თსუ-ს სტუდენტები ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვენ

თსუ-ს სტუდენტები ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვენ

ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ნაწილი რექტორ ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას მოითხოვს. სტუდენტები ამბობენ, რომ უკვე წლებია, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ასაქმებენ და ამ პროცესს სპორტისა და ახალგაზდობის სამინისტრო და ასევე, უნივერსისტეტის თვითმართველობა კურიებს. სტუდენტების თქმით, თუკი რექტორი დაკისრებული ვალდებელებების შესრულებას ვერ უზრუნველყოფს, ის უნდა გადადგეს.

სტუდენტებთან ერთად, ალექსანდრე კვიტაშვილს უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორ-მასწავლებლებიც უპირისპირდებიან და მას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

For.ge სტუდენტებსა და ყოფილ ლექტორებს ესაუბრა.

„თავისუფალ სტუდენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს, რომ უნივერსიტეტში მძიმე ვითარებაა. კონკრეტულად კი, სტუდენტები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც გაიგეს, რომ ბექა ახლოური, რომელიც წლების მანძილზე სტუდენტური თვითმმართველობის წევრი გახლდათ და ფიზიკურად უსწორდებოდა განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს, ახლახანს დაასაქმეს თსუ-ს ადმინისტრაციაში. სწორედ ბექა ახლოურს უკავშირდება სტუდენტთა შორის დაპირისპირებების გახმაურებული ფაქტები.

ასევე, ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს, რომ უნივერსიტეტში მილიონობით ლარის არამიზნობრივი ხარჯვა მიმდინარეობს და ბიუჯეტის შესახებ მათ ვერ მოიპოვეს კონკრეტული დოკუმენტაცია, თუ რაში იხარჯება ეს თანხები.

უფრო მეტიც, მისი თქმით, ელემენტარულად, უნივერსიტეტში არ არსებობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გადაჭედილია აუდიტორიები და სტუდენტები ნორმალურად ვერ ისმენენ ლექციებს, უჭირთ საგნების არჩევა, რადგან სისტემა გაუმართავია.

„ბატონ კვიტაშვილს აკადემიური ხარისხიც არ აქვს, რაც გამაოგნებელია იმ უნივერსიტეტში, სადაც მსოფლიო მასშტაბის არაერთი მეცნიერი მოღვაწეობდა და დღეს უნივერსიტეტს მართავს „უხარისხო“ ადამიანი. იგი უკვე ორი წელია, დაპირებებს იძლევა, მაგრამ გვატყუებს. ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ და მას გადადგომისკენ მოვუწოდეთ“, - აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.

იმ შემთხვევაში, თუ სანდრო კვიტაშვილი საკუთარი ნებით არ დატოვებს პოსტს, მაშინ მას საზოგადოებრივ-სტუდენტური აქტივობის წევრები დაუპირისპირდებიან და როგორც ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს, რექტორს მაინც მოუწევს თანამდებობის დატოვება.

„როდესაც შეიტყო, რომ აქციას ვატარებდით, კვიტაშვილი გაიქცა უნივერსიტეტიდან, რამდენიმე წუთით ადრე დატოვა უნივერსიტეტი. თუმცა იქ იყვნენ მისი წარმომადგენლები და მათაც გადავეცით ჩვენი მოთხოვნები. ასე რომ, მის გადაწყვეტილებას ველოდებით“, - აღნიშნა ნიკოლოზ მეტრეველმა.

ამასთან, განათლების სამინისტროსაც მოუწოდა, უფრო აქტიურად ჩაერიოს უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაში, რადგან სიტუაცია ამას მოითხოვს.

მისი თქმით, ამავე აზრს იზიარებს უნივერსიტეტის თითქმის ყველა სტუდენტი, გარდა იმ სტუდენტებისა, ვისაც პირადი მერკანტილური ინტერესი ამოძრავებს.

For.ge თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ყოფილ ლექტორს გიორგი ყიფიანს ესაუბრა, რომელმაც უნივერსიტეტიდან უკანონოდ დათხოვნის გამო სასამართლო პროცესი მოიგო, თუმცა უნივერსიტეტში დაბრუნების უფლებას დღემდე არ აძლევენ.

მისი თქმით, უნივერსიტეტის ლექტორებისთვის არაერთი თავისუფალი ადგილია დარჩენილი, თუმცა მათთვის ვაკანსიები ისევ მიუწვდომელია.  

„სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არის ოთხი თავისუფალი ადგილი. ეკონომიკის ფაკულტეტზე სამი ადგილია თავისუფალი, ამ დროს კი რამდენიმე ლექტორს საკმარისი კვალიფიკაცი აქვს და მათ არ იღებენ. ასევე, ერთ-ერთი ლექტორი ხუთი წლის განმავლობაში ამერიკის უნივერსიტეტებში იყო პროფესორის თანამდებობაზე. არიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესორები, მაგრამ მათ ამ თავისუფალ ადგილებზე ასისტენტობის უფლებასაც არ აძლევენ. პირადად მე ასისტენტობაზე იმიტომ მითხრეს უარი, რომ თქვენი მონაცემები მოთხოვნასთან შედარებით უფრო მაღალიაო“, - აღნიშნა გიორგი ყიფიანმა.

ამასთან, ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ არ აწყობს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას თავისუფალ ადგილებზე ლექტორების დასაქმება. კერძოდ, მათი იგნორირებით  უნივერსიტეტი თანხების შემდგომ აკუმულირებას ახდენს და არასათანადოდ იყენებს ამ თანხებს. სხვა პროფესორებს კი, სამჯერ ნაკლებ ფასად ამუშავებენ. ასე რომ, უნივერსიტეტი ეკონომიას აკეთებს ამ ლექტორების ხარჯზე. გარდა ამისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკურ თუ სხვადასხვა მიზეზთა გამო ლექტორების დათხოვნის არაერთი ფაქტი მომხდარა. ამის გამო რამდენიმე ლექტორმა პროკურატურასაც მიმართა, რათა დადგინდეს, რა მიზეზით განხორციელდა მათი დევნა.

გიორგი ყიფიანი უნივერსიტეტიდან მის ჩამოშორებას საკუთარ განსხვავებულ პოზიციას უკავშირებს. კერძოდ, უნივერსიტეტში იგი გამოხატავდა უთანხმოებას გარკვეული პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფლების პოზიციას ეწინააღმდეგებოდა.

„ჩემი კონკურენტი უნივერსიტეტში არსებული თავისუფალი ადგილებია, ფაქტობრივად, კონკურენტი არც მყავს ამ ადგილებზე. მით უმეტეს, კომისიის დასკვნაში წერია, რომ მე უფრო მაღალი მაჩვენებელი მაქვს, ვიდრე საჭიროა. ამიტომ ჩემს მიმართ ასეთი მიდგომა ცინიზმია. გარდა ამისა, მაქვს ბევრი პუბლიკაცია, კონფერენციებზე რამდენიმე პროექტის ხელმძღვანელი ვარ“.

ამდენად, გიორგი ყიფიანი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი ნაციონალების კურსს აგრძელებს. ამას ემატება ისიც, რომ ყოველწლიურად იცვლება უნივერსიტეტის წესდება, რეგულაციები. ეს კი იმიტომ ხდება, რომ შესაძლებელი  იყოს სუბიექტური და ტენდენციური გადაწყვეტილების გამოტანა.