სოხუმში 220-ვოლტიანი კრიზისი დაიწყო

სოხუმში 220-ვოლტიანი კრიზისი დაიწყო

 

აფხაზეთში ელექტროენერგიასა და პურზე ფასების ზრდას მოსახლეობამ საპროტესტო აქციებით უპასუხა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აცხადებს, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობის გამო მიიღო. სეპარატისტული ხელისუფლება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს ურჩი გადამხდელების ფაქტორს, რის გამოც ისედაც მიზერული გადასახადის ამოღება უჭირთ. გადასახადი მინიმალურია, მაგრამ მოსახლეობა გაზრდილი ტარიფის გადახდაზე უარს ამბობს. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში დენის საფასურს მოსახლეობის მხოლოდ 38% იხდის,ელექტროენერგიის დანაკარგები კი 50%-ს აღწევს.

„აფხაზეთის მოსახლეობა ადრე 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში 30 კაპიკს (1,7 თეთრი) იხდიდა. დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს თანხა გაორმაგდა. გადასახადი იმდენად მინიმალურია, რომ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შესანახად არასაკმარისია და არც ელექტროენერგიის თვითღირებულებას პასუხობს. გამოდის, რომ ჩვენს ხარჯზე არიან, ელექტროენერგიის მინინიმალური ღირებულების გადახდაც არ უნდათ. გარდა იმისა, რომ გადასახადი მიზერულია, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ურჩი გადამხდელია, რის გამო გადასახადის ამოღება ვერ ხერხდება. ეს ეხება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, საზოგადოებრივ სტრუქტურებსაც. საერთო თანხის მხოლოდ 50 პროცენტს ამოღება ხერხდება. ბოლო ერთი თვეა, ამაზე აფხაზურ ხელისუფლებაში აქტიურად მიდის საუბარი. დარგი უმძიმეს მდგომარეობაშია”, - აცხადებს ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი.

დღეს აფხაზეთში ოფიციალურად 70 000 აბონენტია რეგისტრირებული, აქედან 22 000 სოხუმში. დარგის გადასარჩენად აფხაზეთში ელექტროენერგიის მინიმალური გადასახადი 1 რუბლი და 30 კაპიკი, ანუ 7 თეთრი მაინც უნდა იყოს. თუმცა, აფხაზური ელიტა ტარიფის შესაბამისობაში მოყვანას ვერ ბედავს. განსხვავებული ტარიფი მოქმედებს ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში - აქ თითო მოსახლე თვეში ფიქსირებულ 100 რუბლს ანუ 5 ლარზე ოდნავ მეტს იხდის. თუმცა, ახალი წლიდან სოხუმის მთავრობამ გამრიცხველიანების პროცესი სწორედ გალიდან დაიწყო.

ბოლო დღეებია სოხუმში საპროტესტო აქციები არ წყდება. წინა კვირის ბოლოს „აფხაზეთის ეროვნულმა ფორუმმა“, აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულმა პატრიამ და მოძრაობა „ახიაცამ“ დენის ტარიფების მატებასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც უკვე „მთავრობის“ გადაყენებას ითხოვდნენ. მათ 3000-ზე მეტი ადამიანი მობილიზება შეძლეს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომიტინგეთა მოთხოვნით, აქციაზე „პრეზიდენტი“ ალექსანდრე ანქვაბიც მივიდა. იგი მომიტინგეთა მოთხოვნებს გაეცნო.ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით მან აღნიშნა,რომ ამ საკითხს „საპარლამენტო კომისია სწავლობს და რასაც იგი გადაწყვეტს, მთავრობაც იმას დაამტკიცებს“.

„ჩემთვის ცნობილია, რომ ქვეყანაში მძიმე ვითარება და სერიოზული პრობლემებია. საჭიროა დრო და ფული, ერთდროულად ყველარფრის მოგვარება შეუძლებელია. ეს პრობლემები, მათ შორის, კორიუფციაც, ჩემს გაპრეზიდენტებამდე იყო. გასულ წელს ხელისუფლებამ დაახლოებით 600 მოქალაქის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯი დააფინანსა, ამისთვის 92 მლნ რუბლი იყო გამოყოფილი. მთავრობამ დახმარების პროგრამა შეიმუშავა მათ მიმართაც, ვისი სახლებიც ომის დროს დაიწვა და განადგურდა. ამისთვის 140 მლნ რუბლია გამოყოფილი. ადგილობრივი ადმინისტრაციები გადაწყვეტენ, ვის მისცენ ეს დახმარება“, - აცხადებს ანქვაბი.

