გვექნება თუ არა ცხელი პოლიტიკური მაისი

გვექნება თუ არა ცხელი პოლიტიკური მაისი

„დგება დრო როდესაც მეგობრები მტრები ხდებიან, ხოლო მტრები - მეგობრები“- ქართულ პოლიტიკაში ეს დრო მართლაც დადგა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გუშინდელი პოლიტიკური მტრები რა თქმა უნდა, მეგობრები ვერ გახდნენ, მაგრამ მეგობრობის მოჩვენებითი დემონსტრირებით, რაც ოპოზიციის ფიქტიური ერთობით პარლამენტის ბოიკოტსა და აქციებში გამოიხატა, ევროკავშირს თავიანთთვის რაღაცეები დასცინცლეს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ კი დათმობები გამოგლიჯეს.

მეორეს მხრივ, ევროკავშირმა და აშშ-მ, შეიძლება მათდა უნებურად, „ქართულ ოცნებას“ ერთგვარი საჩუქარი გაუკეთეს. ოპოზიციის მიერ კულტივირებული ე.წ. „ქუჩის პოლიტიკის“ მარცხი ნოყიერ ნიადაგს უქმნის ხელისუფლებას რეფორმებისა და ზოგადად პოლიტიკური პროცესის სადავეების კვლავ ხელში ასაღებად.

ფრანკლინ რუზველტი ამბობდა, „ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს არის თავად შიში“. დასავლეთთან ურთიერთობების კრიზისისა და გამომდინარე შედეგების შიშით, „ქართული ოცნება“ მისთვის მიუღებელი შინაარსის და პათოსის დოკუმენტს დათანხმდა და ხელიც მოაწერა. თუმცა, თუ ამ აქტს წმინდა პოლიტ-ტექნოლოგიური კუთხით შევხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა. ევროკავშირის ზეწოლით ე.წ. „ფანჩატურის ოპოზიციის“ ნაწილი პარლამენტში შევიდა და შესაბამისად პარლამენტის „ერთპარტიულობის“ პრობლემა დღის წესრიგიდან ამ ეტაპზე მოიხსნა როგორც საქართველოსთვის, ისე დასავლეთისათვის.

ამავე დროს, ყველა ხვდება რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის შედეგად მიღწეული შედეგი ჯერ საკმაოდ ნედლი და მყიფეა და ის საშენი მასალა, რომლითაც ეს შედეგი შედუღაბდება, ჯერ ძალიან ცოტაა. მხოლოდ საარჩევნო რეფორმა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საკმარისი. ფაქტობრივად, შარლ მიშელის დოკუმენტი ეს არის დროებითი საშუალება იმისათვის, რომ პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად და ცივილურად მივიდნენ. შესაბამისად, ამ დოკუმენტის მოქმედების ვადა დაახლოებით ექვსი თვეა, რადგანაც რა პოლიტიკური რეალობა დადგება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ჯერ არ ვიცით.

თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება დანამდვილებით, მივალთ თუ არა ადგილობრივ არჩევნებამდე მშვიდ პოლიტიკურ გარემოში. ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ მოთამაშეთა სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. თუ „ქართული ოცნება“ კვლავ გააგრძელებს დათმობების პოლიტიკას, ეს მათ მოწინააღმდეგეთა დაშოშმინებას ნამდვილად არ გამოიწვევს. პოლიტიკის აქსიომაა, რომ როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა სუსტად გამოიყურება, ეს ზრდის მისი ოპონენტების მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით შეუტიონ. მათში გაძლიერდება განწყობა, რომ საკმარისია კიდევ ერთხელ და მძლავრად მიწოლა და ხელისუფლებაც და დასავლეთიც კიდევ მეტს დათმობს. შარლ მიშელის მიერ ჩამოტანილი ბოლო დოკუმენტიც ამის თვალსაჩინო მაგალითია.

იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ მთავარ ოპოზიციურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტნიორები, გარკვეულწილად, შემოეცალა, ის რადიკალურ დღის წესრიგს არ ცვლის და არც შეცვლის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტში შევა. ამას ადასტურებს მათი განცხადებები და გეგმებიც.

