„ნაციოანლური მოძრაობა“ პოზიციებს არბილებს და ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის ორივე პირობაზე, ფაქტობრივად, თანახმაა. როგორც ჩანს, მელია ახლა ენმ-ს უკვე გარეთ სჭირდება და ყველანაირად ეცდება, რომ ის თბილისის მერობაზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს. ქუჩაში მარტო დარჩენილი ნაციოანელბი მიხვდნენ, რომ ვერაფერს გააკეთებენ, ამიტომ ბრძოლის ტაქტიკას ცვლიან და პარლამენტში ინაცვლებენ. დიდი ალაბათობით, ენმ საკანონმდებლო ორგანოში შევა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის ისევ თავის გარშემო შემოკრებას შეეცდება.
თუმცა მელიას პოლიტიკური ფასი ციხიდან გამოსვლის შემდეგ რა იქნება? მას, როგორც ჩანს, საკანში ყოფნისას წონასთან ერთად პრინციპულობაც დააკლდა და პოლიტიკური ნარატივი რამდენჯერმე შეცვალა. ჯერ ამბობდა, რომ ვერ დაიჭერდნენ, შემდეგ ამტკიცებდა, რომ ამნისტიას თუ ხელისუფლება უკან გაიწვევდა, ევროკავშირის გირაოთი გარეთ გამოვიდოდა. ფაქტობრივად, მისი ადვოკატების განცხადებიდან ჩანს, რომ ის პარლამენტში ამნისტიის ინიცირების მიუხედავად, გირაოს გადახდაზე თანახმაა. მელია ბელად სააკაშვილის ხუშტურებსა და რეალობას შორის არის გაჭედილი. ციხიდან გამოსვლას ცდილობს, ოღონდ ისე, რომ ნაკლები პოლიტიკური ზიანი მიიღოს და სახე შეინარჩუნოს.
მელიას ინტერესების დამცველი გიორგი კონდახაშვილი განმარტავს, რომ გირაოს გადახდას პოლიტიკოსის თანხმობა არ სჭირდება. მელიას პოლიტიკური გუნდი ღიად აცხადებს, რომ პოლიტიკოსის თავისუფლება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„დღეს იყო მორიგი შეხვედრა დღესასწაულების შემდგომ. შევხვდით და გავიარეთ სხვადასხვა საკითხი. რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ არავითარ შემთხვევაში არ არის დღის წესრიგში. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა და სასამართლო. ნებისმიერ დროს ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მოითხოვონ გირაო და ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომის დარბაზიდან. ისევე როგორც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს კანონზე, ზუსტად ანალოგიურია გირაოსთან დაკავშირებით, მისი თანხმობა არაფერ შუაში არ არის. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
„ნიკა მელიას კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი საპატიმროში აღმოჩნდა და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ ნიკა მელიას დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა.
„მისი ყველა განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ გამოჩენილიყო თავისუფლებისთვის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად. სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი და კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი აღმოჩნდა საპატიმროში და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს, რადგან იცის, რომ აბსოლუტურად წამგებიანი, უპერსპექტივო, ძალიან დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის მისი პატიმრობაში ყოფნა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ჰქვია უპრინციპობა, სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და პოლიტიკური ბრძოლის მარგინალიზაცია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის პოზიცია გამაღიზიანებელია ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ თუკი ამნისტიის კანონზე შეთანხმდებიან, ნიკა მელია თავისუფლებას მოიპოვებს.
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა უკვე მელია ციხეს დატოვებს თუ არა, მან პოლიტკური ფასი უკვე დაკარგა. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მისმა პატრონმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი რაღაცა მოიფიქროს და ის ისევ ციხეში დატოვოს. მისი აზრით, მელიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საპატიმროში მოხვედრილიყო და „გმირი“ გამხდარიყო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსმა ვერც ერთი ნათქვემი ვერ გაამართლა.
„მელიას ყველა მცდელობა ფაქტობრივად ჩაიფუშა. ასევე ვერც ერთ საკითხზე პრინციპულობა ვერ გამოიჩინა. ჯერ ამბობდა, რომ პარტიის განახლებას ვაპირებო და ვნახეთ მისი ახალი სახეები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე დღე იყვნენ აქტიურები. მერე „გმირად“ გახდომა უნდოდა და საბოლოო ჯამში, ერთი უპრინციპო კაცი აღმოჩნდა, რომელიც არა საკუთარი პოლიტიკური მიზნებით მოქმედებს, არამედ პატრონის, სააკაშვილის ხუშტურების შემსრულებელია. მელიას ციხიდან გამოსვლა უკვე აღარავის აინტერესებს, რადგანაც ენმ-ის ჩანაფიქრი არ გამართლდა. მან ჩაგრულის მანტიაც ვერ მოირგო და საკუთარ ხლართებში გაეხვა. სააკაშვილს მელია ციხეში სჭირდება, რადგან უნდა, რომ ზედაპირზე ისევ თავად იყოს. მას მხოლოდ როგორც პროპაგანდის იარაღს, ისე იყენებს. სამწუხაროდ, მელია სააკაშვილის ბადეში თავადაც აიხლართა და თავს ვეღარ აღწევს“, - აცხადებს for.ge-სთან ნიკოლეიშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ როგორც „ნაციოანლური მოძრაობა“, ასევე ნიკა მელიაც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ამიტომ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ მას ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდით გარეთ გამოსვლა უნდა. არადა სწორედ იმას ამბობდა, რომ გირაოთი გამოსვლას არ აპირებდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ შესაბამისად ამ პარტიისგან და მისი თავმჯდომარისგან გასაკვირი არაფერია. მათ როგორც რა და როდის აწყობთ ისე მოქმედებენ. ახლა ჩათვალეს, რომ მათი პოლიტკური მომავლისთვის მელიას გარეთ გამოსვლაა საჭირო და ის კოზირი, რაც გაითამაშეს, არ გამოუვიდათ. ამიტომაც პოლიტიკურად სულ რომ არ გაბანკროტდნენ, მელია მიხვდა, რომ ციხიდან დროზე გამოსვლა სჯობს.