მან მომიტინგეები დაარწმუნა, რომ მომატებული ტარიფები გადაიხედება, თუკი პარლამენტი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება დე ფაქტო მთავრობის დათხოვნას, ამაზე ანქვაბმა უპასუხა, რომ მას იმ წუთში არ შეეძლო ეს საკითხი ერთპიროვნულად გადაეწყვიტა.

სოციალური უკმაყოფილების ზრდით აფხაზური ოპოზიციის შანსებიც იზრდება. ოპოზიციის ლიდერი, ყოფილი პრემიერი და უშიშროების მინისტრი, „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ თავჯდომარე რაულ ხაჯიმბა ამბობს:

„აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ეთანხმება სახელმწიფოს ავტორიტარული მეთოდებით მართვას. ბოლო პერიოდში, მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებს ეწინააღდეგება. პურზე ფასის მომატება, ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა, შედეგად, ყველა მომსახურების გაძვირება, დაბალი ხელფასების ფონზე, ჩვენი მოსახლეობის ნაწილის კიდევ უფრო გაღატაკებას გამოიწვევს“.

სინამდვილეში სეპარატისტულ აფხაზეთს ელექტროენერგიის წარმოება ერთი თეთრიც არ უჯდება. ომის შემდეგ, ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - ენგურს გამოღმა, ელექტროსადგურები და ვარდნილჰესების კასკადი კი - ენგურს გაღმა დარჩა. ამიერკავკასიაში უდიდეს ჰესს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მართავს და მხოლოდ ქართველი სპეციალისტები ემსახურებიან, გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 პროცენტი კი სრულიად უფასოდ აფხაზურ მხარეს მიაქვს.

აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ სოხუმში მდგომარეობა დაძაბულია და თუ ანქვაბმა გარკვეული ზომები არ მიიღო, ამით ოპოზიცია კარგად ისარგებლებს.

„დენის ტარიფის გაძვირებამ აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როდესაც დე ფაქტო მთავრობამ ეს ინფორმაცია გააჟღერა, ამას საზოგადოებაში ძალიან დიდი უკმაყოფილება მოყვა. ჯერ ამ ფაქტს მალავდნენ, მაგრამ როგორც იქნა გაამჟღავნეს და ამას დიდი ამბავი მოჰყვა. ასე რომ, ეს შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებაშიც გადავიდეს.

წლების განმავლობაში აფხაზეთში ელეტროენერგიას ისე მოიხმარდნენ, როგორც უნდოდათ. ძალიან დაბალი ტარიფი არ ნიშნავდა იმას, რომ გადასახადს ყველა იხდიდა. პურის ქარხნები და ისინიც, ვინც დიდი ოდენობით მოიხმარდნენ დენს, საფასურს არ იხდიდნენ. ხალხი დარწმუნებულია, რომ არც ახლა გადაიხდიან. ამიტომაც ფიქრობენ, რომ გაძვირება მხოლოდ მათ მცირე შემოსავალზე იმოქმედებს.

ამ შემთხვევაში ოპოზიცია და ხალხი ერთ აზრზე არიან. ოპოზიცია ხალხის ასეთ დამოკიდებულებას გამოიყენებს და შეიძლება ხელისუფლებას ერთიანი ფრონტით შეუტიონ“, - აცხადებს კიკნაძე.

„საერთოდ, ჩინოვნიკებისა და ხელისუფლების მიმართ დიდი ხანია აფხაზურ საზოგადოებას პრეტენზიები აქვს. უკმაყოფილება ძირითადად იმის გამოა გამოწვეული, რომ ხალხმა არ იცის, რა ხდება მთავრობაში. რას აპირებენ და როგორ აპირებენ. მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ და ამ საკითხს ოპოზიციაც აღვივებს. ასე რომ, შესაძლოა, ანქვაბმა ზოგიერთი ჩინოვნიკი მართლაც გადააყენოს“, - დასძენს კიკნაძე.