რადიკალი ისლამისტები საფრანგეთის წინააღმდეგ ნამდვილ ომს აწარმოებენ, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა ქალაქ რამბუიეში მოკლული პოლიციელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.
„ისლამისტური ტერორიზმი სისხლისმღვრელი ფანატიზმია, რომელმაც ომი გამოგვიცხადა, თუმცა ამ ომს საძაგელი და ლაჩარი ხალხი აწარმოებს. მხოლოდ ლაჩარს შეუძლია თავს დაესხას ქალს, რომელიც პოლიციის ადმინისტრაციის თანამშრომლის სტატუსიდან გამომდინარე იარაღს არ ატარებდა“, - აღნიშნა ჟან კასტექსმა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისლამისტური ტერორიზმი ვერ ეგუება იმას, რომ მოქალაქეებს საფრანგეთის რესპუბლიკის რწმენა აქვთ.
„სტეფანი მონფერმე იმიტომ მოკლეს, რომ პოლიციაში მუშაობდა, რომელიც ძალადობის, დანაშულისა და ტერორიზმის გზაზე დაბრკოლებაა. ის იმიტომ მოკლეს, რომ თავის ქვეყანას ემსახურებოდა“, - აღნიშნა მან.
23 აპრილს საფრანგეთის ქალაქ რამბუიეში პოლიციის კომისარიატის თანამშრომლის მკვლელობა ტერორისტულ აქტად განიხილება. დანით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციის თანამშრომელს ყელის არეში ჭრილობები პოლიციის შენობაში მიაყენა. თავდასხმის დროს კაცი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. თავდამსხმელი 36 წლის ტუნისელია. მას პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, ის ადგილზე გარდაიცვალა.