ქუთაისში მცხოვრები დევნილები დახმარებას მთავრობას სთხოვენ

ქუთაისში მცხოვრები დევნილები დახმარებას მთავრობას სთხოვენ

აფხაზეთიდან დევნილი დაახლოებით 370 ადამიანი, ქუთაისში არსებულ ყოფილ სასტუმრო - „თბილისში“ უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ქუთაისში წვიმის მოსვლა, ხუთსართულიან ბინაში წვიმის ჩასვლასთან და დერეფნების დატბორვასთან ასოცირდება. შენობის საძირკველი წყლით არის დაფარული და შენობას არ აქვს მინები, რის გამოც, ზამთარში, დერეფნებში ისე ცივა, როგორც ქუჩაში.

დევნილები დახმარებას ახალ მთავრობას სთხოვენ და for.ge-სთან საუბარში ყურადღებას არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ.

ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრები ნაირა ხეცურიანი გვიყვება, რომ აფხაზეთიდან დევნილები „თბილისის“ შენობაში 20 წლის წინ შეასახლეს და სოხუმის ომის შემდეგ, ხუთი წლის განმავლობაში, მათ ხელისუფლება ეხმარებოდა, თუმცა, ბოლო 10 წელია, რაც მათ არავინ აქცევს ყურადღებას.

„ჩვენთვის ყურადღება მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ მოუქცევია და ის თვლიდა, რომ აფხაზეთის ტოლვილები მე არ მეკუთვნისო. მართალია, ახალგორის დევნილებს ჩვენზე უარესი დაემართათ და ისინი ძალიან მეცოდებიან, მაგრამ თუ სადმე სვანი დევნილი იყო, სუბელიანმა ყველა დაასახლა და მას ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია. რწმენა მაქვს, რომ ახალი მთავრობა რაღაცას შეცვლის. ახალ მთავრობას ვეტყოდი, რომ წვიმასა და ქარში მათ ველოდებოდით და ვამბობდით, აი მოგვივიდა მსხნელი-თქო და იმედია, მხსნელები ნამდვილად იქნებიან. დაპირებების ნახევარი მაინც შეასრულონ. ერთი ოთახი მეკუთვნის, ერთი ოთახი მომცენ, ოღონდ რაღაცა მოგვცენ“, - აცხადებს ხეცურიანი.

ხუთსართულიან შენობაში თითო სართულზე დაახლოებით 15-20 ოჯახი ცხოვრობს, თითო ოჯახს 12-14 კვ/მ ფართობის ერთი ოთახი აქვს, თუმცა, თუ ოჯახი ოთხზე მეტი წევრისგან შედგება, მაშინ მათი საცხოვრებელი ფართი ორი ოთახით განისაზღვრება.

ხეცურიანს ერთი ოთახი აქვს, სადაც მასთან ერთად შვილი და შვილიშვილი ცხოვრობენ.

„ეს ერთი ოთახი მაქვს, სადაც არის სამზარეულო, საძინებელი და ყველაფერი. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვარ, მაგრამ სოცაგენტი მოვიდა და 50 ათასი ქულა დამიწერა, რის გამოც, დახმარებას ვერ ვიღებდი, მაგრამ ახლა, სამი თვეა, რაც სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ 30 ლარს მაძლევენ. ამას გარდა, 100 ლარიან პენსიასა და 22 ლარიან დევნილობის დახმარების ფულს ვიღებ. აი, ეს არის ჩემი შემოსავალი და თავი ხან, ნასესხები ფულით გაგვაქვს და ხანაც, ლეჩხუმიდან ნათესავები პროდუქტს გვიგზავნიან“, - ამბობს ხეცურიანი.

For.ge-სთან საუბარში, ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრები ვეფხვია მიქაუტაძე ყურადღებას ხუთსართულიან ბინაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ბინა სავალალო მდგომარეობაშია, შენობის საძირკველი წყალშია, შენობის სახურავი დაზიანებულია და შენობაში წყალი ჩადის.

