო, თუ რას ეფუძნებოდა ხათუნა ბერძენიშვილის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი, დოდო შონავა ვერ აკონკრეტებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფის წევრი ნინო ზაუტაშვილი კვალიფიციურ ბორდს ითხოვს, რადგან არ აქვს გარანტია, რომ მომავალ ორ თვეში ბორდი ახალი გენერალური დირექტორით ისევ უკმაყოფილო არ იქნება. მისი თქმით,  ორი ადამიანის კონფლიქტის გამო გენერალური დირექტორის გათავისუფლება და იმის თქმა, თითქოს არხზე კრიზისია, გაუგებარია.

ამასთან, ნინო ზაუტაშვილი იმედოვნებს, ბორდის წევრებში საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი გადახედავენ და შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, რადგან მათი არგუმენტები მყარი არ არის.

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ტელევიზიასთან მიმართებით პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი მთლად კორექტული არ არის. ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, სადაც პოლიტიკა იწარმოება, რაღაცა დოზით ზეწოლა მედიაზეც ხორციელდება. არც ჩვენ ვართ ამ კუთხით გამონაკლისნი, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ, ბორდმა მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა. თუმცა ვიმედოვნებ, ბორდის მიმართ ჩემი დამოკიდებილება გაუმჯობესდება და ეს არ მივა მძიმე სასამართლო გადაწყვეტილებამდე. ერთი კია, სასამართლო დარბაზში მისულ ადამიანებსაც საბოლოოდ მაინც ერთმანეთთან მოლაპარაკებას გვირჩევენ“, - აღნიშნა ნინო ზაუტაშვილმა For.ge -სთან საუბარში.

ამასთან, განმარტა, რომ გიორგი ბარათაშვილის სარჩელს დღევანდელი სასამართლოს პირობებშიც პერსპექტივა ექნება, რადგან მისი საჩივრის შესვლისთანავე უპირობოდ უნდა შეჩერდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი, რაც დარღვევებით განხორციელდა.

კერძოდ, იურიდიული სახის დარღვევა იყო, რომ გიორგი ბარათაშვილის საქართველოში არყოფნის დროს სასწრაფოდ მოიწვიეს ბორდი და დაჩქარებულად მიიღეს გადაწყვეტილება.

იყო თუ არა ბორდის გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი, ნინო ზაუტაშვილი ამაზე პასუხის გასაცემად ორ დღეში მზად იქნება და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მისი ეჭვები გამართლდება.  

ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილსაც დავუკავშირდით. მისი თქმით, იგი აგრძელებს დასახულ გეგმას, შეიტანს სარჩელს და ამის შემდეგ ყველა დაინახავს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბორდი და საით წავა სასამართლო პროცესი.

მანვე გამორიცხა ხათუნა ბერძენიშვილის ნათქვამი, თითქოს, მასზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებდა.

„პოლიტიკური ზეწოლა არავის მიმართ არ განმიხორციელებია. ბორდის გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსამართლო, ალოგიკური გახლდათ და, ალბათ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - გვითხრა გიორგი ბარათაშვილმა.