„ის რომ ხელიუფლებამ მელიას ციხის კარი უნდა გაუღოს და გამოუშვას, სრული აბსურდია. მაშინ გამოდის, რომ სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს. პირს, რომელსაც ჯერ სასამართლოს მიერ მსჯავრი არ დადებია და გარეთ გამოუშვან, ასეთი რამ დემოკრატიულ ცხოვრებაში არ არსებობს. მელიამ ყველა ის სამართლებრივი პროცედურა უნდა გაიაროს, რაც ნებისმიერმა პატიმარმა. ეს არის გირაოს გადახდა სასამართლომდე და შემდეგ ამნისტია, რომელიც ჯერ მიღებული არ არის. ეს არის ნაციონალებისგან მორიგი ბლეფი, რომელიც უნდათ, რომ კანონის ჩარჩოებში არ ჯდებოდეს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ნაციონალებმა ნიკა მელიასგან „ტანჯული გმირი“ ვერ შექმნეს, იდეა ჩაიშალა, ამიტომ ახლა გამოსავლის ძიებაში არიან. ენმ მიხვდა, რომ მელიას ციხეში ყოფნა უკვე პარტიას აზიანებს, რადგანაც წინასაარჩევნოდ რეიტინგზე და საარჩევნო ტაქტიკაზე უნდა მუშაობდეს. მიხვდნენ, რომ ქუჩაში მარტო დარჩენილები ვერაფერს გააკეთებენ და იძულებულები არიან პარლამენტში შევიდნენ. ტონი შეარბილეს და ადრე გაკეთებულ განცხადებებზე უარს ამბობენ.
„ძალიან დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ ნიკა მელია ციხიდან გამოვიდოდა და პარლამენტშიც შევიდოდა. რაში დაკარგეს ეს 6 თვე, ჩემთვის გაუგებარია. ამაზე მიზეზი და პასუხი მარტივია, ეს მოხდა სააკაშვილის ახირების გამო. ის არის არადეკვატური და მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ნაციონალები არ შედიან, სახელმწიფო დაფინანსებას უნამუსოდ იღებენ. დეზინფორმაციას ავრცელებენ და კანონის ინტეპრეტაციას ახდენენ. ეს არის რეალობა და ამის გამო რეიტინგს დაკარგავენ. იმის მაგივრად, რომ ამომრჩეველს პრობლემების მოგვარებაზე და მის გზებზე ელაპარაკონ, მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობა დესტრუქციაზე არის აწყობილი“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგიკა მარტივი და გასაგებია. ისინი მიხვდნენ, რომ ქუჩაში მარტო დარჩენილები ოპოზიციის გარეშე ვერაფერს გახდებიან, ამიტომაც ბრძოლის ტაქტიკას ცვლიან. ადრე თუ ნიკა მელია ციხეში აწყობდათ, ახლა მისი გარეთ გამოსვლაა საჭირო, მით უმეტეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მელია თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატად სჭირდება. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ენმ პარლამენტში შევა და ახალ ტაქტიკით ბრძოლას იქ გააგრძელებს. ამ 6-თვიანი ბოიკოტით ენმ არ დაზიანებულა და ყველაზე დიდი ზიანი მხოლოდ მცირე პარტიებმა მიიღეს, ამიტომაც ისინი თავისი დღის წესრიგით მოქმედებენ და ეს გასაკვირი არ არის.
„ნიკა მელია ციხიდან ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა. გირაოთი თუ არა ამნისტიით მაინც. რაც შეეხება ამნისტიას, ეს არ ყოფილა „ქართული ოცნების“ ინიციატივა. ეს იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივა იმისთვის, რომ ეს დაპირისპირება დასრულებულიყო. ეს არის მათი წინადადება და ჩემთვის გაუგებარია ამნისტიის წინააღმდეგი რატომ შეიძლება იყვნენ. საქმეების 80% მომიტინგეებს ეხება და ვერ ვიგებ რის წინააღმდეგ გამოდიან.
20 ივნისის საქმე გამოსაძიებელია და ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა მუხლებით ამ საქმეზე ამნისტიის შემდეგ კონკრეტულ დამნაშავეებს ბრალს ვერ წაუყენებენ. რა თქმა უნდა, „ნაციოანლურ მოძრაობა“ მარტო ქუჩაში დარჩენას პარალმენტში შესვლას ამჯობინებს. არ გამოვრიცხავ, რომ უკვე იქ ოპოზიციის შემოკრებას შეეცადოს. სააკაშვილმა თქვა კიდეც, რომ ენმ-ის ბრძოლის ველი პარლამენტი უნდა გახდეს. ასევე ეცდებიან, რომ მელია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა ექნებათ“, - ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.