„მელია როგორც არ უნდა ატრიალო, ისევ სააკაშვილს მიიღებ, აბსურდულია, რომ მან მერობის არჩევნებში გაიმარჯვოს და საერთოდ, ეჭვი მეპარება, რომ მეორე ტურშიც გავიდეს“

„მელია როგორც არ უნდა ატრიალო, ისევ სააკაშვილს მიიღებ, აბსურდულია, რომ მან მერობის არჩევნებში გაიმარჯვოს და საერთოდ, ეჭვი მეპარება, რომ მეორე ტურშიც გავიდეს“

ოპოზიციის შიგნით დაპირისპირების ახალი ფრონტი იხსნება. „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად ითხოვს, რომ თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატად ნიკა მელია დასახელდეს. მათი აზრით, ის არის ერთადერთი ფავორიტი, რომლის მეშვეობითაც „ოცნების“ დამარცხებას შეძლებენ. თუმცა მათ სურვილს „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უკვე ღიად დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ „მარცხის ფორმულაა“ თუ ოპოზიციიდან ყველა პარტია თბილისის მერობის კანდიდატად მხარს ნიკა მელიას დაუჭერს. ენმ-ის აზრით, კი სამშობლოსთვის „წამებული“ და „გმირი“ მელია უალტერნატივოა. თუმცა აქვე ავიწყდებათ, რომ შესაძლოა, მერობის კანდიდატი იყოს, როგორც ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, ასევე „ოცნების“ მხრიდან მოქმედი მერი კახა კალაძე. სწორედ ამ ორ ძლიერ ფიგურას შორის მისი შანსები იმდენად დაბალია, რომ, სავარაუდოდ, ვაშაძის ფორმულა გამართლდება. პირიქით, ბოლო დროს პრინციპებს და ღირებულებებს შორის აღრეული და ციხიდან გამოსასვლელი კარის ძიებაში პოლიტლაბირინთებში გახლართული მელია ხელისუფლებისთვის, როგორც ოპოზიციის საერთო კანდიდატი, საუკეთესო საჩუქარი იქნება.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ მერობის კანდიდატების უპრეცედენტო რაოდენობა და მრავალფეროვნება გვექნება. ხოლო მელია მათ შორის არა თუ უძლიერესი, არამედ ერთ-ერთი მათგანი იქნება, მით უმეტეს მელია რომელი მხრიდანაც არ უნდა შემოატრიალო, მაინც მიხეილ სააკაშვილს მივიღებთ. ეს კი ამომრჩევლის უმრავლესობისთვის ისევ მიუღებელია. ამით ხელს მხოლოდ „ოცნება“ მოითბობს და ოპოზიცია ისევ წაგებულ თამაშში ჩაერთვება.

 „მარცხის ფორმულაა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. მიშა-ბიძინას დაპირისპირება არჩევნებზე, სამწუხაროდ, ვიცით როგორც მთავრდება - ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია“, - ამბობს ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს პასუხობს, რომ არ არსებობს ივანიშვილის დამარცხების ფორმულა ენმ-ის გარეშე.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსგავსი წინადადებებით და სიტყვებით, მათ შორის ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის საპყრობილეში, რომელიც არის, უდავოდ, არა მხოლოდ ყველაზე უფრო დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, არამედ გამორჩეული ლიდერი. არასდროს არავის დაუშლია არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა, თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად გაყალბებისა, მათ შორის თუნდაც ისანში მე და გიორგი (ვაშაძე) კონკურენტები ვიყავით. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გარეშე“, - თქვა ხატია დეკანოიძემ, რომელიც ნიკა მელიას უპირობოდ მიიჩნევს მერობის ერთიან კანდიდატად.

ნიკა მელია არის ფავორიტი - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელი გიორგი ვაშაძის განცხადებას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კოორდინაცია იქნება აუცილებელი და საერთოდ, რაც უფრო მეტია ერთიანობა, შანსებიც იზრდება იმისა, რომ ხელისუფლება დამარცხდეს. თუ ვინმე ოპოზიციურ კანდიდატზეა ლაპარაკი დღეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ნიკა მელია არის ფავორიტი იმ შედეგებით, რაც მან მიიღო თუნდაც იმ მანიპულირებულ არჩევნებში - თბილისში და იმ მთელი ისტორიით და ამ პოლიტიკური ბრძოლით, რომლითაც ის გამოჩნდა როგორც ლიდერი“, - ამბობს წერეთელი.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ნიკა მელიას ოპოზიციის ერთიან კანდიდატად დაყენება ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ წაადგება, რადგან ამაზე კარგ მეტოქეს ნამდვილად ვერც ინატრებს.

„ეს იქნება ოპოზიციის კიდევ ერთი გარანტირებული კრახი, რაც მათ საბოლოოდ დააზიანებს. მელიას და მის პარტიას ჰგონია, რომ მასზე მაგარი ტიპი და მებრძოლი დღეს ქართულ პოლიტიკაში არ არის. საქმე ისაა, რომ შემოდგომაზე ქალაქის მერობის კანდიდატურების უპრეცედენტო რაოდენობა გვექნება. მელია ერთ-ერთ ძალიან დიდ რიგში იქნება და გარწმუნებთ, რომ ის არ იქნება ისეთი ფავორიტი, როგორადაც მის პარტიაში წარმოუდგენიათ. ამიტომ დაასახელებენ თუ არა მელიას, „ოცნების“ კანდიდატად ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატთან ჭიდილი და შეჯიბრი მოუწევს. მელია ყველაზე ადვილად დასამარცხებელი კანდიდატი იქნება. მან ამ უმოკლეს პერიოდში ყველა თავის უარყოფითი თვისება გამოავლინა. ის არის უპრინციპო და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი. მას არანაირი ღირებულებები არ გააჩნია. ის გმირი თავის ვიწრო სექტასა და კორპორაციისთვის არის.

