„ოპოზიციონრებს, რომლებიც კომიტეტებზე არ დადიან, ძალით ვერ მოვიყვანთ სხდომებზე“

„ოპოზიციონრებს, რომლებიც კომიტეტებზე არ დადიან, ძალით ვერ მოვიყვანთ სხდომებზე“

29 აპრილს პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა 72 ხმით მიიღო. როგორც ვიცით, განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი შეიცვალა, რასაც არა მხოლოდ ქვეყანაში, საერთაშორისო დონეზე მოჰყვა კრიტიკა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

აღნიშნულთან დაკავაშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ამასთან, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რომ შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

„ქართულ ოცნებას“, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ანალიტიკოსი საერთო საკითხებში სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება, რასაც თავად საყურადღებოს უწოდებს.

„როდესაც ნებისმიერი საელჩო აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, ეს არ უნდა აღვიქვათ მხოლოდ ელჩის პოზიციად, ეს უკვე სახელმწიფოს პოზიციაა. კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის თეთრი სახლის და ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია, აქედან გამომდინარე კი - ყველა შედეგი.

დღეს მსოფლიოში რომელი ქვეყანა ამკაცრებს ანალოგიურ კანონმდებლობას? - ეს არის მხოლოდ ერთი ქვეყანა - რუსეთი. ეს უკვე ძალიან ცუდია. შესაძლოა, დამთხვევა აბსოლუტურად შემთხვევითია, მაგრამ მაინც ცუდია. ეს ხდება მაშინ, როდესაც თითქოს გვირაბის ბოლოში გამოჩნდა სინათლე. დღე-დღეზე უნდა გამოვიდეს ნიკა მელია საპატიმროდან და შევიდეს პარლამენტში. ოპოზიციის მომხრეებისთვის ეს იქნება დიდი მორალური სტიმული და წახალისება.

უფრო მცირე დრო რჩება საშემოდგომო არჩევნებამდე, სადაც საკრალური ციფრი - 43%, უნდა აიღოს მმართველმა პარტიამ. მსოფლიოში ოპოზიციის ხელში მთავარი იარაღი საპროტესტო აქციებია, თანაც ისეთ ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო კულტურა ჯერ მხოლოდ ფეხს იდგამს, რომლის პარლამენტშიც მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს მტრებად არ განიხილავენ და მხოლოდ კონკურენტები არიან“, - თქვა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.

სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი კრიტიკული განცხადებები და ზეწოლა, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ ხორციელდება, ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს წინსვლას აფერხებს.

„მე და ჩემი თაობა ვერ მოვესწრებით ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენი მომავალი თაობაც მოესწრება თუ არა, ესეც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასეთი წვრილ-წვრილი ბარიერები, რომელიც შემთხვევით, გააზრებულად თუ თვითგადარჩენის ინსტიქტით მმართველი პარტიის მხრიდან ხდება ინიცირებული, უკვალოდ არ მიდის.

ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან, ჩვენი პერსპექტივები ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში, დღითიდღე სულ უფრო და უფრო სუსტდება. ისედაც შორს ვართ, ჰორიზონტზეც არ ჩანს ჩვენი გაწევრიანება ნატოში. დღეს რომ იყოს არჩევანი, ნატოში გაწევრიანება თუ „ოცნების“ მიერ ხელისუფლების შენარჩუნება, ეჭვი მაქვს, რომ მმართველი პარტია თვითგადარჩენის ინსტიქტით ამჯობინებს ისევ ხელისუფლებაში დარჩეს, ოღონდ არ წავიდეს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.

ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რომ აშშ-ის მიერ გამოთქმული საყვედური მმართველი პარტიის მისამართით უსამართლოა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში საუბარია არა კანონმდებლობის შინაარსზე, არამედ პროცედურაზე. ამასთან, როგორც სამხარაძემ თქვა, აშშ-ის განცხადების მიუხედავად, ცვლილების მიღება ღირდა.

„ღირდა ნამდვილად, იქედან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დაკავების სხვადასხვა ვადების არსებობა გააუქმა და პარლამენტს დაავალა, რომ ცვლილებები კანონმდებლობაში პირველ ივნისამდე აესახა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ არ იყო საკმარისი დისკუსია ოპოზიციურ პარტიებთან, რაც ასე არ იყო. კომიტეტებზე ოპოზიციური პარტიები გუშინაც და გუშინწინაც იყვნენ წარმოდგენილი. ახლა იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და კომიტეტებზე არ დადიან, ძალით ნამდვილად ვერ მოვიყვანთ სხდომებზე“, - აღნიშნა სამხარაძემ.

Aburjga Tasmanieli ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ პარლამენტარიზმმა საქართველოში კრახი განიცადა!!! ყველაფერი ნათელია! ნეტავ კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ეს ქართველმა ხალხმა დაიჯეროს?!
3 წლის უკან
trampi ვთქვათ და ხალხმა დაიჯერა....მერე რა ხეირი??
საერთოდ ხალხს ან მთლიანად საქართველოს, ვინ რას ეკითხება რო?? როგორც ევროები გვიბრძანებენ საქმე ისე იქნება....
ხალხი ვართ მხოლოდ გარნირი...... კატლეტზეც, ტოლმაზეც და დაჟე ქაქზეც(არადა ირგვლივ სუ ქაქია) .........
აი მხოლოდ ეგააა ხალხის ფუნქცია, ეგ
აბა მაშ შენ კი არ შეგეკითხებიან რა და როგორ გინდაო...........ნურას უკაცრავად ..წავიდა ის დრო...
.ეხლა დემოკრატიააა, დემოკრატია
ასეა მააააშ.......
უკუღმა ასინეთა,..... უკუღმა
3 წლის უკან