ნაცმოძრაობა ფინანსურ ინდულგენციას ვერ მიიღებს

ნაცმოძრაობა ფინანსურ ინდულგენციას ვერ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კარის ბიზნესმენები ფინანსურ ინდულგენციას ვერ დააკანონებენ. ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაულების ამნისტირების თაობაზე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს.

როგორც უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე განმარტავდა, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ბიზნესსექტორისათვის. ეს შესაძლებელს გახდის, კერძო სექტორში მეტი ფული გაჩნდეს და მეტი ადამიანი დასაქმდეს. თუმცა, ჯაფარიძის არგუმენტები უმრავლესობამ თითიდან გამოწოვილად მიიჩნია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს წარმოდგენილი ცვლილებების მიღებას პარლამენტს მასთან დაახლოებული ბიზნესმენებისათვის სთავაზობს და ინდულგენციის დაკანონებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია რატომ არ არ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბრამდე ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულთა ამნისტირების ინიციატივით?

უმრავლესობაში თვლიან, რომ ეკონომიკურ-ფინანსურ დანაშაულთა ამინისტირებისა და დეკრიმინილაზაციის ინიციატივა პრეზიდენტმა მასთან დაკავშირებულ ნომენკლატურული, პარტიული ბიზნესის დაცვის მიზნით მოამზადა.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სურვილია, ბიზნესმენთა ის ნაწილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ხელშეუხებელი იყვნენ და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ვერავინ გაუბედავდა, კვლავ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პრეზიდენტის ინიციატივაზე მთავრობის შენიშვნები სრულად გაიზიარა, ასევე აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ პრეზიდენტი საკანონმდებლო ინიციატივას არ ახლავს სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ პირს შეიძლება შეეხოს ფინანსური ამნისტია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ფინანსური და არადეკლარირებული შემოსავლების ამნისტირების თაობაზე პრეზიდენტის შეთავაზებულ საკანონმდებლო პაკეტში რამდენიმე მისთვის მისაღებ ინიციატივას ხედავს, თუმცა ზოგადად, კანონპროექტის არსი მიუღებლად მიაჩნია. შესაბამისად, სამეწარმეო, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების ამნისტირებისა და ასეთ დანაშაულთა დეკრიმინალიზაციის თაობაზე პრეზიდენტის მიერ შემუშავებულმა პაკეტმა მხარდაჭერა დღეს ვერც იურიდიულ საკითხთა კომიტეტისგან მიიღო.

ხმალაძის აზრით, პაკეტში არის ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება პარლამენტმა გაიზიაროს, მაგრამ რაკი ის საკანონმდებლო პაკეტშია წარმოდგენილი, მხარს ვერ დაუჭერს. დეპუტატი კატეგორიულად არ იზიარებს შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და შემოსავლებზე ფინანსური ამნისტიის გამოცხადების პრინციპს და მას „უსამართლოდ“ აფასებს. 

„ასეთ კანონპროექტს ვერანაირად დავუჭერ მხარს, რადგან ის უსამართლობას დააკანონებს. ეს იცით რისი ანალოგიაა? - როდესაც ზოგიერთი მედიასაშუალება მილიონობით გადასახადს არ იხდიდა და შემდეგ მისთვის ფინანსურ ამნისტიას იყენებდნენ, მაშინ როდესაც, ზოგი მედიასაშუალება გაჭირვებითა და წელებზე ფეხის დადგმით საგადასახადო ვალდებულებებს ისტუმრებდა. ასეთი რამ უსამართლობაა, რასაც მხარს ვერ დავუჭერ“, - აღნიშნა ხმალაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი კანონებისაგან შემდგარი პაკეტი წარმოადგინა.  „მათ შორის ზოგიერთი ისეთი კანონპროექტი, რომელიც ჩემი აზრით, განსახილველი იყო და შესაძლებელი იყო მიღებული ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე პაკეტის სახით რომ არის წარმოდგენილი, გადაწყვეტილებაც პაკეტის მიმართ უნდა მიგვეღო და არა ცალკეული კანონპროექტის მიმართ.

ამ პაკეტში თავი და თავი და რაც იყო საზოგადოებისთვის მიწოდებული, იყო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ფინანსურ ამინისტიას შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებებულებისა და აღურიცხავი შემოსავლების თაობაზე. მე პირადად ასეთ კანონპროექტს მხარს ვერანაირად ვერ დავუჭერ, რადგან ეს იქნება უსამართლობის დაკანონება”, - განაცხადა ხმალაძე.

დეპუტატის თქმით, ფინანსური ამნისტია თავის დროზე უარყოფითად აისახა მედიასაშუალებებზე.

„ის მედია საშუალებები, რომლებიც წელებზე ფეხის დადგმით ხშირად, ძალიან დიდი გაჭირვებით ასრულებდნენ ყველა საგადასახადო ვალდებულებას და ზოგიერთი, გვარს არ დავასახელებ, მილიონობით და ათეულ მილიონობით ვალებს აგროვებდა და შემდეგ გაათავისუფლეს ამ გადასახადების გადახდის ვალდებულებისგან, იმასაც ვინც იხდიდა გადასახადებს, ათეული მილიონი რომ დაეხარჯა საკუთარი მედია საშუალების განსავითარებლად, გაცილებით უკეთესი დონის ტელევიზიებს შექმნიდა, ვიდრე მათ დღეს აქვთ. ამიტომ ასეთი რამ არის უსამართლობა და ამას ვერ შევეგუები”, - აღნიშნა ხმალაძემ.