პარლამენტში ინიცირებულია ორი პროექტი - როგორი ამნისტიით გამოვა ნიკა მელია ციხიდან? ოპოზიციამ 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის საკუთარი კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირა. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სამართლებრივი პასუხისმგებლობა პოლიციელებს დაზარალებულის თანხმობის გარეშე ვერ მოეხსნებათ.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილის აზრით, 20 ივნისის საქმის სრულმასშტაბიანი ამნისტირება კომპრომისული შეთანხმების პირობა არ ყოფილა.
ამნისტიის კანონპროექტის პირველი ვერსია, რომელიც მმართველ გუნდს ეკუთვნის, პარლამენტში უკვე დაინიცირებულია. მათი პროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება ყველას, როგორც აქციის მონაწილეებს, ისე სამართალდამცველებს, თუმცა ერთი გამონაკლისით, კანონი ვერ შეეხება იმ პირებს, ვისაც ბრალი საერთაშორისო კონვენციის მუხლით დაუმტკიცდება.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებასთან ერთად, 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით გამოდის „ლელო“. პარტიის ლიდერის თქმით, ამნისტირებული მუხლების განსაზღვრა კომისიის დასკვნაზე უნდა იყოს დამოკიდებული.
ნიშნავს თუ არა ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის რევიზიას ოპოზიციის მხრიდან და რა სახის რეაქცია შეიძლება ამაზე ევროკავშირს ჰქონდეს? - ამ და სხვა კითხვებს for.ge-სთან ანალიტიკოსი გია აბაშიძე პასუხობს.
პარლამენტში 20 ივნისის შესახებ ორი კანონპროექტია უკვე ინიცირებული. ერთი ხელისუფლების, მეორე კი ოპოზიციის მიერ. მოვლენების რა სახით განვითარებას ელით?
- „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ ხმათა უმრავლესობით, ამნისტიის შესახებ კანონპროქტი დაამტკიცოს და არც იმას გამოვრიცხავ, „ოცნებიდან“ გასულმა 6-მა დეპუტატმაც ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. თუმცა აქ მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ ოპოზიციის კანონპროქტი შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარს და სულისკვეთებას სრულიად აცდენილია. ოპოზიცია საქმეზე მსჯავრდებული ადამაინების გარჩევას მუხლების მიხედვით ითხოვს, არადა მიშელის დოკუმენტში ნათლად წერია, რომ ეს 20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულ ყველა პირს უნდა შეეხოს. მიშელის დოკუმენტის იმპროვიზაცია არასერიოზულად მიმაჩნია, რომელიც იმ შინაარს არის აცდენილი, რაც რელურად დოკუმენტში წერია.
ოპოზიციის ნაწილიდაან გაიჟღერა მოსაზრებამაც, რომ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ მორატორიუმი გამოცხადდეს და ამნისტიის თემაზე მსჯელობა დაიწყოს. რამდენად სერიოზულად მიგაჩნიათ ოპოზიციის მხრიდან მსგავსი გნცხადებების გაკეთება?
- ვხედავთ, რომ თავად ოპოზიციის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობაა. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები სრულიად განსხვავებული ცნებაა, რომლის გააზრებასაც ოპოზიცია ვერ ახერხებს. როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიშელის დოკუმენტის რევიზიას ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია აპირებს, ეს სრულიად სხვა რაღაცაზე მიუთითებს, ისინი საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. დაველოდოთ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საქართველოში ოფიცილური ვიზიტით იმყოფება, მკაფიოდ განაცხადა, რომ მიშელის დოკუმენტი ყველანაირი ცვლილების გარეშე უნდა შესრულდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ისე აკეთებს, რომ ლამის, მთელი დასავლეთი ეხვეწება პირობები შეასრულეთო. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
ოპოზიციის ლიდერებს ჰქონდათ დრო, რომ მათ ეს დოკუმენტი წაეკითხათ, გაეაზრებინათ და ამნისტიის თემასთან დაკავშირებითაც ერთმანეთთან შეთანხმებულიყვნენ. ფიქრობთ დოკუმენტს ხელი ისე მოაწერს, რომ არ წაიკითხეს? თუ წაიკითხეს, მაშინ რას დავობენ?
- ოპოზიცია სააკაშვილის ახირებების უაზრო შემსრულებელია. იმ დოკუმენტში მკაფიოდ წერია, რომ 2019 წლის 20 ივნისის ყველა საქმეზე ამნისტია იყოს გამოცხადებული. ახლა ამ დოკუმენტის ვინ რა ინტეპრეტაციას ახდენს, ეს სხვა საკითხია. მით უმეტეს თუ კი იმას აღიარებენ, რომ დოკუმენტი წაკითხული არ ჰქონდათ და ხელი ისე მოაწერეს, მაშინ მათ პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ, პარლამენტში ყოფნაზე ხომ საერთოდ საუბარიც კი ზედმეტია. ეს არის საბავშვო ბაღი, რომელზეც სხვა აღარაფერი ითქმის.
რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და თავად ნიკა მელია ამნისტიის კატეგორიული წინააღმდეგი. ფიქრობთ, რომ ეს მას როგორც პოლიტიკოს დააზიანებს? მიშელის დოკუმენტის შესრულება მათ გეგმებს ხელს რა ფორმით უშლის?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ ზიანს მოუტანს ზუსტად ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ესაა არათანმიმდევრულობა და ირაციონალურობა. გავიხსენოთ ნიკა მელიას უწინდელი განცხადებები, როცა ის ამბობდა, რომ ვერ დამიჭერთ და გირაოს არ გადავიხდიო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ევროკავშირში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია მას გირაოს გადაუხდის. სად არის აქ თანმიმდევრულობა? გვახსოვს ნიკა გვარამიას თეთრ დაფაზე ხელმოწერით როგორ დაიფიცენ, რომ პარალმენტში არ შევიდოდნენ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშიც ხელწერილი დადეს, რომ ეს ბოიკოტი გაგრძელდებოდა. ახლა კი დასავლეთიდან დაჟინებული მოთხოვნა აიძულებთ პარლამენტში შევიდნენ, ხმათა უმრავლესობით აღიარებული ამნისტიის კანონპროქტს მხარი დაუჭირონ, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსს შეესაბამება.
ფიქრობთ, რომ „ოცნება“ დათმობაზე აღარ წავა და მიშელის დოკუმენტის რევიზია არაფრით მოხდება? რა სახის ზეწოლა იქნება ოპოზიციაზე დასავლეთიდან, თუ კი მიშელის დოკუმენტში მოცემულ პირობებს არ შეასრულებენ?
- კატეგორიული და შეუვალი განცხადებები, რომელიც ევროპარლამენტარებისგან, დასავლელი პარტნიორებისგან მომდინარეობს, ნიშნავს, რომ შეთანხმებული დოკუმენტის რევიზია არ მოხდება. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ჩრდილქვეშ მყოფ პარტიებს უნდათ, რომ რაღაცის რევიზია მოხდეს, ეს მათი ბავშვური ფანტაზიებია. ეს არ არის შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შემდგარი რაღაცა ფარატინა ფურცელი, რომელსაც როგორც გინდა ისე გადააკეთებ. ესაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელზეც ევროკავშირის ხელმოწერაა. მისი რევიზია ან ინტერპრეტაცია სრულიად სამარცხვინო და არასერიოზული დამოკიდებულებაა.