ისრაელში 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„კვირას ეროვნული გლოვის დღე გვექნება მერონის მთაზე მომხდარი კატასტროფის გამო. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიაა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოში მოხდა“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 44 ადამიანია გარდაცვლილი.
შემთხვევა მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა ნაგებობის ჩამონგრევას მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჭყლეტა მოხდა.