„შენობა ავარიულ სიტუაციაში კი არა, კატასტროფულ ვითარებაშია. როდის ჩავინგრევით კაცმა არ იცის. როცა წვიმს, მეხუთე სართულზე ოთახებში წყალი ჩადის. ცოტა ხნის წინ, ლიფტში განთავსებული ელექტროენერგიის ხაზების დასველების გამო ხანძარი გაჩნდა, რომელიც ძლივს ჩავაქრეთ. პირველ სართულზე კი, წვიმიან ამინდში, ელექტროენერგიის მომწოდებელი ხაზები წყლით სველდება და ერთ დღეს ისე გამოვიწვებით, რომ კაცი ვერ გვიშველის. სანამ, სხვა ბინებით დაგვაკმაყოფილებენ, არ შეიძლება, რომ შენობა შეარემონტონ მაინც, თუ წყალში გვახჩობენ? ფაქტია, რომ ბედის ანაბარა ჰაერში ვართ გამოკიდებულები. აქამდე, ქუთაისის დევნილთა სამსახურის უფროსი აფციაური იყო, რომელსაც არც ჩვენი პრობლემები აინტერესებდა და არც ჩვენი გაჭივრება. ახლა, რამდენიმე დღის წინ, ამ სამსახურის ხელმძღვანელი შეიცვალა და იმედი გვაქვს, რომ რაღაც შეიცვლება“, - აცხადებს მიქაუტაძე.

ხუთსართულიან ბინაში მცხოვრები დევნილები დასაქმების კუთხით არსებულ პრობლემაზეც საუბრობენ.

როგორც for.ge-ს ლარისა ჯომედავამ განუცხადა, მისი ოჯახი, რომელიც ექვსი სულისგან შედგება, სახელმწიფოსგან თვეში დაახლოებით 100 ლარს იღებს და თუ სამუშაო გამოჩნდა, მისი ოჯახის წევრები უარს ფიზიკურ დატვირთვაზე კი არ ამბობენ.

„თუ სამუშაო გამოჩნდა, ჩემი შვილები და მეუღლე ფიზიკურად მუშაობენ, მე კი, სახლებს ვალაგებ და არაფერს ვთაკილობთ, მაგრამ ვინაიდან, ამ ტიპის სამუშაოებიც არ არის, დევნილობის დახმარება იანვრიდან მაისამდე წინასწარ ავიღე და ზამთარში თავი ასე გამოვიტანეთ. ამ ბინაში მცხოვრებნი ძირითადად უმუშევრები არიან, თუმცა, ზოგი ვაჭრობს, ზოგი თურქეთში წავიდა და ზოგიც პენსიით ცხოვრობს. როცა აფხაზეთში ვცხოვრობდით, მეტი მინდოდა რომ მქონოდა და თურმე, არ მცოდნია - რა ცხოვრება მქონდა. ცხოვრებას სიხალისე მაშინ ჰქონდა, აბა, ახლა, ცხოვრებაა?!“, - აცხადებს ჯომედავა, რომელიც ახალ მთავრობას თხოვნით მიმართავს, რომ მის ოჯახს ბინა ქუთაისში გამოუყოს.

ჯომედავას თქმით, ყოფილი სასტუმროს შენობაში 560 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან ზოგიერთი ოჯახი წინა ხელისუფლებამ ბინებით ბათუმში დააკმაყოფილა, მაგრამ ისინი ახალ გარემოს ვერ შეეგუენ და საცხოვრებლად ისევ ქუთაისში დაბრუნდნენ.

„ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ბინები ქუთაისში მოგვცენ, რადგან ოცი წელია, რაც აქ ვცხოვრობთ და ახალ გარემოს ვეღარ შევეგუებით. ბავშვები აქ სწავლობენ, ქალაქს ვიცნობთ“, - დასძენს ჯომედავა.

ხუთსართულიან ბინაში მცხოვრებნი კმაყოფილებას გამოხატავენ, რომ ისინი კომუნალური გასახდების დაფარვისგან თავისუფლები არიან.

ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრები ადამიანები ახალ ხელისუფლებას იმედის თვალით შესცქერიან და არსებული ყოფის შეცვლას ელიან. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის „ოცნებებს“ აასრულებს თუ არა ეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ქალაქში, სადაც წინა ხელისუფლებამ 360 მლნ ლარიანი პარლამენტის შენობა ააშენა, დევნილებისთვის ელემენტარული პირობების შექმნაც კი ვერ შეძლო.