მელია მხოლოდ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას ბრძანებების შემსრულებელია. ის მათ ხელში ჩვეულებრივ უპრინციპო სათამაშოდ იქცა, რომელიც სადღაც გაიჭედა და გამოსავალს ვეღარ პოულობს. ამიტომ იმის წარმოდგენა, რომ ის შეიძლება ქალაქის მერად ვიხილოთ, არც სასაცილოა და არც სატირალი. ის არ არის პოლიტიკური ფიგურა, რომელზეც თბილისელები რაიმე სახის ფსონს დადებენ. ის არის სააკაშვილის ჩრდილს ამოფარებული მარიონეტი, რომლის პოლიტიკოსად შედგომის მცდელობა ჩაიშალა“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხეება სხვა მერობის შესაძლო კანდიდატებს, ქართველიშვილი ამბობს, რომ საკმაოდ საინტერესო კანდიდატები შეიძლება ვიხილოთ, ხოლო, თუ ასპარეზზე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია გამოვა, მაშინ ეს კიდევ უფრო ბევრ რამეს შეცვლის. თუმცა მას საზოგადოებისთვის ბევრი რამ ექნება ასახსნელი და პირველ რიგში - პარტიის და ქვეყნის ყველაზე რთულ და განსაცდელ პერიოდში მიტოვების მიზეზები უნდა განმარტოს.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილმა არ იცის, რატომ უნდა იყოს ნიკა მელია ოპოზიციის გაერთიანებული მერობის კანდიდატი, მაგრამ იცის, რატომ არ უნდა იყოს. ანალიტიკოსი for.ge-სთან განმარტავს, რომ პერსონალურად მელიას ფაქტორს არ აქვს მნიშვნელობა, აქ საუბარი ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში ყოფნას ეხება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია, როგორც ენმ, ასევე „ოცნება“, ამიტომაც ყოველი მცდელობა, რომ ოპოზიცია ნაციონალების გარშემო გაერთიანდეს, კრახით სრულდება.

„საჭიროა, რომ ოპოზიცია თანაბრად, როგორც ნაციონალებს, ასევე „ოცნებას“ გაემიჯნოს. ჩამოაყალიბონ ცალკე კანდიდატი, რომელიც ენმ-ისგან დისტანცირებული იქნება. საზოგადოებაში მესამე ძალის მოთხოვნილებაა, ამიტომაც თუ ბრძოლა ისევ ნაციონალებსა და „ოცნებას“ შორის გაიმართება, მმართველი გუნდი ისევ გაიმარჯვებს. ეს ორი ძალა, ერთმანეთის ლანძღვის გარდა არაფერს აკეთებს. უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეფარებიან, ამით კი ფონს გადიან.

არავითარი კრიზისი, სიღარიბე, პანდემია ამათ არ ადარდებთ. ხალხი მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთმანეთის მისამართით ლანძღვა-გინებას ისმენს. მელია როგორც არ უნდა ატრიალო, ნებისმიერი მხრიდან ისევ სააკაშვილს მიიღებ. თუმცა წარმოუდგენელი და აბსურდულია, რომ მელიამ მერობის არჩევნებში გაიმარჯვოს. საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ მეორე ტურშიც კი გავიდეს, თუკი ასპარეზზე გიორგი გახარია გამოვიდა. ის „ოცნების“ კანდიდატსა და გახარიას შორის საკმაოდ სუსტი ფიგურა იქნება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუკი ასევე „ოცნებამ“ კანდიდატად ისევ კახა კალაძე დააყენა, მელიას გახარიასა და მას შორის არანაირი შანსი არა აქვს.

„თალაკვაძის გადაყენება და პოსტზე კუჭავას დაწინაურება სწორედ კალაძის გუნდში დასაკავებლად გაკეთდა. კუჭავა შედარებით ნეიტრალური ფიგურაა, რითაც კალაძეს ადგილი გაუთავისუფლეს. ამის შემდეგ კალაძის მერობის კანდიდატურაზე საუბარი გააქტიურდა. გახარიას გამოჩენა კი „ოცნებისთვის“ ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება, რადგანაც მათი ამომრჩევლის ხმების წაღება მხოლოდ მას შეუძლია.

რაც შეეხება პატარა გიორგი ვაშაძეს, თუ მისი ამოცანაა, რომ „ოცნების“ და ნაციონალების კანდიდატურამ არ გიმარჯვოს, მაშინ ის ვიღაცას უნად შეეკრას. მარტო ის თუ იქნება, მაშინ ოპოზიციას ხმებს წაართმევს და ამით ნაციონალებს და „ოცნებას“ გააძლიერებს. მას არა აქვს შანსები, რომ თბილისში მაღალი პროცენტი აიღოს. ამიტომ ვაშაძეს ურჩევნია, მესამე ძალა შექმნას და მისი ლიდერი იყოს. თუ გახარიას გარშემო შეიკვრებოდნენ, ამ ორი ძალის დამარცხების მეტი შანსი აქვთ, მაგრამ ოპოზიციას გახარიას კომპლექსი აქვს და ეს მათვე დააზიანებს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.