მეანაბრეებო, აფბა-ში შეერთდით!

მეანაბრეებო, აფბა-ში შეერთდით!

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ („აფბამ“) საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაწყებული ფინანსური სფეროს ტრანსფორმაციის საკითხების კვლევა უკვე რამდენიმე კვირაა დაიწყო. კვლევის ერთ-ერთ ძირითადად მიმართულებას ე.წ. საბჭოთა ანაბრების საკითხის შესწავლა წარმოადგენს. ამ საკითხის შესასწავლად „აფბაში“ შეიქმნა საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი, რომლის მიზანიცაა, უზრუნველყოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, შეაგროვოს ინფორმაცია და, რაც მთავარია, ხელი შეუწყოს ანაბრების საკითხის მოგვარების პროცესს.

საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრს უკვე ბევრმა ადამიანმა მიმართა და კვლევაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. საზოგადოების მხრიდან დაინტერესების გამო ცენტრმა შექმნა ცხელი ხაზი (+995 0790 10 90 19), სადაც დარეკვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამასთან, შეიქმნა ვებ-გვერდიც (www. anabari. com.ge), რომლის მიზანიც ანაბრების თემასთან დაკავშირებით ნებისმიერი მასალის, ექსპერტული შეფასებების თავმოყრაა. ვებ-გვერდზე განთავსდება ყველა სიახლე, საარქივო მასალა და სიუჟეტი, რაც ანაბრების თემას შეეხება. ამასთან, ვებ-გვერდი გამოაქვეყნებს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ოფიციალური პირების პოზიციას ანაბრების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. ჩატარდება გამოკითხვებიც, სადაც მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი მიიღებს.

საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრის ვებ-გვერდის პრეზენტაციასთან ერთად, “აფბას” ინიციატივით, საბანკო საქმის ექსპერტების მონაწილეობით მსჯელობაც გაიმართა.

როგორც გაირკვა, ანაბრების დაბრუნების კუთხით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ვალუტის კურსი წარმოადგენს. ამდენად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ფულის კურსი, რადგან ზოგიერთმა მეანაბრემ ანაბარი გახსნა 1950 წელს, ვიღაცამ - 1960 წელს, 70-იან, 80-იან წლებში, ან კიდევ 1991 წელს, როდესაც ფულს აღარ ჰქონდა ძველი კურსი.

გარდა ამისა, დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ საზოგადოებას დღემდე ანაბრების დაბრუნების მოლოდინი აქვს, თუმცა საამისოდ საქართველოში გარკვეული მოდელი უნდა შემუშავდეს. კერძოდ, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალიან ბევრი მოდელი მოქმედებს და ერთიანი უნივერსალური სქემა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. თუმცა ანაბრების დაბრუნების კუთხით, სამი მნიშვნელოვანი საფეხური მაინც შემუშავდა: ანაბრების აღიარება, მეთოდოლოგია და პროცესის დაწყება.

მართალია, ჩვენმა სახელმწიფომ  ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები განახორციელა და 1998 წელსაც იყო ანაბრების გაცემის პრეცენდენტები, მაგრამ ამას მასშტაბური ხასიათი არ მისცემია. უფრო მეტიც, ყოფილა კონკრეტული შემთხვევები, როცა სასამართლომ ანაბრის დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ ინდექსაციის მექანიზმის არარსებობის გამო მეანაბრეს უარი ეთქვა. ეს მაშინ, როცა სახელმწიფო საბჭოს დეკრეტებით თუ პრეზიდენტის ბრძანებულებებით ინდექსაციის მექანიზმი არსებობს.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ანაბრების საკითხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ  რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ეს თემა ახალი ხელისუფლებისთვის. ეს არის ჩვენი, როგორც საზოგადოების, პასუხისმგებლობა იმ თაობისადმი, რომელსაც ანაბრები გახსნილი ჰქონდა.

მაგალითად, ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძეს სამაგალითოდ მიაჩნია ლიტვის მაგალითი, სადაც პირდაპირ ითქვა - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არ აქვს საშუალება, მეანაბრეებს ფული გადაუხადოს, ეს ქვეყანა ამ კონკრეტული ადამიანების მიერაა შექმნილი და, ამდენად, ქვეყანამ იგრძნო პასუხისმგებლობა მათ მიმართ. ამიტომაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისგან მიღებული შემოსავლების 80 % ამ ადამიანებისკენ იყო მიმართული. ასევე, საინტერესოა აზერბაიჯანის მაგალითიც. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა შიდა ვალში არ აღიარა ანაბრების საკითხი, ამ ქვეყნის ოფიციოზმა განაცხადა, მე ჩემი მოქალაქეების მიმართ კეთილ ნებას გამოვხატავ, გარკვეული პოლიტიკის შედეგად ადამიანებმა იზარალეს, ამიტომ ამ პოლიტიკას ადამიანებისადმი დამოკიდებულებაში გამოვხატავ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს.

ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დავით იაკობიძემ კი ასეთი მაგალითი მოიყვანა, რომ თავის დროზე ოჩამჩირეში შემნახველი ბანკი დაიწვა, რის შემდეგაც არაერთი ცნობა გაიცა, რომ ცალკეულ ადამიანებს ამდენი და ამდენი ანაბარი ჰქონდათ შეტანილი. დავით იაკობიძის აზრით, ვერ ვიტყვით, რომ ამ ადამიანებს არ უნდა ვენდოთ, თუმცა მხედრიონის ეპოქაში ნუთუ ვინმესთვის დამაჯერებელია, რომ ამ თანხას ნულები არ მიემატებოდა?!

ამდენად, For.ge-სთან საუბარში დავით იაკობიძე დაინტერესდა, რატომ ვგულისხმობდით, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო ანაბარი?! “ჩემი აზრით, ანაბრები არ უნდა დაბრუნდეს. მაჩვენეთ ერთი კაცი, ვინც პატიოსანი შრომით ანაბარი შექმნა და ითხოვს მის დაბრუნებას. ასეთი კაცი არ არსებობს. ზოგიერთს უნდა ამაზე კარიერა ააწყოს. ყველგან ანაბრების დაბრუნება პრივატიზაციასთან მიბმით მოხდა. ვთქვათ, ადამიანს ჰქონდა ანაბარი და, იმავდროულად, ჰქონდა მთავრობის ბინა, სახელმწიფო ადგა და აჩუქა ეს ბინა და ამით მოხდა მათ შორის მოლაპარაკება”,-გვითხრა დავით იაკობიძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე კი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო პრიორიტეტები ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხით,  საზოგადოებისთვის ანაბრების საკითხი რეალურად მოგვარებადია.

“ამას ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება. ადრე თუ გვიან ხელისუფლებამ მეტ-ნაკლებად მაინც უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულება”.   

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს, ზურაბ გვასალიას ანაბრების დაბრუნების შესახებ რაიმე ახლის თქმა უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ მეანაბრეთა შესახებ კვლევის ჩატარება საინტერესოა და თავადაც აინტერესებს, რა შედეგამდე გავლენ კვლევის პროცესში.

“სამართლებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რა პროცესები იდგა ამის უკან, ჯერჯერობით არავის გამოუკვლევია. ვერ ვიტყვი, რომ იმ დროს ბანკების მხრიდან ხალხის მოტყუება ხდებოდა. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ამ საქმეში, სახელმწიფო თავად იყო გაუგებარ სიტუაციაში. ჯერ ერთი, ერთი ფორმაციიდან მეორეში გადავდიოდით, მთლიანად იშლებოდა სახელმწიფო, რომელიც ანაბრებზე პასუხისმგებელი იყო. შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე დარჩა, მაგრამ ანალოგიური პროცესი ვითარდებოდა. ჩვენ, უბრალოდ, დრო გავუშვით, რადგან შეგვეძლო პრივატიზაციის პროცესში ჩაგვერთო ეს ადამიანები ან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გაგვეცა. ეს 1991-92 წლებში იყო შესაძლებელი, როცა პრივატიზების პროცესი იწყებოდა. ასე რომ, ყველა მომენტი ხელიდან არის გაშვებული, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია”, - აღნიშნა ზურაბ გვასალიამ For.ge-სთან საუბარში.  

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” გამგეობის წევრი, ეკონომიკის ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ზოგიერთ ადამიანს სასამართლო პროცესები სამივე ინსტანციაში მოგებული აქვს, მაგრამ ანაზღაურება მაინც ვერ მიიღო, რადგან ბოლო ინსტანციის სასამართლო აცხადებს, ინდექსაცია არ არის, თუ რის მიხედვით უნდა გაიცეს თანხა და ვის დაეკისროსო.

“ამიტომ ჩვენს საიტზე განთავსდება ექსპერტული მოსაზრებები ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით და მდიდარი არქივიც გვექნება. სხვათა შორის, ანაბრები ყველა ქვეყანამ დააბრუნა. შესაძლოა, მთლიანად არ დააბრუნეს, მაგრამ გარკვეული ნაბიჯი გადადგეს ანაბრების კომპენსირებისთვის. წესით და რიგით, საქართველოშიც ასეთი რამ უნდა განხორციელდეს, ამ ეტაპზე კი არ ვიცით, ეს მოხდება თუ არა, გაურკვეველი მდგომარეობაა”, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

მანვე ინდექსაციის სხვადასხვა ფორმაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, შესაძლოა, იმავე პრივატიზაციიდან მოხდეს ანაბრების ანაზღაურება, ან ეს საკითხი ასაკობრივი ჯგუფებით განისაზღვროს; გარდა ამისა, კომპენსაციების გაცემა შეიძლება, დროშიც გაიწელოს, რათა ამან ინფლაცია არ გამოიწვიოს. შესაძლოა, სხვადასხვა კურსითაც მოხდეს თანხების დაბრუნება და, ვინც 60-იან წლებში შეიტანა, მან სხვა კურსით მიიღოს თანხა, 90-იან წლებში ვინც შეიტანა-სულ სხვა კურსით.