„ხავერდოვან რევოლუციებში“ კარგად გაწაფული „ნაცმოძრაობა“ მოქმედებს ცნობილი ამერიკელი საზოგადო აქტივისტისა და ე.წ. კონტრკულტურის სულისჩამდგემლის სოლ ალინსკის სახელმძღვანელოს „წესები რადიკალთათვის“ მიხედვით. იქ კი წერია, რომ „მთავარია არა ის, თუ რა რეალურ ძალას ფლობ, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს მოწინააღმდეგე შენს ხელთ არსებულ ძალას“. შესაბამისად, „ნაცმოძრაობა“ და უკრაინაში მყოფი მისი ბელადი, ლამის, ყოველდღე ცდილობენ დაარწმუნონ ჩვენი საზოგადოება, რომ რეალურ ძალას ფლობენ და შემოდგომით ხელისუფლებას შეცვლიან. პატარა პარტიები და „პარტიუკები“ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობისათვის“ უსახელურო ჩემოდანივითაა, რომლის თრევა რთულია, მაგრამ გადასაგდებადაც ენანებათ... ამ ეტაპზე. ამის მკაფიო მაგალითია „ლელო“, რომელიც პარლამენტში შესვლის მიუხედავად, მაინც ვერ ეხსნება „ნაცმოძრაობას“.

სინამდვილეში, ხმაურიანი და აროგანტული ანტი-სისტემური ოპოზიცია, „ნაცმოძრაობის“ ჩათვლით, არც ისე ძლიერია როგორც ცდილობს თავი გვაჩვენოს, მათ შორის მისი მომსახურე მედიის მეშვეობითაც. „ქართული ოცნების“ პოპულარობის დაცემის პირობებშიც კი, პოლიტიკურად და მორალურად დისკრედიტირებული ანტისტემური ოპოზიცია მმართველ პარტიას დაუძლეველ პრობლემებს ვერ შეუქმნის, თუ ხელისუფლებამ არ მისცა ამის საშუალება.

თუმცა ეს არ აძლევს ხელისუფლებას დამშვიდების საშუალებას, რადგანაც ისევე როგორც ლარის ინფლაციას აქვს თავის კრიტიკული ზღვარი, რომლის იქითაც ხალხი რეაგირებას დაიწყებს, თავის „წითელი ხაზები“ აქვს საზოგადოების მოლოდინების ინფლაციასაც. 2003 წელს, სწორედ მოლოდინების ინფლაციამ გადააბიჯა „წითელ ხაზს“ და ხალხი მიხვდა და მას ამაში დაეხმარნენ, რომ შევარდნაძის რეჟიმს ყველა რესურსი ამოწურული ჰქონდა, ლეგიტიმაციის ჩათვლით. „ქართულ ოცნებას“ კი ჯერ კიდევ დარჩა, მართალია, მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული დრო იმისათვის, რომ რეალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს. ამით ის ორ კურდღელს დაიჭერს, საკუთარ პოზიციებსაც განიმტკიცებს და მარგინალურ ოპოზიციასაც არ მისცემს საშუალებას, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენა მოახდინოს.

მეორე მხრივ, ყველა საღად მოაზროვნესათვის ცხადია, რომ ქართულ პოლიტიკას სისტემური გადატვირთვა სჭირდება. თავის გამოსამშვიდობებლ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილს ეს ტერმინი არ უხსენებია, მაგრამ რეალურად ამას გულისხმობდა, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ჯანსაღი ოპოზიციის გამოჩენაზე საუბრობდა. ეს საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც აროგანტული და ანტი-სისტემური ოპოზიციის ერთი ნაწილი პოლიტიკური პროცესებიდან თვითგანდევნითაა დაკავებული. ამას ადასტურებენ სოციოლოგიური გამოკითხვებიც, რომლებშიც ახალ პოლიტიკურ ძალებსა და ლიდერებზე მოთხოვნა იკვეთება.

დღეს სწორედ შერაცხადი ოპოზიციის აღმოცენება გახლავთ ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის ერთი-ერთი მთავარი ამოცანა, რომ მან შეძლოს ახალი და საზოგადოებისთვის მისაღები ალტერნატივების გენერირება და შემდეგ მათი მიტანა საზოგადოებამდე.

 

 

 

Aburjga Tasmanieli გვექნება თუ არა ცხელი პოლიტიკური ზაფხული ეს ჩვენზე, ქართველ ხალხზე, საერთოდ საქარტველოს მოსახლეობაზე დამოკიდებული არ არის! არ არის კატეგორიულად! წეს დამოკიდებულია დასავლეთელი იმპერიალისტების, ვგულისხმობ აშშ-ს და ევროკავშირს, ნება სურვილზე, თუ გნებავთ იქაური რაღაც მცირე ჯგუფის ხუშტურზე, პოლიტიკური თუ მატერიალური გამორჩენის პერსპექტივაზე! თუ თავს დაგვანებებენ ასე თუ ისე სიმშვიდე იქნება თუ მოისურვებენ 1-2 დღეში რამდენიმე ორაზროვანი განცხადებით შეუძლიათ საქართველო სამოქალაქო ომამდეც კი მიიყვანონ!
3 წლის უკან